Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მინდა ვენდო სასამართლოს” - კამპანია კლანური მმართველობის დასაძლევად


კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ იწყებს კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს“. კამპანიის მიზანია იმ სისტემური პრობლემების წარმოჩენა, რომელთა წინაშეც დღეს მართლმსაჯულება დგას. კოალიციის წევრი 38 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ბოლო წლებში სასამართლოში გატარებულმა რეფორმებმა ვერ გამოიღო შედეგი და დღემდე მართლმსაჯულება ხორციელდება მიკერძოებული მოსამართლეების მიერ, რომელთა კეთილსინდისიერება და კომპეტენცია ეჭვს იწვევს.

„მინდა ვენდო სასამრთლოს“ - ამ სახელწოდების კამპანიის დაწყებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას უბიძგა უკანასკნელ ხანებში მიმდინარე პროცესებმა. კოალიციაში შემავალი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის თითოეულ ეტაპზე რჩება განცდა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გავლენიანი ჯგუფის მიმართ კანდიდატების ლოიალობასა და სავარაუდო ნეპოტიზმს ეფუძნება. კოალიციის წევრები მოითხოვენ ხელისუფლებამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე: სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან, პროკურატურა დაინტერესდეს და სრულფასოვნად გამოიძიოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო დანაშაულის შემთხვევა.

სასამართლოს მიმართ ნდობა ვერ იქნება მაღალი, თუ ჩვენ გვექნება გაუმართავი კანონები, თუკი სასამართლოში გვექნება კლანური მმართველობა და სასამართლოში გვექნება გაუმჭვირვალე პროცესები...
ეკა გიგაური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის, განცხადებით, კამპანია მიზნად ისახავს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების წარმოჩენას. მისი სიტყვებით, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს, ვინაიდან არის რამდენიმე მოსამართლე, რომელთა ხელშიცაა მთლიანად სასამართლო სისტემა მოქცეული და მათ შეუძლიათ დანიშნონ და გაათავისუფლონ მოსამართლეები. ეკა გიგაურის თქმით, კამპანიის მთავარი მიზანია კლანური მმართველობისგან სასამართლოს გათავისუფლება:

„სასამართლოს მიმართ ნდობა ვერ იქნება მაღალი, თუ ჩვენ გვექნება გაუმართავი კანონები, თუკი სასამართლოში გვექნება კლანური მმართველობა და სასამართლოში გვექნება გაუმჭვირვალე პროცესები. ამაზე, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქვეყნის პოლიტიკურმა ხელისუფლებამ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ყურადღება მიაქციონ იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში“.

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

სასამართლოებში კლანური მმართველობის დასტურად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე ასახელებს ბათუმის სასამართლოს მოსამართლეს, ირაკლი შავაძეს, რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების მიუხედავად, უვადოდ არ განწესდა, რის მიზეზადაც მას კონკრეტული გავლენები მიაჩნია. კლანური მმართველობის შედეგები გასულ წელსაც გამოვლინდაო, ამბობს სულხან სალაძე, რომლის სიტყვებითაც, არსებობს გარკვეული ეჭები, თუ ვინ შეიძლება იყოს ხელისუფლების ის პირი, ვინც, ასე ვთქვათ, „აგვარებს“ ამ საკითხებს სასამართლო სისტემაში. თავის წილ პასუხისმგებლობას სულხან სალაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც აკისრებს:

„არ არის ნათელი კრიტერიუმები, როგორ იღებს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო. პარლამენტს ძალიან მარტივად შეუძლია რამდენიმე ჩანაწერით დაუდგინოს ასეთი კრიტერიუმების მიღების აუცილებლობა. ეს მოაგვარებდა პრობლემებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს. გარდა ამისა, სისტემამ გვაჩვენა, რომ კარგი კანონის მიღებაც კი შეიძლება არ იყოს გარანტია, თუკი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქნებიან ისეთი წევრები, რომლებიც პატივისცემით არ იქნებიან გამსჭვალული და არ გაიზიარებენ კანონის სულისკვეთებას, თუ რა იდეის გარშემო არის კანონის ესა თუ ის ნორმა მიღებული კანონმდებლობაში. ამიტომ აქ კიდევ უფრო მეტად შემოდის პარლამენტის როლი და პასუხისმგებლობა, როდესაც ის არჩევს იუსტიციის არამოსამართლე წევრებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს და პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს დღს წესრიგის ნაწილი, არამედ იყოს პროფესიონალიზმი და ამ პროცესში ნამდვილად ისეთი ადამიანები იყვნენ დანიშნულები, ვინც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე იქნება ორიენტირებული“.

სამწუხაროდ, დღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა მთლიანად ექვემდებარება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და, ცხადია, ახალი კადრების შედინება სასამართლოში ისევ რჩება იმ გავლენიანი ჯგუფის კონტროლის ქვეშ, რომელიც არსებობს სასამართლოში. მეორე საკითხია თავმჯდომარეთა თანამდებობის რეფორმირების საკითხი...

სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში ოთხი ძირითადი მიმართულების დახვეწის აუცილებლობაზე მიუთითებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სოფიო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი. ეს მიმართულებებია: იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირება, სასამართლოების თავმჯდომარეთა დანიშვნის საკითხი, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომწესრიგებელი ნორმების გამართვა:

„სამწუხაროდ, დღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა მთლიანად ექვემდებარება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და, ცხადია, ახალი კადრების შედინება სასამართლოში ისევ რჩება იმ გავლენიანი ჯგუფის კონტროლის ქვეშ, რომელიც არსებობს სასამართლოში. მეორე საკითხია თავმჯდომარეთა თანამდებობის რეფორმირების საკითხი. ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ იმ გავლენიანი ჯგუფის შიგნით, რომელიც არსებობს სასამართლოში, და სწორედ ამ ჯგუფის წევრები იკავებენ ადმინისტრაციულ თანამდებობებს სასამართლოში. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს თავმჯდომარეთა თანამდებობა უნდა იყოს არჩევითი და საბჭო არ უნდა იყოს ის ორგანო, რომელიც ნიშნავს კონკრეტულ სასამართლოში თავმჯდომარეს“.

ნაზი ჯანეზაშვილი
ნაზი ჯანეზაშვილი

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის განსაზღვრაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება უდიდესი როლი, ამბობს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, რომლის თქმითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება უნდა გაიზარდოს და მისი საქმიანობა გახდეს უფრო გამჭვირვალე - მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტები იყოს საჯარო. ამ ინიციატივით ნაზი ჯანეზაშვილი რამდენჯერმე გამოვიდა, თუმცა საბჭოს წვერებმა ეს ინიციატივა არ გაიზიარეს:

საქართველოში სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვნად ვითარდება და აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს სასამართლოში საქმის მოგების ალბათობის კუთხით, დამოუკიდებლობის პარამეტრისა და სხვა კუთხით.
დიმიტრი გვრიტიშვილი

„საბჭო მოწოდებული უნდა იყოს, რომ მეტი პროგრესი ჰქონდეს თავის საქმიანობაში, ისე რომ საზოგადოებას ნაკლები კითხვები ჰქონდეს მის საქმიანობასთან მიმართებით. აქ არის მეორე პრობლემაც, ანუ როგორ იღებს საბჭო გადაწყვეტილებებს. თუ დააკვირდებით, მოსამართლე წვერები, როგორც წესი, ყოველთვის ერთ პოზიციაზე არიან დ ასეა რამდენიმე არამოსამართლე წევრიც. ბუნებრივია, ეს ყველა შემთხვევაში აჩენს კითხვებს: რატომ არიან ისინი სულ ერთ პოზიციაზე? რატომ არ იყოფა ხმები? რატომ არ იყოფა პოზიციები და ა.შ. ეს აჩენს კითხვებს, რომ ეს ჯგუფი მოქმედებს ერთიანი ინტერესით“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ანრი ოხნაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გასაზრდელად რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა, მათ შორის, შემოიღო საქმეთა ელექტრონული განხილვის წესი, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი და სხვ. ამდენად, მისთვის გაუგებარია სულისკვეთება კამპანიისა „მინდა ვენდო სასამართლოს“, იმის გათვალისწინებით, რომ თავად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც კი მიუთითებენ სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდაზე:

„ხელისუფლება არ ერევა სასამართლოს საქმიანობაში და სასამართლო თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს. ამის თაობაზე არსებობს ძალიან ბევრი ობიექტური შეფასება. საზოგადოებამ მოისმინა „მემკვიდრეობის ფონდის“ შეფასება, რომელშიც ფონდმა, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ფარგლებში, ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვნად ვითარდება და აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს სასამართლოში საქმის მოგების ალბათობის კუთხით, დამოუკიდებლობის პარამეტრისა და სხვა კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია და დარწმუნებული ვარ, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საუბრობენ, რომ მეტი რეფორმირება სჭირდება სასამართლოს, ისინიც დიდი დოზით ენდობიან სასამართლოს“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ ის კამპანიის „მინდა ვენდო სასამართლოს“ თაობაზე ჯერჯერობით მწირ ინფორმაციას ფლობს და ამიტომ განცხადებას, საბჭოს მოსამართლე წევრებთან ერთად, სავარაუდოდ, გააკეთებს ხვალ, 2 მარტს, როცა საკითხში სრულყოფილად იქნება გარკვეული.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG