21 წლის გივი ბერუაშვილი სოფელ დიცის მიმდებარე მინდვრებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 მარტს დააკავეს. ჯერ ოკუპირებული ერედვის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, იქიდან დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს.
გივი ბერუაშვილი მშობლებთან ერთად დიცში პაპა-ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა. ვახშმის შემდეგ გარეთ გავიდა და იმ ნაკვეთისკენ წავიდა, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. ნასვამმა ბერუაშვილმა ის თქვა, რომ მშობლიური სოფლის, ერედვის, დანახვა უნდოდა. უკან მამაც გაჰყვა და შვილის მობრუნება სცადა, მაგრამ უკვე გვიან იყო. მამამ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ დააკავეს რუსეთის მესაზღვრეებმა გივი ბერუაშვილი.
აღნიშნულ მონაკვეთზე მავთულხლართები არ არის, მაგრამ ბანერებია, ამკრძალავი ნიშნები, სადაც აწერია, რომ ვითომ საზღვარია და იმის იქით თუ ვინმე მოხვდება, შეიძლება ხელი მოჰკიდონ და წაიყვანონ. ჩემი ბაღიც ეგრევე ზედ ემიჯნება იმ ბანერს და რომ დავინახავ, მოდიან, ვერიდები ხოლმე...ილია ბერუაშვილი
„ნაკვეთები გვაქვს ზემოთ და წავიდა ნასვამ მდგომარეობაში, რომ გადავხედავ სოფელსო. უჩვენოდ წავიდა, ვერ დავინახეთ. იქ მავთულხლართი არ არის, მხოლოდ მინდორი არის და ეგონა, მავთულხლართამდე მივალო. მავთულხლართი რომ არ დახვდა, რაც საოკუპაციო ხაზის ნიშანია, გადაკვეთა ის ადგილი და იქვე დააკავეს“, - ამბობს დაკავებულის მამა, კახა ბერუაშვილი.
ბერუაშვილები წარმოშობით სოფელ ერედვიდან არიან. ეს ქართული სოფელი ამჟამად ოკუპირებულია. სახლების დიდი ნაწილი გადამწვარი და დანგრეულია. 10 წლის წინ ეს ოჯახი სოფლიდან ბომბებსა და ომს გამოექცა. მაშინ გივი ბერუაშვილი 11 წლის იყო. იძულებით გადაადგილებული ოჯახი მას შემდეგ კოდას დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. გივი ბერუაშვილი ერედვის მეზობელ სოფელ დიცში ხშირად ჩადიოდა და სოფლის მინდვრებიდან განადგურებულ ერედვს მაინც გადახედავდა ხოლმე. დიცსა და ერედვს შორის არსებული მინდვრების ნაწილში რუსების მიერ დამონტაჟებულია მწვანე ფერის ღობე, ხოლო მიწის ფართობების ნაწილში მხოლოდ ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დგას. დიცის მცხოვრებთა აზრით, ახალგაზრდა კაცი ისე აღმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ თავადაც ვერ გააცნობიერა.
ილია ბერუაშვილსაც მიწის ნაკვეთი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან აქვს და იქ ყოველწლიურად ყანას თესავს. ეს ნაკვეთი ეგრეთ წოდებულ ორ სასაზღვრო ბანერს შორისაა მოქცეული. ილია იქ ხშირად მალვით გადადის, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა არ შენიშნონ.
„აღნიშნულ მონაკვეთზე მავთულხლართები არ არის, მაგრამ ბანერებია, ამკრძალავი ნიშნები, სადაც აწერია, რომ ვითომ საზღვარია და იმის იქით თუ ვინმე მოხვდება, შეიძლება ხელი მოჰკიდონ და წაიყვანონ. ჩემი ბაღიც ეგრევე ზედ ემიჯნება იმ ბანერს და რომ დავინახავ, მოდიან (საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები), ვერიდები ხოლმე“,- აცხადებს ილია ბერუაშვილი.
გივი ბერუაშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები ახლა დიცში იმყოფებიან და იქ ელოდებიან ცხინვალიდან პასუხს. დაკავებულის მამამ, კახა ბერუაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ცხინვალელი ნათესავების ცნობით, სასამართლო პროცესი დღეს საღამომდე გაიმართება და მას ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. გივი ბერუაშვილის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს საქართველოს მოქალაქის დაკავების უკვე მესამე შემთხვევაა. გასულ კვირას სოფელ ზადიაანთკარის სიახლოვეს რუსეთის მესაზღვრეებმა ორი საქართველოს მოქალაქე ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. 22 მარტს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტებსაც განიხილავენ.