Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოკუპანტებო, წადით სახლში“


„ოკუპანტებო, წადით სახლში“ - ამ შინაარსის რუსულ და ინგლისურენოვანი სტიკერები გააკრეს წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ იმ ტურისტულ დაფებზე, სადაც რუსულ ენაზეცაა ინფორმაცია იმერეთის ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციამ აქცია-პერფორმანსით გააპროტესტა აგვისტოს ომი და მისი ათწლიანი შედეგები.

„ოკუპანტებო, წადით სახლში“
please wait

No media source currently available

0:00 0:03:03 0:00
გადმოწერა

აქტივისტების განცხადებით, რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეცვლილა, რუსეთი მტერია და აუცილებელია საქართველოს მოქალქეებს მუდმივად ახსოვდეთ, რომ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გია გოქაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“, ამბობს, რომ ტურისტულ დაფებზე ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ქართულად და საერთაშორისო ენაზე -ინგლისურად, რადგან რუსულენოვანი ინფორმაცია რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის შესაძლოა კეთილგანწყობად აღიქმებოდეს, მაშინ როცა აგვისტოს ომმა საქართველოს სავალალო შედეგები მოუტანა:

„საინფორმაციო დაფებზე, რომლებსაც ათიათასობით ტურისტი უყურებს, რუსული წარწერებია და ჩვენ ამ სტიკერებით გზავნილს ვაკეთებთ რუსი ტურისტების მისამართითაც და ვეუბნებით, რომ ეს ქვეყანა დაპყრობილია და უნდა წავიდნენ, დატოვონ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენ ყველას ვეუბნებით და ვანახვებთ, მათ შორის ჩევენს მეგობრებსაც, რომ რუსეთი ჩვენი მტერია“.

თორნიკე ბარათაშვილი, ერთ-ერთი დამფუძნებელი არასამათავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“, ამბობს, რომ აუცილებელია იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი და ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება რუსეთის, როგორც მტრისა და ოკუპანტის, მიმართ:

„სტიკერების წარწერის შინაარსი გულისხმობს, რომ საქართველო უნდა დატოვოს ნებისმიერმა შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა, იმ შეიარაღებელმა ადამიანებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დაზვერვისთვის იმყოფებიან, და ტურისტებმა, რომლებიც ოკუპაციას არ აღიარებენ. ჩვენი აზრით, საქართველო მათთვის არ უნდა იყოს კომფორტის ზონა, არსებობს ამ კუთხით ევროპული გამოცდილება და არ მგონია, რომ ევროპის ოკუპირებულ ქვეყნებში ყოფილიყო მსგავსი დამოკიდებულება, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია“.

აქცია-პერფორმანსის მონაწილე ვახტანგ სიხარულიძის განცხადებით, მისთვის რუსეთის აგრესიის დაგმობა და ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი ოჯახის წევრები 10 წლის წინ იძულებულნი გახდნენ ახალგორიდან წამოსულიყვნენ და წინაპრების საფლავების მონახულებასაც კი ვეღარ ახერხებენ. ვახტანგ სიხარულიძის შეფასებით, ტურისტულ დაფებზე გაკრული სტიკერები „ოკუპანტებო, წადით სახლში“ ქუთაისში ჩამოსულ ვიზიტორებს მიანიშნებს ოკუპანტისადმი მოსახლეობის განწყობაზე:

„მიანიშნებს, რომ ჩვენ გვახსოვს და არ ვართ შეგუებული ოკუპაციას. რუსულ ენაზე არ უნდა ველაპარაკოთ მათ, მათ არ უნდა ველაპარაკოთ იმ ენაზე, რომელზეც გასცემდნენ ბრძანებას ჩვენი ქვეყნის დაბომბვისთვის, ხალხის დასახვრეტად და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებიდან გამოდევნისთვის“.

წარმომადგენელები არასამთავრობო ორგანიზაციისა „ ევროპა ჩვენი სახლია“ აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ქუთაისის მერიას წერილობით მიმართავენ და მოითხოვენ საინფორმაციო ტურისტული დაფებიდან რუსულენოვანი ტექსტების ამოღებას.

XS
SM
MD
LG