ავტორი: გორდანა კნეზევიჩი. 2017 წელი
ბრალდებები ძალიან მოულოდნელი იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა გასულ კვირაში გამოვიდა დრამატული განცხადებით, რომ მონტენეგრო „ანტირუსულ ისტერიას“ აღვივებს და „მიუღებლად ეპყრობა რუსებს, რომლებსაც შესაძლოა პროვოკაციები და დაკავებები დაემუქროს“ ბალკანეთის სამხრეთში მდებარე ამ სახელმწიფოში მოგზაურობისას.
ბრალდებას მყისიერად გამოეხმაურა მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრო - მიუთითა, რომ რუსი ბიზნესმენების ან ტურისტების შევიწროების შესახებ საქმეები არ არსებობს და არც ცნობებია იმის თაობაზე, რომ მათ ადგილობრივი ხალხი მტრულად ეპყრობა.
„ამდენად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაცია და მედიის იმ ომის გაგრძელება, რომელსაც მოსკოვი აწარმოებს მონტენეგროს წინააღმდეგ, მისი ნატოში გაწევრიანების დაბლოკვის მიზნით“, - განაცხადა სამინისტრომ.
ტვიტერზე გავრცელდა ჰეშტეგი „მე ვიყავი მონტენეგროში“ (#ябылвчерногории), რასაც ქვეყნის ყველაზე ლამაზი ადგილების ფოტოები და ვიდეოებიც მოჰყვა.
ოფიციალური მოსკოვის მიერ რუსების გაფრთხილებამდე რუსეთის სახელმწიფო მედიაში მონტენეგროს ახასიათებდნენ, როგორც „დანაშაულის, დანაღმული ადგილებისა და ბინძური სანაპიროების“ ქვეყანას.
ეს ინტონაციის თვისებრივი ცვლილება იყო იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა უპრობლემო ადგილად ტურიზმისთვის. ამიტომ ბევრს გაუჩნდა ვარაუდი, რომ მონტენეგროს მოულოდნელი და მწვავე კრიტიკა მის ნატოში გაწევრიანების სურვილს უკავშირდება.
მომავალ გაზაფხულს მონტენეგრო მართლაც გეგმავს ნატოს 29-ე წევრად გადაქცევას, რითიც დასრულდება გაწევრიანების ხანგრძლივი და ხშირად რთული პროცესი. პოდგორიცაში მოქმედ ხელისუფლებას უწევდა გამკლავება ნატოში გაწევრიანების ოპონენტთა მწვავე რიტორიკასთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, ასევე გადატრიალების სავარაუდო მცდელობასთან, რომელიც, ბევრის აზრით, მიზნად ისახავდამონტენეგროს პოლიტიკური სივრცის შეცვლას და მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისგან ჩამოშორებას.
ბუნდოვანი საქმე
ამ ბუნდოვანი საქმის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება. საქმეში ეჭვმიტანილთა სტატუსით მონაწილეობენ მონტენეგროს, სერბიისა და რუსეთის მოქალაქეები.
რუსეთის მოქალაქეების მათი მთავრობის მიერ გაფრთხილებას დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან მონტენეგროში ტურისტული სეზონია მოახლოებული. ამ ქვეყნისთვის ტურიზმი შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა და, როგორც ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრანკო ლუკოვაჩმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთის მოქალაქეებს შორის მონტენეგროში დასვენების ინტერესი და სურვილი მაღალი რჩება, მათ ქვეყანაში წარმოებული მედიაკამპანიის მიუხედავად.
რადიო თავისუფლება რუსეთში გამომავალი ყოველდღიური გამოცემა „კომერსანტის“ პოდგორიცის კორესპონდენტს, გენადი სისოევსაც, დაუკავშირდა და მონტენეგროში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე დაუსვა კითხვები. ჟურნალისტი ამბობს, რომ პრობლემების შესახებ არ სმენია.
„რუსეთის რომელიმე მოქალაქეს მონტენეგროში უსიამოვნება თუ შეემთხვა, ეს ფაქტი მაშინვე აუცილებლად გახმაურდებოდა, სულ მცირე ადგილობრივი მედიასაშუალებებით“, - ამბობს სისოევი.
კითხვები და დაბნეულობა
სისოევის თქმით, მონტენეგროს რუსი მოყვარულები ზახაროვას განცხადებას დაბნეულობით და კითხვებით გამოეხმაურნენ სოციალურ მედიაში. „ასობით პირმა ეს, უბრალოდ, ვერ დაიჯერა. ხალხს, რომელიც მონტენეგროში ვიზიტით იყო ნამყოფი, არანაირი მსგავსი უსიამოვნება არ ჰქონდა განცდილი“.
ტვიტერზე გავრცელდა ჰეშტეგი „მე ვიყავი მონტენეგროში“ (#ябылвчерногории), რასაც ქვეყნის ყველაზე ლამაზი ადგილების ფოტოები და ვიდეოებიც მოჰყვა.
ამჟამად ტურისტული სააგენტოები დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეების შვებულებების დაგეგმვით. რუსები, ტრადიციულად, ზაფხულის პერიოდში მონტენეგროში დამსვენებელთა დაახლოებით მესამედს შეადგენენ ხოლმე.
მონტენეგროს ტურიზმის ინდუსტრიის სპეციალისტი ზარკო რადულოვიჩი ვარაუდობს,რომ ეს სეზონი ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო მას შემდეგ, რაც მან 11 წლის წინ სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა - გარკვეულწილად, რუსი კლიენტების მეშვეობით.
„თუკი მათ ამას არ აუკრძალავენ, რუსები მონტენეგროში დაბრუნდებიან. შვებულების საფასურს ისინი იხდიან და, შესაბამისად, თავად ისინი და არა მათი მთავრობა ირჩევს მათ დასასვენებელ ადგილს. ბევრი მათგანი მონტენეგროს აირჩევს. ... მათ დასვენების ფულს პუტინი არ უხდის და, შესაბამისად, ის ვერ გადაწყვეტს, როგორ და სად გაატარებენ მოქალაქეები თავიანთ შვებულებებს“, - ამბობს ის.
რადულოვიჩი მენეჯერია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმროსი მონტენეგროს ადრიატიკის სანაპიროზე. ის ვითარებას ოპტიმისტურად უყურებს - ამბობს, რომ რუსეთში დაწყებული ნეგატიური კამპანია ვერ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას, რადგან მონტენეგროში ბევრი რუსი ცხოვრობს და ისინი თავიანთ თანამოქალაქეებს რეალურ სურათს აღუწერენ.
„მონტენეგროში ყველას სიხარულით ვუმასპინძლებთ“, - ამბობს ის. „ნატოსაც და რუს ტურისტებსაც“.