Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცოცავი ოკუპაცია ღოღეთში გაგრძელდა


ტახტისძირისა და დირბის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღოღეთსა და თამარაშენშიც გამოჩნდნენ. სოფლების მიმდებარე მინდვრებში, საოკუპაციო ბანერებთან, მათ ახალი ხის ძელები ჩასვეს.

ბოლო ორი კვირაა, ოკუპაციის ხაზთან ე. წ. მესაზღვრეები ერთი და იმავე ტაქტიკით მოქმედებენ. ისინი ბანერებიდან დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეში ხის ძელებს ამონტაჟებენ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ტახტისძირსა და დირბში ეს ძელები წითლადაა შეღებილი, ხოლო ღოღეთსა და თამარაშენში ყვითლად. ძელები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა შემოწეული და მცოცავი ოკუპაციის კიდევ ერთ ტალღას წარმოადგენს მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ე. წ. სადემარკაციო კომისიამ მუშაობა განაახლა. ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას აკვირდებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და ადგილიდან ავრცელებენ ფოტო და ვიდეო მასალას. ღოღეთში ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ჩავიდა. ზაზა გულიაშვილი ახალდამონტაჟებული ხის ძელებისგან მოშორებით დადგა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალების გააქტიურებას ვერ ხედავს.

იმას, რასაც ქარელის მერი ვერ ხედავს, ხედავს ადგილობრივი მოსახლეობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც, რამდენიმე დღეა, ქარელის სოფლებში მიმდინარე ბორდერიზაციის შესახებ განცხადებებს ავრცელებს. სუსი იუწყება, რომ შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

მათივე ინფორმაციით, ბოძები სოფელ ღოღეთთან 24 აპრილს დადგეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ქარელის მერის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ აღაშფოთა. მისი თქმით, ოკუპაციის მიმართ საქართველოს ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულება ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით მიწის ფართობებს აკარგვინებს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ღოღეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოჩნდნენ, მაგრამ ინტენსიური სამუშაოები 2013 წლის ნოემბერში დაიწყეს, რა დროსაც სოფლის სახნავ-სათეს ფართობებში ე. წ. საზღვრის აღმიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს და ადგილობრივ მოსახლეობას მასთან მიახლოება აუკრძალეს. 7 წლის წინ ღოღეთელებმა მცოცავი ოკუპაციის შედეგად 30 ჰექტარზე მეტი მიწა დაკარგეს.

დღეს საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავდნენ. დოკუმენტი თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა.

ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მთავარ გამოწვევად და საფრთხედ რჩება რუსული ოკუპაცია:

„ოფიციალური მოსკოვი განაგრძობდა ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას და ხელს უწყობდა საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის გაუცხოებისკენ მიმართულ პროცესს. ადგილზე აქტიურად მიმდინარეობდა მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე კი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა და მათი მდგომარეობა გაუარესდა“.

სუსის მონაცემებით, 2020 წელს რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქის მე-4 და მე-7 ბაზების ქვედანაყოფებმა 120-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს.

ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო დაკავების 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 შემთხვევა.

2020 წელს გრძელდებოდა ე. წ. ბორდერიზაციაც. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 16 ასეთი შემთხვევა იყო, ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 60.

ანგარიშში მოყვანილია საქართველოს მოქალაქეებისთვის - მათ შორის ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუასთვის - უკანონო პატიმრობის მისჯის ფაქტები.

27 აპრილს ერგნეთში გაიმართება „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბორდერიზაციის ახალ შემთხვევებს გააპროტესტებენ და ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG