მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი უქმობისას მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში ყველა წონით კატეგორიაში ჩამოწერა საუკეთესოები.
რეიტინგსიაში ქართველი სპორტსმენებიც მრავლად არიან, საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი კი, სულაც, პირველ ადგილს იკავებს თავის წონით კატეგორიაში. ოთხივე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. პრესტიჟული ტიტული 2019 წლის შემოდგომაზე მოიპოვეს ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 130 კილოგრამი წონითი კატეგორიის რეიტინგს სათავეში უდგას გენო პეტრიაშვილი. მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონ ქართველ მძიმეწონოსანს 80 ქულა აქვს და 40 ქულით უსწრებს უმთავრეს კონკურენტს - თურქ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აკგულს.
ასევე თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ) 78 ქულით ლიდერობს. მის უახლოეს მდევარს კი, ინდოელ ავარეს, 41 ქულა აქვს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია უმსუბუქესი წონის - 55 კილოგრამის - პირველი ნომერია, 74 ქულით და 22 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ყაზახ ზაკანშას, რომელსაც შარშან, შემოდგომაზე, ნურ-სულთანში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მოუგო.
ლაშა გობაძე ბერძენ-რომაელთა 82 კილოგრამ წონით კატეგორიაშია საუკეთესო. მის ანგარიშზე 60 ქულაა. ამდენივე აქვს აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვსაც, მაგრამ, დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ უპირატესობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მიანიჭა.
მსოფლიოს რეიტინგის ქართველი ლიდერები და საქართველოს ნაკრების სხვა წევრები, უკვე რამდენიმე კვირაა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან და სახლის პირობებში ინდივიდუალურად ვარჯიშობენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, გაუქმებული და გადადებულია ყველა რანგის შეჯიბრება და შეჩერებულია საწვრთნელი პროცესი. მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა საგანგებო ვიდეო, რომელშიც თანამედროვე ჭიდაობის ვარსკვლავები გულშემატკივრებს მოუწოდებენ დარჩნენ სახლებში და მაქსიმალურად დაიცვან ვირუსთან ბრძოლის წესები.
კორონავირუსის პანდემია რომ არა, მოჭიდავეებს ახლა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურების უმრავლესობა უკვე დანაწილებული ექნებოდათ და ერთადერთი სალიცენზიო ტურნირი დარჩებოდათ. გაურკვეველი ვადით გადაიდო კონტინენტური და მსოფლიოს შესარჩევი შეჯიბრებები, თუმცა ეს უკვე საგანგაშო აღარაა, რადგან COVID-19-მა ტოკიო-2020-იც გადადო 2021 წლის ზაფხულამდე.
სამი სალიცენზიო ტურნირიდან მხოლოდ ერთია ჩატარებული და საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა შეასრულა ოლიმპიური ნორმატივი: თავისუფალ ჭიდაობაში ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ), ბერძნულ-რომაულში - გიორგი მელიამ (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ). თითოეულ საჭიდაო სტილში ექვს-ექვს წონაში გათამაშდება ტოკიოს საგზურები და ქართული დელეგაცია მომავალ წელს იაპონიაში, საუკეთესო შემთხვევაში, თორმეტი მოჭიდავით გაემგზავრება.