21 წლის მაიკო ჩხეტიას უწევს დაცალოს დაქირავებული ბინა, რომელშიც ორ წელიწად-ნახევარი იცხოვრა - ის ვეღარ იხდის ქირის საფასურს, 350 ლარს. ნათესავის კუთვნილი მეორადების მაღაზია, სადაც მაიკო მცირე შემოსავალს იღებდა, მარტში დაიკეტა. კიდევ უფრო ადრე დაიკეტა ე.წ. საზღვარი აფხაზეთთან, რომლის გავლითაც გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მშობლები მაიკოს და მის პირველკურსელ დას პროდუქტებსა და ფულს უგზავნიდნენ.
“საჭმელიც რომ აღარ გვქონდა, მამიდაშვილმა შეგვიფარა. ახლა ნათესავების იმედად ვართ” - ამბობს ის.
სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სწავლის გადასახადს, 2 250 ლარს, საქართველოს სახელმწიფო უფინანსებს. საცხოვრებელ ხარჯებს სტუდენტები თავად ფარავენ.
აფხაზეთში შესვლა-გამოსვლა დე ფაქტო ხელისუფლებამ 27 თებერვალს აკრძალა. დღეს, ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეა 242 სტუდენტი ოკუპირებული რეგიონიდან - ისინი, ვინც ვერც სახლში წასვლა მოახერხა და ვერც ოჯახის დახმარებას იღებს. სახელმწიფომ მათ ერთჯერადი დახმარება გაუწია საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენის ნივთებით.
“აბსოლუტურად ყველანაირი ფინანსების გარეშე დავრჩით”, - ამბობს მესამეკურსელი ელენე გოგოხია. სოხუმის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი გლობალურ პანდემიამდე სასტუმროში მუშაობდა. სასტუმროს დახურვის შემდეგ, ელენემ და თავისმა დამ მარკეტში სცადეს მუშაობის დაწყება. შემდეგ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდა და დებმა მარკეტში მუშაობა შეწყვიტეს.
“გალში მამაჩემი მუშაობს მხოლოდ და მისი სამსახურიც დაიხურა. თანხის გამოგზავნის საშუალება იყო, მაგრამ მშობლები თვითონაც ვერ მუშაობდნენ”.
ელენე გოგოხია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმართა და მსგავსი ფინანსური პრობლემების პირისპირ დარჩენილი 100-მდე გალელი სტუდენტის კონტაქტებიც შეაგროვა და სხვადასხვა უწყებას მიაწოდა. ელენემ ერთი თვის ქირის ფულის გადახდა შეძლო, თუმცა არა სახელმწიფოს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების, ნაცნობებისა და მეგობრების დახმარებით.
“ახლა თანხა, დახმარებები, ყველაფერი ამოგვეწურა და არ ვიცით, ვის მივმართოთ, როგორ ვითხოვოთ დახმარება. იმედი გვაქვს, რომ ქირის ფულს მაინც გამოგვიყოფენ, საჭმელზე კიდევ რამეს ვიზამთ”, - ამბობს ის.
ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ელიკო ბენდელიანი ამბობს, რომ გალელი სტუდენტების დასახმარებლად დიდი თანხა არაა საჭირო.
“მათ აქვთ დაქირავებული დაბალფასიანი ბინები და ერთად ცხოვრობენ, ხშირ შემთხვევაში. ჩემი პირადი ხედვაა, გარკვეული სტიპენდიების დანიშვნა ამ სტუდენტებისთვის. თუნდაც მანამდე, სანამ ეს კრიზისული პერიოდი გაივლის. თვეში 200 ლარიანი სტიპენდიაც კი ამ ახალგაზრდებს პრობლემას გადაუწყვეტდა”, - ეუბნება ბენდელიანი რადიო თავისუფლებას და განაგრძობს: “ერთჯერადი დახმარებები, რასაც ინდივიდუალური პირები ან სამოქალაქო სექტორი იჩენს, მისასალმებელია, მაგრამ არასაკმარისი”.
გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აფხაზეთის მთავრობა დაეხმარა სოციალურად დაუცველ 31 სტუდენტს. ქირისგან გაათავისუფლეს სტუდენტურ საცხოვრებელში მცხოვრები 7 სტუდენტი.
დანარჩენი ასობით სტუდენტის ბინის ქირის საკითხზე კი, ნონა შონიას თქმით, “მიმდინარეობს მუშაობა”.