Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეები არამოსამართლეების წინააღმდეგ


თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 23 ივნისს გაიმართა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე დისკუსია პრაქტიკულად დასრულებულად ითვლება, თუმცა ღია და სადავო დარჩა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ მომზადებული პროექტი, რომლის თანახმადაც, სადისციპლინო რეგულაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფისთვის წარდგენილი ამ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრზე უნდა დაწესდეს ერთიანი ვალდებულებები და, დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლოა დადგეს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის საბჭოს ყველა წევრზე გავრცელების მცდელობა იმ არამოსამართლე წევრების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ საბჭოს.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის 23 ივნისის შეხვედრაზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დისციპლინური პასუხიმგებლობის საკითხზე არ უმსჯელიათ. საკანონმდებლო ინიციატივაში კი, რომელიც ინფორმაციის სახით დაურიგდათ მონაწილეებს, ვკითხულობთ: „ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უფლებრივად აბსოლუტურად თანასწორნი არიან, აუცილებელია მათ დაეკისროთ თანაბარი ვალდებულებანიც“, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმასაც, რომ „საბჭოს წევრმა უნდა იზრუნოს სასამართლოსა და საბჭოს, როგორც ინსტიტუტების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის დაცვაზე, სასამართლოსა და საბჭოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება-განმტკიცებაზე და, იმავდროულად, საბჭოს წევრებს შეეზღუდებათ აშკარა უხამსობისა და ცილისწამების ტირაჟირების შესაძლებლობა“. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა მოგვიანებით მედიასთანაც დააზუსტა, რომ საბჭოს არამოსამართლე და მოსამართლე წევრების თანასწორობა ყველა დონეზე უნდა იყოს დაცული.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის შესწორებების კანონპროექტი საბოლოო სახეს, წინასწარი ინფორმაციით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო სხდომაზე, 2-3 კვირაში, მიიღებს. მომავალ შეხვედრაზე არსებითად განიხილება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე გავრცელების ინიციატივაც.

XS
SM
MD
LG