Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღირსების დაბრუნება“, მიმართვა ოკუპირებულ ტერიტორიებს - კობახიძის აქცენტები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

მიმართვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, საუბარი „მშვიდობაზე“, „სიამაყისა და ღირსების დაბრუნებაზე“, ერთწინადადებიანი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტს, - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

ამჯერად, გენერალური ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდან, პრემიერ კობახიძეს არ უხსენებია „საქართველოს ომში ჩათრევის“ მცდელობები და შეთქმულების თეორიები „გლობალური ომის პარტიაზე“.

„საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში“, - მიმართავს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს.

ოკუპაცია ახსენა, მაგრამ არცერთხელ არ უხსენებია რუსეთის ფედერაცია, - არც საქართველოსა და არც უკრაინის კონტექსტში.

აქ ვაჯამებთ პრემიერ კობახიძის გამოსვლას ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე.

„ვიბრუნებთ სიამაყეს და ღირსებას“

„ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ სიტყვის შესავალში და იქვე დასძინა, რომ საქართველო „სიამაყესა და ღირსებას“ იბრუნებს.

მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო „საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით“.

„მივიღეთ რიგი რთული გადაწყვეტილებები და არასდროს შევუშინებივართ გამოწვევებს. ჩვენ არასდროს აგვირჩევია მარტივი გზა - ჩვენ ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. შედეგად, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს - სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა“, - განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეაზე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეაზე

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ „საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება“.

2024 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, „ღირსებასა“ და „სუვერენიტეტზე“ აპელირებით, მიიღო რუსული სტილის „აგენტების კანონი“, რამაც, ანტიდასავლურ, შეთქმულების თეორიებით გაჯერებულ რიტორიკასთან ერთად, შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაცია და გამოიწვია სტრატეგიულ პარტნიორ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვა.

უკრაინა და „გაურკვევლობა“

პრემიერმა კობახიძემ ჩამოთვალა „უპრეცედენტო გლობალური გამოწვევები“:

  • „გამძაფრებული კონფლიქტები,
  • კლიმატური ცვლილებები და
  • მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებების ურთიერთდაკავშირებული კრიზისები“.

თქვა, რომ ბოლო 2 წელიწადი „საკმაოდ რთული“ აღმოჩნდა რეგიონისთვის.

შემდეგ კი, უკრაინაზე საუბრისას, ჰუმანიტარულ კრიზისთან ერთად, „უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა“ ახსენა:

„მაშინ, როცა ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა განვითარება და პრობლემების გადაჭრა, უკრაინაში მიმდინარე ომმა წარმოშვა უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა და ჰუმანიტარული კრიზისი“.

პრემიერ-მინისტრმა „ხაზგასმით აღნიშნა“: „საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კვლავინდებურად მტკიცე და ურყევია“.

ორიოდე დღით ადრე, 24 სექტემბერს, გაეროში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლისას, როდესაც იგი უკრაინის გამარჯვებაზე საუბრობდა, პრემიერმა კობახიძემ და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებმა, ტაში არ დაუკრეს.

ამჯერად არ უხსენებია „ომში ჩათრევის მცდელობები“ არც „უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, - რაზეც საქართველოს ხელისუფლება ხშირად აპელირებს, - და არც „გლობალური ომის პარტია“ და თანმდევი შეთქმულების თეორიები.

კობახიძე, გენერალური ასამბლეის გარდა, სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე. რუსეთის ფედერაცია არც იქ უხსენებია. უკრაინაზე კი თქვა:

  • „დიდად სამწუხაროა, უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი რომ გავხდით.
  • გვესმის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება ამჟამად უკრაინა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს.
  • ჩვენ ხელი შევუწყვეთ, მივუერთდით და მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად“.

საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობები ბოლო რამდენიმე წელია, დაბალ ნიშნულზეა. ამას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომზე საქართველოს ლიდერების პოზიციები განაპირობებს.

„კონფლიქტებიდან შესაძლებლობებამდე“

„ვაცნობიერებთ რა საკუთარი გამოცდილებიდან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენ სათავეში ვუდგავართ ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარდაქმნა კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იგი მიესალმა „მშვიდობიანი შეთანხმების პროცესს“ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, - მათ ძალისხმევას ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის.

„ყოველთვის ვიყავით მზად და დღესაც მზად ვართ, უზრუნველვყოთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ნდობის აღდგენას, ჩვენ შორის უთანხმოების წარსულში დატოვებას და ჩვენს ერთობლივ წინსვლას ყველა იმ რესურსისა და უპირატესობის გამოყენების თვალსაზრისით, რომელთა შეთავაზება ჩვენს რეგიონს შეუძლია მსოფლიოსთვის“, - განაცხადა მან.

„ევროპა-აზიის ხიდი“ და ანაკლია

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა დაახასიათა, როგორც „ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის“ და გაიმეორა მთავრობის „სავაჭრო შეთავაზება“: „ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“.

პრემიერმა მოკლედ მიმოიხილა ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან „მტკიცე ურთიერთობები“ და საქართველოს უწოდა „წამყვანი მოთამაშე რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში“.

ისაუბრა საპორტო ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც საქართველო „უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან“.

ახსენა ანაკლიის პორტიც, რომლის მშენებლობაც, მისი თქმით, „მალე დაიწყება“. პროექტის 50%-იან ინვესტორად საქართველოს მთავრობამ 2024 წელს ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმი შეარჩია, თუმცა კონტრაქტი ჯერ კვლავ არ დაუდია.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ უფრო განავრცო საქართველოს, როგორც „სატრანზიტო დერეფნის“ საკვანძო რგოლის, როლი და თქვა, რომ საქართველოს აქვს საშუალება, „მხარში დავუდგეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე რეაგირებაში“.

ახსენა „შუა დერეფანიც“, როგორც „მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის“ შესაძლებლობა.

„მთავრობის მიღწევები“

პრემიერმა კობახიძემ დიდი დრო დაუთმო, მისი თქმით, საქართველოს „მნიშვნელოვანი ეკონომიკური გაუმჯობესებისა“ და სხვადასხვა რეიტინგის მიმოხილვას.

დაიკვეხნა „განსაკუთრებული გამძლეობით … გარე შოკების მიმართ“ და, ასევე:

  • 2021-2024 წლებში „საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდით - 9.7%-ით“, - რაც პოსტპანდემიური აღდგენისა და რუსეთ-უკრაინის ომის თანმდევია როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისათვის;
  • სახელმწიფო ვალის 39.3%-მდე, ფისკალური დეფიციტის - 2.5%-მდე შემცირებითა და დაბალი ინფლაციით.

ახსენა „სიღარიბის განახევრება“ და თქვა, რომ „სიღარიბის მაჩვენებლების განახევრების მიუხედავად, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრშია“.

თუმცა არ უთქვამს, რომ ამ მტკიცებაში იგულისხმება აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება. აბოლუტური სიღარიბის დონის შემცირება ნიშნავს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის დონის შემცირებას, თუმცა მათი უმეტესობა კვლავ რჩება ზოგად სიღარიბეში.

დასაქმების მაჩვენებლებზე საუბრისას თქვა, რომ 2023 წელს უმუშევრობის დონემ „იკლო რეკორდულ მაჩვენებლამდე და 13.7% შეადგინა“, - „სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდის პარალელურად“.

არ უთქვამს, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 2023 წელს კი აღემატებოდა 2019-22 წლების მაჩვენებლებს, მაგრამ 2012-18 წლებისაზე ნაკლები იყო; არც ის, რომ საქართველოში უმუშევრობის დონის კლებას მხოლოდ დასაქმების ზრდა კი არა, წლების განმავლობაში სამუშაო ძალის კლებაც განაპირობებს.

პრემიერ-მინისტრმა ჩამოთვალა ექვსი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც, მისი თქმით, „საქართველოს ეფექტიანი წინსვლა და მიღწევები სათანადოდ არის ასახული“.

მიმართვა მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას“, - განაცხადა პრემიერმა და „საქართველოს ყველა მოქალაქეზე“ დასვა აქცენტი.

გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მიმართა „ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში“:

„ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში“.

ამ მიმართულებით ახალი არაფერი უთქვამს და ახალი დაპირება არ გაუცია.

„ქართული ოცნების“ შიდაპოლიტიკური საარჩევნო რიტორიკისგან განსხვავებით, არც ის უთქვამს, რომ „ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი“.

მხოლოდ ასე მიმართა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს:

„საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში“.

ირაკლი კობახიძემ გამოსვლა ასე დაასრულა:

„ვიყურებით რა მომავალში და, ამავე დროს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ვემსახურებით აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ გზით კი ჩვენ ავამაღლებთ ადამიანის ღირსებას არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა მომავალი თაობის საკეთილდღეოდ“.

კობახიძე აშშ-ში

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩასულ ირაკლი კობახიძეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიღებაზე მიწვევა გაუუქმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ მიწვევა „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ უარყოფითი რიტორიკის გამო“ გაუქმდა და ასევე, ამავე მიზეზით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა - „ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზეც“.

ყოფილი დიპლომატები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დიპლომატიური რევერანსების დრო ამოიწურა და სრულიად ლოგიკური დემარშით დასრულდა „ქართული ოცნების“ მიერ ამერიკული მხარის მოთმინების გამოცდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG