Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაცივრების გამო? - უკრაინამ საქართველოდან დროებითი რწმუნებულიც გაიწვია


უკრაინამ საქართველოში ცოტა ხნის წინ მივლენილი დროებითი რწმუნებული გაიწვია - ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები კვლავ დაბალ ნიშნულზეა.
უკრაინამ საქართველოში ცოტა ხნის წინ მივლენილი დროებითი რწმუნებული გაიწვია - ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები კვლავ დაბალ ნიშნულზეა.

უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა საქართველოში მივლენილი დროებითი რწმუნებული გაიწვია. დასაბუთებისას თქვა, რომ რწმუნებულს „აბსოლუტურად არ ესმის“ ომში მყოფი ქვეყნის დიპლომატიის რეალიები, უკრაინას კი საკუთარი დიპლომატებისაგან სჭირდება „კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და პროაქტიულობა“. 

თბილისმა, განსხვავებით ელჩის გაწვევის ორი წლის წინანდელი შემთხვევისგან, ეს ამბავი მშვიდად მიიღო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, „ეს არ არის პოლიტიკური აქტი“.

ეს იმიტომ, რომ, კობახიძის თანახმად, რწმუნებულმა შეიძინა „საყოფაცხოვრებო ნივთები - მაცივრები“, - რაც კიევმა ომის პირობებში „არაადეკვატურად“ ჩათვალა. უკრაინის საელჩოს ეს არ დაუდასტურებია.

საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები კი კვლავ დაბალ ნიშნულზეა. ამას, ერთი მხრივ, უკრაინის მოქალაქისა და მაღალჩინოსნის, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, მეორე მხრივ კი, რუსეთ-უკრაინის ომზე საქართველოს ლიდერების პოზიციები განაპირობებს.

რწმუნებულის გაწვევა

უკრაინის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ 8 სექტემბერს, ელჩებსა და კონსულებთან თათბირის შემდეგ გამოაცხადა, რომ საქართველოში დროებით რწმუნებულს, მიხაილო ხარიშინს, გრძელვადიანი მივლინება შეუწყვიტა.

მიხაილო ხარიშინი, უკრაინის აწ უკვე ყოფილი დროებითი რწმუნებული საქართველოში
მიხაილო ხარიშინი, უკრაინის აწ უკვე ყოფილი დროებითი რწმუნებული საქართველოში

ეს 5 სექტემბერს დანიშნული სიბიგას ერთ-ერთი პირველი საკადრო გადაწყვეტილებაა.

სიბიგამ მიზეზად დაასახელა, რომ ხარიშინს „აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალიები“.

მისი განცხადებით, ელჩები ომის რეალიებს მოწყვეტილი ვერ იქნებიან.

მინისტრის თანახმად, ელჩებს განუსაზღვრა მუშაობის ეფექტიანობის კრიტერიუმები - კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და პროაქტიულობა.

ფეისბუკზე იმავე პოსტში, სადაც მინისტრმა ხარიშინის გათავისუფლება გამოაცხადა, დაწერა, რომ დიპლომატებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა უკრაინული დიპლომატიის უპირობო პრიორიტეტებს: იარაღსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა საჭიროებებს.

„უკრაინულმა დიპლომატიამ ყოველდღიურად უნდა იმუშაოს თავდაცვის ძალებისთვის“, - მიიჩნევს ის.

„მე ძალიან კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ უნდა შესრულდეს სამუშაო უფრო ეფექტურად. დღეს ყველა ელჩი უნდა ასრულებდეს მწვრთნელის როლს, რომელიც არ ელოდება მითითებას ცენტრიდან, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მე მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერი: „საუბარია სარეცხ მანქანებზე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხარიშინის გაწვევა „არ არის [კიევის] პოლიტიკური აქტი“.

კობახიძემ გაიხსენა 2022 წლის მარტში საქართველოში უკრაინის სრულუფლებიანი ელჩის, იგორ დოლგოვის გაწვევა და თქვა:

„მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ, იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია ელჩი… ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ „კონკრეტულმა წარმომადგენელმა … შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც, მიმდინარე ომის ფონზე, ჩაითვალა არაადეკვატურად და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი“.

„საუბარია სარეცხ მანქანებზე“, - თქვა პრემიერმა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა უკრაინის საელჩოს საკითხის დაზუსტების თხოვნით, თუმცა საელჩოს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ყოფილი დიპლომატი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ „ეს არ არის პრემიერ-მინისტრის დონის განცხადება“:

„ასეთი განცხადებები არასერიოზულია. საქართველოს რეპუტაციას არ უხდება, როდესაც პრემიერ-მინისტრი შედის ასეთ მსჯელობაში“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

რა გავლენა ექნება ურთიერთობებზე?

გიორგი ბადრიძე ასევე მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ რწმუნებულის გაწვევაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საფუძველზე უნდა იმსჯელოს.

„იქ [საგარეოს განცხადებაში] ნათქვამი იყო, რომ მათ აქვთ პრეტენზიები დროებითი რწმუნებულის მუშაობასთან და ეს ორმხრივ ურთიერთობებს არ უნდა მივაბათ. ეს არ არის აუცილებლად აღსაქმელი, როგორც უკრაინის ჟესტი საქართველოს მიმართ. იგი მათი თანამშრომელია და აქვთ უფლება, იყვნენ კმაყოფილნი ან უკმაყოფილონი“, - ამბობს ბადრიძე.

გიორგი ბადრიძე, „რონდელის ფონდის“ უფროსი მკველვარი, საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში
გიორგი ბადრიძე, „რონდელის ფონდის“ უფროსი მკველვარი, საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში

საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხაზს უსვამს, რომ მიხაილო ხარიშინი სულ რამდენიმე კვირის ჩამოსული იყო საქართველოში.

„ეს გადაწყვეტილება უფრო ატარებს პერსონალისტურ ხასიათს, ვიდრე სისტემურ მიდგომას. ამ გადაწყვეტილებით არ გავაკეთებდი დასკვნას იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ახალ დროებით რწმუნებულთან დაკავშირებით“, - ამბობს იგი.

რწმუნებულები ელჩების ნაცვლად

იმის მიუხედავად, რომ მიხაილო ხარიშინის კიევში გაშვება მსუბუქად მიიღო, საქართველოს ხელისუფლებას დაძაბული ურთიერთობები აქვს უკრაინის მთავრობასთან და ორ ქვეყანას შორის ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობებიც დაბალ დონეზეა.

„ეს არის ურთიერთობების დაბალი დონე, ვინაიდან ქვეყნები სრულფასოვნად წარმოდგენილები არ არიან“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი.

ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში
ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში

უკრაინას ორ წელზე მეტია საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს. საქართველოს კი - წელიწადზე მეტია, არ ჰყავს ელჩი უკრაინაში.

2023 წლის ივლისში კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა, - უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე.

ამჟამად უკრაინაში საქართველოს დროებითი რწმუნებულის ფუნქციებს ასრულებს ლევან წურწუმია.

„დროებითი რწმუნებული არის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, თუმცა ის, ბუნებრივია, არ გადასცემს აგრიმანს [რწმუნებათა სიგელს პრეზიდენტს] და ამ ფორმალობებს არ გადის, - განსხვავებით სრულუფლებიანი ელჩისაგან“.

ლევან წურწუმიას უკრაინელი კოლეგა მიხაილო ხარიშინი იყო. მისი გათავისუფლების შემდეგ, „უნდა ველოდოთ ახალი დროებითი რწმუნებულის დანიშვნას… ეს მეტყველებს, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ურთიერთობებს დროებითი რწმუნებულების დონეზე“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

„ცივი ომი“

„უკრაინას საქართველოში რომ ელჩი არ ჰყავს და წარმოდგენილია დროებითი რწმუნებულით, ეს ასახავს იმ პოლიტიკურ რეალობას, რაც გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების განცხადებებითა და ქცევით“, - ამბობს გიორგი ბადრიძე.

„საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს თუ შევხედავთ, ომის დაწყების შემდეგ უკრაინისადმი სოლიდარობის ნაცვლად ვიხილეთ რუსეთთან გაზრდილი ეკონომიკური თანამშრომლობა და ცივი ომის მსგავსი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ“, - მიიჩნევს ის.

უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს ორი ძირითადი საკითხი განაპირობებს:

  1. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოს ლიდერების განცხადებები;
  2. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე, - სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მაღალ თანამდებობას იკავებდა პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში.

სწორედ მიხეილ სააკაშვილის საკითხი - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება - დაასახელა კიევმა მიზეზად, როდესაც საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის წინა ხელისუფლებამ მოქალაქეობა შეუჩერა, კიევში 2019 წლის 29 მაისს დაბრუნდა - მას ახალმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოქალაქეობა აღუდგინა
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის წინა ხელისუფლებამ მოქალაქეობა შეუჩერა, კიევში 2019 წლის 29 მაისს დაბრუნდა - მას ახალმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოქალაქეობა აღუდგინა

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არც 2022 წლის ომის დაწყებამდე ყოფილა იდეალური, რაზეც ძირითადად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მოქმედებდა უარყოფითად, - სააკაშვილი ზელენსკიმ 2020 წლის მაისში უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

ბრალდებები „ომში ჩართვაზე“

მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის მთავრობისადმი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულებები ქვეყნის უფრო ფართო ანტიდასავლურ შემობრუნებასთან ერთად ვითარდებოდა.

  • საქართველოს მთავრობის წევრები უკრაინის მთავრობის წევრებს „ომში ჩათრევისა“ და „მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში“ სდებდნენ ბრალს, - რაც, საბოლოოდ, შეთქმულების თეორიაში ჩაეწერა და, „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებით ახსნეს;
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატად დღემდე არ ჩასულან, - განსხვავებით დასავლელი პარტნიორებისაგან. მხოლოდ 2022 წლის აპრილში გაემგავრა უკრაინაში, მათ შორის ბუჩაში, პარლამენტის დელეგაცია;
  • ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის მაისში, - მაშინ მთავრობის მეთაურის პოსტს იკავებდა, - განაცხადა, რომ „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატოს წევრი“, რის გამოც საშინაო და საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა.

გარდა ამისა, 2023 წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოში, „უცხო ქვეყნების დაფინანსებით“ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა.

„გადატრიალება“ და „ტერაქტი“

„გეგმის ერთ-ერთ ავტორად“ სუსმა დაასახელა გიორგი (გია) ლორთქიფანიძე - უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, რომელიც წარსულში საქართველოს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო.

ორგანიზატორთა შორის უწყებამ დაასახელა, მათი მტკიცებით, „ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის პირები“:

  • სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, - რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა;
  • უკრაინაში მებრძოლი, „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა აქვს გამოცხადებული.

„დამფინანსებელი უცხო ქვეყნები“ სუსს არ დაუზუსტებია. დასახელებული პირები კი სუსის ბრალდებას უარყოფენ.

2024 წლის თებერვალში კი სუსმა განაცხადა, რომ უკრაინიდან საქართველოს გამოყენებით რუსეთში „ტერაქტი“ აღკვეთა. უწყების მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინიდან, ქალაქ ოდესიდან შემოიტანეს. საქართველომდე ტვირთმა გამოიარა რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, 19 იანვარს კი თურქეთიდან „სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა.

გამოძიების ვერსიით, ასაფეთქებლები შემოიტანეს უკრაინის მოქალაქის კუთვნილი „მინივენით“. ვინ იყო ეს უკრაინის მოქალაქე, სუსს არ დაუზუსტებია.

თუმცა სუსის მტკიცებით, ამ სქემას ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი ანდრეი შარაშიძე, - ზელენსკის თანაპარტიელი.

უკრაინამ თქვა, რომ ინფორმაციას შეამოწმებდა, ქართულ მხარეს კი საქმის პოლიტიზებისგან თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG