Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13-მილიონიანი პროექტი დასრულდა  - მოსახლეობის ნაწილს წყალი კვლავ არ მიეწოდება


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

იმისთვის, რომ ლაგოდეხში წყალმომარაგება გაუმჯობესებულიყო და მოსახლეობას სუფთა წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეღო, 13 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.სამუშაოები თითქმის 5 წელი მიმდინარეობდა. პროექტი დასრულებულია, თუმცა ქალაქში რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა ამბობს, რომ უკვე ერთი თვეა, მათი ონკანებიდან წყალი საერთოდ აღარ მოდის. მოსახლეობის ნაწილი წყალზე დაწესებულ ახალ ტარიფსაც აპროტესტებს, რომელიც მრიცხველზე დაწერილი მონაცემების მიხედვით უნდა გადაიხადონ. რა პასუხი აქვთ წყალმომარაგების კომპანიაში ბრალდებებზე და როდის მოგვარდება წყლის დებეტის პრობლემა?

იმ ოჯახმა, ვისაც საპირფარეშო კანალიზაციაზე აქვს მიერთებული, 1 ტონა წყალში 50 თეთრი უნდა გადაიხადოს

სასმელი და სარწყავი წყლის უქონლობის გამო ლაგოდეხში კავკასიონისა და ახალგაზრდობის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ თითქმის უკვე ერთი თვეა, სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, წყალმომარაგების კომპანიიდან კი ვერ შეიტყვეს, რა არის ამის მიზეზი. მათივე თქმით, თითქმის 5-წლიანი მუშაობის შემდეგ ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემა მთლიანად გამოიცვალა, მაგრამ მანამდე არსებული წყლის პრობლემა მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროექტმა ვერ მოაგვარა.

ლაგოდეხში მოსახლეობის ნაწილი წყალზე დაწესებული გადასახადის ტარიფსაც აპროტესტებს. მათი ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლოდან წყლის გადასახადი სულადობის ნაცვლად მრიცხველის მიხედვით უნდა გადაიხადონ.

იმ ოჯახმა, ვისაც საპირფარეშო კანალიზაციაზე აქვს მიერთებული, 1 ტონა წყალში 50 თეთრი უნდა გადაიხადოს, ხოლო ვინც კანალიზაციით არ სარგებლობს, მათთვის 42-თეთრიანი ტარიფი მოქმედებს.

ლაგოდეხის მოსახლეობა
ლაგოდეხის მოსახლეობა

ადგილობრივების თქმით, ისინი, საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, არათანაბარ პირობებში არიან, რადგან აქვთ ინფორმაცია, რომ ასეთი მაღალი ტარიფი არც ერთ რეგიონში არ არის. აქციის მონაწილეები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, რომ ამ თემითაც დაინტერესდნენ.

ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და წელს დასრულდა, თუმცა სამუშაოების დამკვეთს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, პროექტი ჯერ არ ჩაუბარებია.

ლაგოდეხში კავკასიონისა და ახალგაზრდობის ქუჩის მოსახლეობა სასმელთან ერთად სარწყავ წყალსაც ითხოვს. ლაგოდეხში თითქმის ყველა ოჯახს აქვს საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც ბოსტნეული მოჰყავთ, თუმცა, ადგილობრივთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უბნის სარწყავ არხებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, წყალი ამ დრომდე არ მოდის და ერთწლიანი ნარგავი კულტურები უწყლოდ ნადგურდება. მოსახლეობის თქმით, მუნიციპალიტეტის ხემძღვანელობა მხოლოდ დაპირებებს იძლევა და რეალურად პრობლემებს ვერ აგვარებს, ამიტომ მოითხოვენ, რომ გლეხების ყოველდღიური გასაჭირით ცენტრალური ხელისუფლება დაინტერესდეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. კომპანიის დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში მარიამ გიქოშვილი გვეუბნება, რომ ამის მიზეზი თავად მოსახლეობაა, რადგან ადგილობრივთა ნაწილი - ის, ვისაც წყლის მრიცხველი ჯერ არა აქვს - სასმელ წყალს სარწყავად იყენებს, რაც წყლის დებეტის ნაკლებობას იწვევს. გიქოშვილი ამბობ, რომ გამრიცხველიანება დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, მოსახლეობა წყლის რაციონალურად მოხმარებას ისწავლის და ამით პრობლემა მოგვარდება. რაც შეეხება წყლის ტარიფს, გიქოშვილის განცხადებით, გადასახადს ადგენს სემეკი და ლაგოდეხი ერთ-ერთია მათ შორის, სადაც საშუალო ტარიფია დაწესებული.

ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და წელს დასრულდა, თუმცა სამუშაოების დამკვეთს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, პროექტი ჯერ არ ჩაუბარებია. როგორც ამ უწყებაში გვითხრეს, სწორედ ახლა მიმდინარეობს დოკუმენტაციის შეგროვება და სამშენებლო კომპანიიდან პროექტის გადაბარება. ამ პროცესის შემდეგ მგფ-ი რეაბილიტირებულ წყალმომარაგების სისტემას სამართავად გადასცემს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 13 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG