გორელმა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ჟამურელმა მერიის წინ თეთრი მუყაოს ყუთი მიიტანა, ზედ მახათები და სადგისები დააწყო და მერიის თანამშრომლებს პროდუქციას შეღავათიან ფასებში სთავაზობდა. მისი აზრით, ყველაზე მეტი უსაქმური მერიაშია თავმოყრილი და პროდუქციის გაყიდვის იმედი ჰქონდა. ამ აქცია- პერფორმანსით, ჟამურელის აზრით, უსაქმური თანამშრომლების ყურადღება მიიქცია და მათი უმოქმედობა გაპროტესტა.
მახათების აქციის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა სოციალური ქსელებით. ყველაზე მეტად ეს პერფორმანსი ოპოზიციის წარმომადგენლებმა აიტაცეს და ჟამურელს სოლიდარობა გამოუცხადეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ამბარდნიშვილმა ქალაქის მერი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას უმექმედობაში დასდო ბრალი.
„შენების მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ მერიაში ხალხს ნათესაობის, პოლიტიკური სიმპათიისა და მეგობრობის ნიშნით ასაქმებენ, ეს კი საქმეს არ შველის. „მოძრაობის“ წევრი გიორგი დვალიშვილი მიიჩნევს, რომ არაპროფესიონალების დასაქმება გორში ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის, რაც არაერთი პროექტის შეჩერებით გამოიხატება.
ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. მისი თქმით, ბოლო დროს ერთბაშად იმდენი პროექტის განხორციელება დაიწყო, რამდენიც აქამდე არ ყოფილა. რაზმაძე ოპოზიციას ურჩევს, თვალები ფართოდ გაახილონ.
ირაკლი ჟამურელი მერიასთან საათზე მეტხანს გაჩერდა, მაგრამ პრაქტიკული მიზნითაც კი ერთი მახათიც არავინ იყიდა. მერიის თანამშრომლებმა მისი აქცია-პერფორმანსის არსი ყველაზე კარგად გაიგეს.