Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი: უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ისევ ცდილობდნენ საქართველოს საგარეო კურსზე ზემოქმედებას


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში რუსულ ოკუპაციასთან ერთად მთავარ გამოწვევადაა დასახელებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აქტიურობა. დოკუმენტის გასაჯაროებულ ნაწილში კონკრეტული ქვეყნები დასახელებული არ არის.

ანგარიში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა.

სუს-ის თანახმად, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების და ორგანიზაციების ძირითადი მიზნები იყო პოლიტიკური, სამხედრო, სოციალურ-ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტების მოპოვება, მათი დაზვერვითი საქმიანობის და შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისგან დასაცავად კი, მიღებული იყო შესაბამისი კონტრზომები.

ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ მიერ მართული თუ დაფინანსებული აქტივობებისა და კამპანიების მეშვეობით, ცდილობდნენ შიდაპოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირდაპირ ან ირიბ ჩარევას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას, არეულობის შექმნას და სახელმწიფო სისტემების ფუნქციონირების შეფერხებას.

სუს-ის თანახმად, დაფიქსირდა მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენისა და არეულობის შექმნის მცდელობები, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების და მოსახლეობის დაყოფისა და პოლარიზებისკენ მიმართული ქმედებებით.

სუს-ის ინფორმაციით, 2020 წელს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში - 5 საქმეზე. 16 პირის მიმართ სასამართლოში წარიმართა 6 საქმე, გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა 7 პირის მიმართ, დანარჩენების სასამართლო პროცესი კი, გრძელდება.

ანგარიშის თანახმად, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების და მათი გავლენის ქვეშ მყოფი პირების და ჯგუფების საქმიანობაში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საქართველოს ევროატლანტიკურ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე ზემოქმედების მცდელობას და ისინი დეზინფორმაციით და პროპაგანდით განაგრძობდნენ მოსახლეობაში საქართველოს დასავლელი პარტნიორებისადმი უნდობლობის გაღვივებას და დემოკრატიული ღირებულებებისა და სისტემების დაკნინებას.

სუს-ის ანგარიშის საჯარო ნაწილის მოსმენის შემდეგ, საკომიტეტო მოსმენა დახურული რეჟიმით გაგრძელდა. მიზეზად დასახელდა დეპუტატების შეკითხვებსა და პასუხებთან დაკავშირებული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG