3 მაისიდან თბილისი, შესაძლოა, მეტროპოლიტენის გარეშე დარჩეს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ელექტრომატარებლის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანია ვერ შეთანხმდნენ მემანქანეთა ხელფასების გაზრდის საკითხზე, რის გამოც, პროფკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, 3 მაისს დილის 06:00-დან თბილისის მეტროპოლიტენის შემადგენლობის 100 % გაიფიცება. მემანქანეებიანაზღაურების 45 %-ით გაზრდას მოითხოვენ, რის პასუხადაც თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სატრანსპორტო კომპანიას ხელფასების გაზრდის რესურსი არ გააჩნია. თბილისის მერი ასევე ამბობს, რომ მეტროპოლიტენის პარალიზება არ მოხდება.
თბილისის მეტროპოლიტენი
- თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობს დილის ექვსი საათიდან ღამის თორმეტ საათამდე.
- დღეში საშუალოდ 290 ათასი მგზავრი გადაჰყავს.
- მემანქანეების შრომის ანაზღაურება დღეისათვის 1100-1300 ლარია.
- მეტროპოლიტენის მემანქანეები მიუთითებენ მძიმე სამუშაო პირობებზე, რის გამოც ანაზღაურება უნდა გაიზარდოს.
თბილისის მეტროპოლიტენი გამართულად მუშაობს დილის ექვსი საათიდან ღამის თორმეტ საათამდე და დღეში საშუალოდ 290 ათასი მგზავრი გადაჰყავს, თუმცა, როგორც მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013“-ის, თავმჯდომარე რატი კაპანაძე ამბობს, თუ უახლოესი ორი დღის განმავლობაში არაფერი შეიცვლება, თუ თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ გაზრდის მემანქანეთა საათობრივ ანაზღაურებას 7-დან 10 ლარამდე, თბილისელები გარკვეული დროის განმავლობაში დაკარგავენ ამ ყველაზე სწრაფსა და საიმედო ტრანსპორტს:
„ვითხოვთ საათობრივი ანაზღაურების 10 ლარამდე გაზრდას, რაზეც ორი წელია უკვე მიმდინარეობს დავა და მოლაპარაკებები, მაგრამ ხედავთ ყველა, რომ არანაირი შედეგი ამას არ მოჰყოლია. მივედით ამ მწარე რეალობამდე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავჩერდეთ. რასაკვირველია, ქალაქის მოსახლეობას ვუხდით დიდ ბოდიშს!“
მემანქანეთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა, რომელიც სამასამდე წევრს აერთიანებს, მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიმდინარე წლის 2 აპრილს მიმართა. ლინა ღვინიანიძეც, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ამბობს, რომ კოლექტიურ შრომით დავაში გაფიცვის გამოსაცხადებლად „ერთობა 2013“-მა კანონით განსაზღვრული ყველა პირობა დაიცვა, მათ შორის პირობა აწარმოოს პირდაპირი მოლაპარაკებები დამსაქმებელთან.
„ეს მოლაპარაკება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა კომპანიასთან. ამის შემდეგ მათ ასევე გაითვალისწინეს კანონის მოთხოვნა, რომელიც ავალდებულებს დასაქმებულებს მიმართონ მედიაციას და პროცესში ჩართონ მედიატორი, თუმცა მედიაციაც დასრულდა უშედეგოდ. გამომდინარე აქედან და იქიდან, რომ გავიდა 21 დღე (გაფიცვის უფლების წარმოშობისთვის დადგენილი ვადა), მათ წარმოეშვათ კანონიერი გაფიცვის უფლება. დღეს კი გააკეთეს წინასწარი შეტყობინება, რასაც ასევე კანონი ადგენს. ასე რომ, აქვთ სრული უფლება კანონიერ გაფიცვაზე გავიდნენ“, უთხრა ლინა ღვინიანიძემ რადიო თავისუფლებას.
მეტროპოლიტენის მემანქანეები მიუთითებენ მძიმე სამუშაო პირობებზე, რის გამოც მათ შრომის ანაზღაურება, რომელიც დღეისათვის 1100-1300 ლარია,უფრო მეტი უნდა იყოს. ჯანმრთელობისათვის მავნე გარემოზე ამახვილებს ყურადღებას „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილიც:
„მომეტებული ნესტიანობაა, სინათლის მკვეთრი ცვალებადობაა, ძლიერი ელექტური ველია, შედარებით მაღალი წნევა, ვიდრე მიწის ზედაპირზე, რის გამოც ღამის ცვლაში მყოფ მემანქანეებს ეკრძალებათ ქვემოთ დარჩენა, იძინებენ ყოველთვის ზევით. ასევე მცოცავი გრაფიკი, სადაც 150 საათი უწევთ მუშაობა და აქვთ სულ განსხვავებული დროები, რის გამოც ვერ ახერხებენ ადაპტირებას“.
თუმცა, მემანქანეთა პროფესიული კავშირის მოთხოვნების პასუხად, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მემანქანეების ხელფასი 1300-1400 ლარია, რაც შეიძლება მაღალი ხელფასი არაა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო უბნებზე დასაქმებულთა ხელფასი არ აღემატება 700 ლარს:
„ყველას მოვუწოდებთ ერთობისკენ, რომ, ზოგადად, ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ქალაქს, დავძლიოთ ერთიანი ძალისხმევით, მაგრამ უეცრად ადამიანების რამდენიმეკაციანიჯგუფი გამოდის და ითხოვს ხელფასების მატებას. დღეს შეუძლებელია ლაპარაკი რაიმე თანხების მატებაზე, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოდინარე. უნდა გითხრათ, რომ არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტრო არ გაჩერდეს“.
ელექტრომატარებლის მემანქანეები კი დარწმუნებული არიან, რომ 3 მაისს მეტროპოლიტენი აუცილებლად გაჩერდება, რადგან, როგორც „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ვარსიმაშვილი ამბობს, თბილისის მერია არაფერს არსებითს მემანქანეებს არ ჰპირდება:
სასამართლოს გადაწვეტილებით შეუძლია 30 კალენდარული დღით გადაგვიწიოს გაფიცვა. ამის იქით რას გულისხმობს მერი, როცა ამბობს პარალიზებას არ დავუშვებთო, მართლა არ ვიცი... მემანქანეებს შორის არავინ არ მეგულება, ვინც გაფიცვაზე უარს იტყვის. ამაზე არის 100-პროცენტიანი თანხმობა...ვასილ ვარსიმაშვილი
„ყოველთვის არარეალურ წინადადებებს გვთავაზობენ, ერთად ვიმუშაოთ, ერთად ვიმსჯელოთო, მაგრამ თან გვეუბნებიან, 2018 წელს გამორიცხულიაო. 2019-შიო, რომ ვიკითხეთ, ამაზე გვითხრეს, არ ვიცითო... აი, ასეთი პასუხებია აქვთ, რომელიც, ცხადია, არვისთვის არ არის მისაღები“.
ვასილ ვარსიმაშვილი ამბობს, რომ მეტროპოლიტენის გაფიცვა შეიძლება მხოლოდ გადაიდოს, ისიც, თუ სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
„სასამართლოს გადაწვეტილებით შეუძლია 30 კალენდარული დღით გადაგვიწიოს გაფიცვა. ამის იქით რას გულისხმობს მერი, როცა ამბობს პარალიზებას არ დავუშვებთო, მართლა არ ვიცი... მემანქანეებს შორის არავინ არ მეგულება, ვინც გაფიცვაზე უარს იტყვის. ამაზე არის 100-პროცენტიანი თანხმობა. თუნდაც რომ გამოჩნდეს სამი-ოთხი კაცი, ვერანაირად ვერ გასწვდებიან მეტროს მუშაობას.გარკვეულ დროში აუცილებლად უნდა შეიცვალოს მემანქანე, არ შეიძლება მისი გადაღლა, ყველაფერს აქვს თავისი წესი, რომლის დარღვევა კანონის დარღვევის ტოლფასია“, უთხრა ვასილ ვარსიმაშვილმა რადიო თავისუფლებას.