მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაასახელეს 12 ივლისს, 10 საათზე. ამის შესახებ მან განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე. დღეს საღამოს მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრაში, სადაც განიხილება მთავრობის ახალი შემადგენლობის საკითხი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრთა 11 კაციან კაბინეტს სამი ახალი წევრი ეყოლება. ესენი არიან გიორგი ქობულია - ეკონომიკის მინისტრი, ივანე მაჭავარიანი - ფინანსთა მინისტრი და მიხეილ ბატიაშვილი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები 5 ივლისს დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, 14-დან 11-მდე მცირდება სამინისტროების რაოდენობა. ამ გადაწყვეტილებას მთავრობა მცირე მთავრობს კონცეფციით ხსნის და შედეგად მოქნილ და ეფექტურ სახელმწიფო უწყებებს აანონსებს. 10 მინისტრთა და 1 სახელმწიფო მინისტრით დაკომპლექტებული „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ასამოქმედებლად საქართველოს კანონმდებლობაში 120-მდე ცვლილება შედის. საქართველოს მთავრობა პირველი ეტაპის მთავარ მიზნებად ასახელებს ისევ მეტი მოქნილობის უზრუნველყოფას, მეტ ოპერატიულობასა და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვას.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი 15 ივლისს განიხილავს.
ახალი მთავრობის დაკომპლექტების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 13 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოსტი დატოვა. დროებითი მთავრობა საქართველოს პარლამენტმა 20 ივნისს დაამტკიცა. სამკვირიანმა მთავრობამ ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის (ყოფილი ფინანსთა მინისტრის) მეთაურობით, სამი კვირის განმავლობაში იმუშავა. 20 ივნისს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას ის სამი კვირის თავზე წარუდგენდა. მისი პირობის ვადა სწორედ 11 ივლისს ამოიწურა.
„მცირე მთავრობის“ სავარაუდო ახალი სახელები
გიორგი ქობულია - ეკონომიკის მინისტრი
გიორგი ქობულია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კარდიოლოგიის ფაკულტეტისა და ამერიკის ემორის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ბიზნესის ადმინისტრაციის მაგისტრატურის (MBA) კურსდამთავრებულია. 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ (McKinsey) გუნდის წევრია. ის დღეს კომპანიის უფროსი პარტნიორია და მოსკოვის ოფისიდან საერთაშორისო მასშტაბით უწევს კონსულტაციებს სხვადასხვა კომპანიის მენეჯმენტს - ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიული სექტორის და ასევე წიაღისეულის მომპოვებელ-გადამმუშავებელ კომპანიებს. კონსულტაციების მიმართულებები მოიცავს ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას, სტრატეგიის შემუშავებას, შესყიდვების მწყობრი სისტემის დანერგვას და მრავალ სხვა მიმართულებას. ჰყავს ორი შვილი.
მიხეილ ბატიაშვილი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მანამდე მიხეილ ბატიაშვილი იყო ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი. 90-იან წლებში მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიაში, იყო გადაცემა „ალიონის“ წამყვანი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს მიხეილ ბატიაშვილი გახდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი
ივანე მაჭავარიანი - ფინანსთა მინისტრი
1997 წლიდან მუშაობდა კომპანია „ჯეოსელში“. 2006 წლიდან იყო კომპანიის აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდის წევრი. 2012-2015 წლებში იკავებდა კომერციული დირექტორის პოზიციას და პასუხისმგებელი იყო მარკეტინგის, გაყიდვებისა და აბონენტებთან ურთიერთობის მიმართულებებზე. ივანე მაჭავარიანს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ახალი მთავრობის სავარაუდო შემადგენლობა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცირე მთავრობის შემადგენლობა ასე გამოიყურება
გიორგი გახარია - საქართველოს ვიცე-პრემიერი - შინაგან საქმეთა მინისტრი.
ლევან იზორია - საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
დავით ზალკალიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ივანე მაჭავარიანი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ის შეცვლის ნიკოლოზ გაგუას.
დავით სერგეენკო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
მაია ცქიტიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
გიორგი ქობულია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ის შეცვლის გიორგი ჩერქეზიშვილს.
მიხეილ ბატიაშვილი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ის შეცვლის მიხეილ ჩხენკელსა და მიხეილ გიორგაძეს.
ლევან დავითაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ქეთევან ციხელაშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.