რუმინეთის მიერ საბჭოეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ამ შემზარავი მოვლენის შეფასება სამოც წელზე მეტხანს ფაქტობრივად ტაბუდადებული რჩებოდა რუმინელთა კოლექტიურ მეხსიერებაში. დუმილი, რომელიც მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ოფიციალურმა ბუქარესტმა 2004 წელს აღიარა ჰოლოკოსტში ანტონესკუს მონაწილეობა, ბოლო წლებში გაბედულად დაარღვიეს რუმინული „ახალი ტალღის“ წარმომადგენელმა კინემატოგრაფისტებმა. მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოება კვლავაც არ არის მზად ამ საკითხზე დისკუსიის გასამართად.
„მისი უდიდებულესობა არ არის ისტორიკოსი. მისი უდიდებულესობა თავადაა ისტორია. ის ისტორიას ქმნის, მის შესახებ ლაპარაკის ნაცვლად... თქვენ მას ვერ აიძულებთ ისაუბროს ოდესაში მომხდარის შესახებ, გესმით?“
ბუქარესტი, 2010 წელი. ხაზის ერთ მხარესაა რუმინეთის ყოფილი მეფის, მიხაი პირველის პრესმდივანი, მეორე მხარეს - რეჟისორი-დოკუმენტალისტი, ფლორინ იეპანი, რომელმაც ორი წლით ადრე დაიწყო კინოპუბლიცისტური პროექტი „ოდესა“. დოკუმენტური ფილმი, რომელსაც იეპანი ხუთი წლის განმავლობაში იღებდა და ამონტაჟებდა, არ ისახავდა მიზნად ოდესაში 1941 წელს მომხდარი მოვლენების რეკონსტრუქციას - მოვლენების, რომლებიც ისედაც დეტალურადაა აღწერილი და დოკუმენტირებული. ისტორიკოსებს ბევრი აქვთ დაწერილი იმის შესახებ, რომ 1930-იანი წლების ბოლოსკენ რუმინეთის მიქაელ მთავარანგელოზის ლეგიონი - რომელსაც ხშირად რკინის მცველებად მოიხსენიებენ - პროპორციულად მესამე უდიდესი ფაშისტური მოძრაობა იყო ევროპაში. ეს ორგანიზაცია 1930-1941 წლებში მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა - ის მიზნად ისახავდა რუმინეთის „ქრისტიანულ და რასობრივ“ აღორძინებას და ეფუძნებოდა ანტისემიტიზმსა და მისტიკური ნაციონალიზმის განცდას.
თქვენ მას ვერ აიძულებთ ისაუბროს ოდესაში მომხდარის შესახებ, გესმით?
კინოპროექტ „ოდესის“ ფოკუსი ამ ისტორიას ნაკლებად ეხება - ამ ფილმს, უწინარესად, აინტერესებს ჩვენი დროების რუმინეთი, და მისი ოფიციალური პირებისა თუ საჯარო ინტელექტუალების მზაობა შეაფასონ მოვლენები, რომლებიც, რეჟისორის სიტყვებით, „ყველაზე ბნელი დღე იყო რუმინეთის ისტორიაში“.
გადაღებების პირველივე ეტაპიდან იეპანი მოუშორებელ პრობლემად იქცა „ქვეყანაში პატივცემული პირებისთვის“. ფილმის „ოდესა“ პირველ ნაწილში ჩანს, როგორ უსვამს ის რუმინეთის პოლიტიკური და კულტურული ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს პირდაპირ და ხისტ კითხვებს, და როგორი დიპლომატიური, თუ არცთუ დიპლომატიური გზებით ცდილობენ კითხვების ადრესატები თავი აარიდონ პასუხების გაცემას. ამის ხილვისას მაყურებელი ვერ იშორებს განცდას, რომ ოფიციალურ კაბინეტებში, თუ საკონფერენციო დარბაზებში დადგმულ შავ კომედიას უყურებს. მაგრამ ფილმი გრძელდება, და კომიკურობის ხარისხიც იკლებს. კულმინაციური კადრები 2011 წელს გადაიღეს - როცა ფილმის მხარდამჭერი ორგანიზაციის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიწვევით, ბუქარესტში ჩავიდა მიხაილ ზასლავსკი - ოდესის ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი, უკვე მოხუცებული კაცი.
ფილმის რეჟისორთან და ოპერატორთან ერთად ზასლავსკი დადის მაყურებლისთვის უკვე ნაცნობ ოფიციალურ, სამთავრობო სივრცეებში, რომელთა ბინადარნიც მას, როგორც ჭირს, ისე უფრთხიან. მას ზურგს აქცევს და ხელსაც კი არ ჩამოართმევს რუმინეთის ექსპრეზიდენტიც, ემილ კონსტანტინესკუც, რომელიც ბუტბუტებს, რომ „უკვე მოიხადა ბოდიში“. ექსპრეზიდენტს აქ, სავარაუდოდ, მხედველობაში აქვს შეტყობინება, რომელიც მან 1997 წელს გაუგზავნა რუმინეთის ებრაელთა თემების ასოციაციას, თუმცა ისიც ცხადია, რომ როგორც ზასლავსკისთვის, ისე მაყურებელთა უმრავლესობისთვის, ეს ამბავი გაუმხელელი რჩება. მსგავსი რეაქცია აქვთ სხვა ოფიციალურ პირებსაც.
„არავის უნდა თვალებში შეხედოს ამ მოხუც კაცს, არადა, ის არაფერს ითხოვს ქვეყნისგან, საიდანაც მისი ხალხის ჯალათები იყვნენ. ისტორიკოსები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები - ყველა ერთხმად იხდის ბოდიშს, რომ ძალიან დაკავებულია, ძალიან ბევრი საქმე აქვს. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ნუთუ არ გახევდები, როცა ისტორია მხარზე ხელს მოგითათუნებს და სიგარეტს, ან ჭიქა წყალს გთხოვს?“ - დაწერს „ოდესის“ რეცენზიაში რუმინელი ავტორი, საბინა მიხეიკე. მისმა ორმა კოლეგამ ფილმს „წინააღმდეგობრივი“ უწოდა, თუმცა მკითხველს დიდად არ აუხსნა, მაინც რის გამო ჩაითვალა ის ასეთად.
არავის უნდა თვალებში შეხედოს ამ მოხუც კაცს...
„ოდესა“, რომელიც რუმინეთის, გერმანიის და უკრაინის ერთობლივი ფილმია, სრული სახით პირველად 2013 წელს აჩვენეს ბუქარესტის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე One World Romania. ამას მოჰყვა პრემიერა გერმანიაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხზე. 2014 წელს ოდესაშიც შედგა ჩვენება, საერთაშორისო კინოფესტივალზე.
რიგი მიზეზების გამო, უცხოელი მაყურებელი უკეთ იცნობს ამავე თემაზე შექმნილ სხვა ფილმს - რადუ ჟუდეს შავ კომედიას სათაურით „ფეხებზე მკიდია თუკი ისტორიაში ბარბაროსებად შევალთ“ (ეს სიტყვები, ზეპირი გადმოცემის თანახმად, ანტონესკუმ წარმოთქვა მას შემდეგ, რაც 22 ოქტომბრის მკვლელობების ბრძანება გასცა). „ოდესის“ მსგავსად, „ბარბაროსებიც“ თანამედროვე რუმინეთზეა - მის საზოგადოებაში მოქმედ ორმაგ მორალურ სტანდარტებზე, ისტორიული ფაქტების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებაზე, ფსიქოლოგიური დისკომფორტის წინაშე შიშზე, ფარისევლობაზე და თანაგრძნობის არქონაზე.
და მაინც, რა როლი ითამაშა ოდესის ჰოლოკოსტის შესახებ შექმნილმა ამ ორმა ფილმმა რუმინეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში? რამდენად მიეცა მათით ბიძგი საჯარო დისკუსიის დაწყებას, თუ ეს სურათები სამოქალაქო გმირობის მკაფიო, მაგრამ მაინც ცალკეულ მაგალითებად დარჩა? ამ და სხვა მწვავე და მტკივნეულ საკითხებზე ფილმ „ოდესის“ რეჟისორი, ფლორინ იეპანი ახლახან რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს ესაუბრა.
კითხვას, მაინც რატომ მოხდა ისე, რომ რუმინეთის საზოგადოებას ოდესის შემზარავი ამბავი პირველებმა ისტორიკოსებმა და პუბლიცისტებმა კი არა, კინემატოგრაფისტებმა შეახსენეს, რეჟისორი ასე პასუხობს: „დიდხანს შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რატომ გვაქვს ჩვენ, კინემატოგრაფისტებს, ისტორიის ცოტა სხვაგვარი განცდა, და რით განსხვავდება ის მიღებული, თუ დამკვიდრებული აღქმებისგან. მაგრამ, ალბათ, ღირს რაკურსიც შევცვალოთ და ვიკითხოთ - ჩვენი ისტორიკოსები და პუბლიცისტები რატომ დუმდნენ ამდენ ხანს ოდესის შესახებ? ისინი ხომ ამ თემაზე ახლაც არ ლაპარაკობენ ბევრს. ცენზურის გაქრობა ამ შემთხვევას დიდად არ წაადგა, უფრო პირიქით. რევოლუციის შემდეგ ყველაფერი, რასაც კავშირი კომუნიზმთან ჰქონდა, უეცრად არალეგიტიმურად და დაგმობის ღირსად იქნა ცნობილი - ამ მხრივ ჩვენ ბევრი არაფერი განგვასხვავებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისგან. მაგრამ ჩვენი თავისებურება ისაა, რომ რუმინელები, რომლებსაც პასუხისმგებლობა აწევთ ომის არანაკლებ მძიმე დანაშაულებზე ვიდრე გერმანელებს ნიურნბერგში, ამ პერიოდში უკვე აღარ ფიგურირებდნენ. ისინი ხომ კომუნისტურ რუმინეთში უკვე გაასამართლეს“.
რეჟისორს აქ მხედველობაში აქვს 668 გამამტყუნებელი განაჩენი, რომლებიც კომუნისტური მმართველობის დროს გამოიტანეს „და 1990-იანი წლების დასაწყისშივე გაისმა ხმები, რომლებიც ამ განაჩენების გადასინჯვის მოწოდებითაც კი გამოდიოდნენ - რომ აღარაფერი ვთქვათ ყოფილი ლეგიონერების, რუმინული ფაშიზმის ინტელექტუალების და იდეოლოგების და სხვების საქმეებზე“, - დასძენს რეჟისორი ფილიპ იეპანი. - „1991 წელს ჩვენი პარლამენტარები არაფერმა დააბრკოლა საიმისოდ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ დიქტატორი ანტონესკუს ხსოვნისთვის, რამაც დასავლეთში შოკი გამოიწვია“. რეჟისორი იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ მას შემდეგ ვითარება შეიცვალა, და ანტონესკუსთვის ხოტბის შესხმაზე უკვე ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს რუმინეთის დღევანდელ საზოგადოებაში. მაგრამ უფროსი თაობის კონსერვატორებში კვლავაც არიან ის პირები, რომლებიც 1990-იან წლებში ფაშისტების რეაბილიტაციის მოწოდებებით გამოდიოდნენ.
არადა, იეპანის თქმით, რუმინეთის საზოგადოებაში არ არსებობს პოლიტიკური წინაღობა, ან ტაბუ, რომელიც შეუძლებელს გახდიდა ოდესის მოვლენებზე გულწრფელ დისკუსიას. „მაგრამ ფსიქოლოგიური ბარიერი არ გამქრალა. დროდადრო ფიქრობ, რომ ოდესა, უბრალოდ, არავის აინტერესებს - და თავს ისევე მარტოსულად გრძნობ, როგორც ათი წლის წინ. მაგრამ, საღი აზრი გკარნახობს, რომ ეს უგულებელყოფა დღეს ფსიქოლოგიური თავდაცვის ფორმაა. ერთადერთი ის მაფიქრებს, რომ ჩვენთან სირცხვილის ამ სრულიად გასაგებ განცდას შესაძლოა გარკვეული თვალთმაქცობა ახლდეს თან. და, ამასთან, საზოგადოებაში იყოს სურვილი ყველაზე მტკივნეული ამბები არა მხოლოდ შერბილდეს, არამედ ეს თემები, რამდენადაც შესაძლებელია, საერთოდ დავივიწყოთ“.