Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის ანგარიშით, საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ რუსული ოკუპაცია რჩება


საქართველოს პარლამენტში განიხილავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს. დოკუმენტი თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა.

ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მთავარ გამოწვევად და საფრთხედ რჩება რუსული ოკუპაცია:

„ოფიციალური მოსკოვი განაგრძობდა ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას და ხელს უწყობდა საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის გაუცხოებისკენ მიმართულ პროცესს. ადგილზე აქტიურად მიმდინარეობდა მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები.
ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე კი, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა და მათი მდგომარეობა გაუარესდა“.


სუს-ის მონაცემებით, 2020 წელს, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-4 და მე-7 ბაზების ქვედანაყოფებმა ჩაატარეს 120-ზე მეტი სწავლება.

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო დაკავების 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 შემთხვევა.

2020 წელს გრძელდებოდა ე.წ. ბორდერიზაციაც. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 16 ასეთი შემთხვევა იყო, ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 60.

ანგარიშში მოყვანილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუასთვის უკანონო პატიმრობის მისჯის ფაქტები.

სუს-ის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში 2020 წლის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქციებზე, რუსეთთან დე ფაქტო მთავრობების კონტაქტებზე, პანდემიის პირობებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე, „ხელფასის“ და „პენსიის“ გაცემის პრობლემებზე და ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის უარყოფით შედეგებზე.

სუს-ის ანგარიშის საჯარო ნაწილის მოსმენის შემდეგ, საკომიტეტო მოსმენა დახურული რეჟიმით გაგრძელდა. მიზეზად დასახელდა დეპუტატების შეკითხვებსა და პასუხებთან დაკავშირებული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG