ისიც კი ვიცი, რა არგუმენტები მექნებოდა: აფხაზური მენტალიტეტი, ტრადიციები, დაღუპულთა ხსოვნა... აი, ეს შეუშლის მსგავსი სცენარის განხორციელებას ხელს-მეთქი. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა და მენტალობამაც ვერაფერი უშველა.
წინა კვირას აფხაზეთის მთავარი უნივერსიტეტის პედაგოგები და სტუდენტები ფეხზე წამომდგრები უკრავდნენ ტაშს ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამავე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ღირსება შეელახა. უმეტესობამ მშვენივრად იცის, რომ მმართველი ძალა ქვეყნის გასავითარებლად კი არა, თავის გასამდიდრებლად ირჯება. ის მეცნიერებიც დავინახე, თავიანთ ლექციებზე კორუფციის დასაძლევად რჩევებს რომ იძლევიან, სხვა ქვეყნების მაგალითებიც რომ მოჰყავთ, სადაც კორუფციის გამო სახელმწიფოებრიობა განადგურდა.
მაგრამ მე სხვა ქვეყნებზე არ ვილაპარაკებ, რადგან ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელობამ თავისი ფუნქცია ქრონიკულ მათხოვრობამდე დაიყვანა, ისიც საშინელი კორუფციის ფონზე. მარტო ის რად ღირს, სამარცხვინოდ, ელექტროენერგიის ფულს რომ ეძებენ - რესურსების ფლანგვით დაკავებულმა ხელისუფლებამ ეს თანხა წლევანდელ ბიუჯეტში არ გაითვალისწინა.
ამას წინათ სოციალურ ქსელში ერთი დოკუმენტი გამოჩნდა, აშკარა მტკიცება იმისა, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული და რუსეთის დახმარება ქვეყნის განვითარებას კი არა, ჩინოვნიკების კომფორტს ხმარდება.
მაშინ როცა აფხაზი მეწარმეები შეიარაღებისთვის ფულს დებენ, აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო მომავალი წლის ბიუჯეტის თანხით პრემიუმ კლასის მანქანებს ყიდულობს.
ამ დოკუმენტის გამოჩენა, ალბათ, სამეფო კარის თამაშებს უკავშირდება, მაგრამ აქ სხვა რამეა მთავარი: ეს რეალური საბუთია და თან მრავალთაგან ერთ-ერთი.
სხვა სამინისტროებში მისი მსგავსი კიდევ ბევრი იქნება. ძალიან ლოგიკურია, რომ ყველა რანგის ჩინოვნიკი ასეთი მადიანია, აქ ხომ იდეალური პირობები შექმნეს ბიუჯეტის თანხების დასატაცებლად - დახურული სისტემა, ნულოვანი გამჭვირვალობა. საერთო დანაშაული შესანიშნავი ფუნდამენტია ყველა ჯურის ჩინოვნიკთა ძმური კავშირისთვის.
ნათქვამის დასასაბუთებლად და იმისთვისაც, რომ ცილისწამების მუხლით არ გამასამართლონ (ბოლო დროს უფრო გაამკაცრეს), კონტროლის პალატის წლევანდელ ანგარიშებს ავიღებ.
პალატის მოვალეობა ბიუჯეტის სახსრების ყოველწლიური შემოწმებაა, მაგრამ მას არ შეუძლია ჩაატაროს გამოძიება, გამოიტანოს განაჩენი, გაათავისუფლოს თანამდებობის პირები.
შემოწმების შედეგებს კონტროლის პალატა პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებს უგზავნის, თან დანაშაულზეც მიუთითებს. დანარჩენი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ, რომლებიც რატომღაც ყველაფერს აკეთებენ, ამის გარდა.
წელს კონტროლის პალატამ რვა შემოწმების შედეგი დადო. დარღვევები ძირითადად არის სამინისტროებში, უწყებებში, რაიონების ადმინისტრაციებში: ანგარიშგების ვადების არარსებობა ან დარღვევა, სადაზღვევო შენატანების გადაუხდელობა, იმ დოკუმენტების არარსებობა, რომლებიც კერძო პირებისა და ინდმეწარმეებისთვის თანხის გადაცემას უნდა ადასტურებდეს.
უსაბუთობის გამო აუდიტორები ხშირად იმასაც კი ვერ არკვევენ, რომელმა ფონდებმა არ გადაიხადეს გადასახადები. რაღა გასაკვირია, რომ ამ პირობებში ჩინოვნიკმა მუზეუმის კუთვნილი პიკასოს თეფში გაყიდოს, თანამშრომლების ხელფასი კაზინოში დახარჯოს, ბიუჯეტის ხარჯზე მოსკოვში, სახლში წავიდეს ან ემირატებში დაისვენოს.
ისევ ჩამოვთვლი: არ არის საწვავის, სატრანსპორტო ხარჯების, მივლინების საბუთები, განბაჟებისა და საზღვრის გადაკვეთის დოკუმენტაცია, მგზავრების სია და მათი რაოდენობა... არ არის მოწყობილობების შესყიდვების (მათ შორის, ძვირადღირებულის) დოკუმენტები.
მაგალითად, კულტურის სამინისტროში აუდიტორებმა ვერ იპოვეს 40 მილიონ რუბლზე მეტი (დაახლოებით, 1 200 000 ლარი) ღირებულების მოწყობილობები, ხოლო ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ასაწყობ-დასაშლელი სცენა, რომელიც 10 მილიონ რუბლზე მეტი ღირს (დაახლოებით, 307 ათასი ლარი), ინდმეწარმესთან „ინახებოდა“.
ცალკე ხარჯი არის უაზრო მივლინებები, მაგალითად, კულტურის სამინისტროს ორი ჩინოვნიკი 2022 წელს 6 დღით გაუშვეს სტამბოლში. ამ შემთხვევაში მათ დავალებაც კი ჰქონდათ - „სახელმწიფო ანსამბლის გასტროლებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა“. მაგრამ აუდიტორები წერენ, რომ სტამბოლში ანსამბლის გასტროლები არ ტარდებოდა. მივლინებულებს მივლინების შედეგების ანგარიში არ წარმოუდგენიათ, მათთვის გამოყოფილი თანხა კი 219,4 ათასი მანეთი (დაახლოებით, 6 700 ლარი) იყო.
იგივე ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. თანამშრომლების მივლინებების საბუთები არ არსებობს, მათ შორის, მოქმედი მინისტრის ინალ არძინბას მივლინებებისაც. აუდიტორები აღნიშნავენ, რომ არათუ ბეჭედი და ხელმოწერა აკლია, ხშირად ისიც კი არაა მითითებული, რისთვის წავიდა ადამიანი მივლინებაში და რა გააკეთა.
ახლა კი მასპინძლობის „ტრადიციაზე“, რომელიც გადასახადების გადამხდელებს ძვირი გვიჯდება. აკლია დოკუმენტები, რომლებიც სტუმრების ცხოვრებისა და კვების ხარჯებს ასახავდა, ასევე ბანკეტებსა და ფურშეტებზე დახარჯული ფულის ქვითრები.
სახელმწიფო უწყებების სატრანსპორტო ხარჯებზე ცალკე წიგნი დაიწერება. მანქანებს ახლებს ყიდულობენ, მაგრამ რატომღაც მუდმივად არემონტებენ, რემონტის დამადასტურებელი დოკუმენტები კი არ არსებობს. შემდეგ ამ მანქანებს ან ჩამოწერენ, ან ცვლიან. ხანდახან მანქანა უბრალოდ აღარ ირიცხება სამინისტროში.
მაგალითად, Аudi, რომელიც 249 ათასი მანეთი ღირდა (დაახლოებით, 8 ათასი ლარი), საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტებში აღარ მოიძებნა.
წელს კონტროლის პალატამ ეკონომიკის სამინისტრო და მას დაქვემდებარებული უწყებები შეამოწმა. მოგების დაფარვა, შენობებისა და აღჭურვილობის უკანონოდ გადაცემა არენდით, გადასახადებისგან თავის არიდება, სახსრების არაეფექტიანი გამოყენება... მაგრამ აქ ერთი „სასაცილო“ რამეც არის: კრიპტოვალუტის მომპოვებელი ფირმებიც აღმოაჩინეს. თუმცა, ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში აფხაზეთის ენერგოკრიზისში დამნაშავე პირები ვერ აღმოაჩინა, ანუ როგორც ჩვენს პრეზიდენტს, ბჟანიას უყვარს თქმა, თავის თვალში დირე ვერ დაინახა. თუმცა, ის ამას ოპოზიციაზე ამბობს ხოლმე.
სარეზერვო ფონდები კიდევ სხვა რეპერტუარიდანაა, მათგან ყველაზე გაუმჭვირვალე პრეზიდენტის ფონდია. პალატას არ შეუმოწმებია, მაგრამ ყველანი ვხვდებით, რომ ის მისივე შეხედულებისამებრ იხარჯება. მინისტრთა კაბინეტის ფონდზე კი აუდიტორები წერენ, რომ თანხების გამოყოფის მიზნობრიობა დასაბუთებული არ არის. თუმცა, ეს მასალები პროკურატურაში არ გადაუგზავნიათ.
კონტროლის პალატის მასალების ზედაპირული გაცნობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ გაგიკვირდეს, როგორ ახერხებს ჩვენი სახელმწიფო არსებობას ასეთი კორუფციის პირობებში.
მაინც მადლობა, რომ ამოწმებენ, რადგან სწორედ ეს არის ნათელი და მკაფიო პასუხი პრეზიდენტის კითხვაზე „საიდან მოვიტანოთ ფული?“ პალატა ამბობს, საიდან და, სხვის თვალში ბეწვს რომ ამჩნევთ, დირე საკუთარ თვალში დაინახეთო!
მხოლოდ ეს მიდგომა აძლევს მორალურ უფლებას, ჯიბეები ამოუტრიალონ რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც (ჩემთვის გასაგები მიზეზების გამო) არ სურთ მხარი დაუჭირონ კორუფციასა და ცინიზმში ჩაძირულ მთავრობას.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.