Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის წინააღმდეგ ქვემო ქართლში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყეს


2 მარტს, გვიან საღამოს, რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

„სადეზინფექციო სამუშაოებს სპეციალურად თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები ჩაატარებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუსთავის მერიის სატრანსპორტო გაერთიანების დირექტორმა ჯურხა ბენდელიანმა.
რუსთავის ბაგა-ბაღებში ეს პროცესი 28 თებერვალს დაიწყო.

„28 თებერვალს გვქონდა სანიტარული დღე, დალაგდა და დასუფთავდა ფილიალის ეზოები, დეზინფექცია ჩატარდა ყველა სააღმზრდელო ჯგუფში როგორც ჭურჭლის, ასევე ავეჯის ზედაპირების, გამოიცვალა აღსაზრდელთა თეთრეული და გადასაფარებლები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ეკა ხუციშვილმა. მისი თქმით, 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, სამუშაოები შეჩერდება, 4 მარტიდან კი სადეზინფექციო სამუშაოები განახლდება.

დეზინფიცირება ჩაუტარდა ასევე რუსთავში არსებულ საჯარო სკოლის შენობებს. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ბოლნისის მუნიციპალურ ტრანსპორტსა და ბაგა-ბაღებშიც. სატრანსპორტო კომპანია „ინტერტრანსის“ პრესსსამსახურის უფროსმა სოფო ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კომპანიის მიკროავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოებს იწყებენ.

„მიკროავტობუსები არასამუშაო საათებში დამუშავდება ისე, რომ არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის შეფერხება“, თქვა სოფო ცერცვაძემ „ინტერტრანსი“ მგზავრებს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ემსახურება.

COVID-19-თან დაკავშირებით 2 მარტს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მხარის საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების დირექტორები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები და რუსთავისა და ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ „პირველ რიგში გამოწვევაა მუნიციპალური და კერძო სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც თავი უნდა გავართვათ“. მისივე თქმით, ადგილობრივი საჯარო დაწესებულებები, სკოლები, ბაგა-ბაღები, სახელმწიფო დაწესებულებები მზად არიან დეზინფექციის ჩატარებისთვის.

„ეს სამუშაოები უკვე დაწყებულია. შეძენილია შესაბამისი ხსნარები“, თქვა შეხვედრის შემდეგ შოთა რეხვიაშვილმა და დასძინა, რომ კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევები გამოვლენილი არ არის და მდგომარეობა, მათ შორის, ქვემო ქართლში, სრულად კონტროლდება.
რუსთავის მერიის „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ უფროსმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, რომ მისი სამსახური მომდევნო დღეებში ეტაპობრივად უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სპეციალური ხსნარებით დამუშავებას.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG