გიამბობთ მარტივად და გასაგებად:
- რას ვიგებთ სუსის ვერსიიდან;
- ვის ადანაშაულებს უსაფრთხოების სამსახური „ტერაქტის ორგანიზებაში“;
- რა კითხვები რჩება და ჩნდება მთელ ამ ამბავზე.
„ტერაქტი“
სუსის ცნობით, უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში, ვორონეჟში შენიღბულად გზავნიდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რომელსაც ხალხმრავალ ადგილას „დიდი მსხვერპლის“ გამოწვევა შეეძლო.
გამოძიების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც ელექტრომანქანის ორ ცალ აკუმულატორში იყო დამალული, შეიცავდა C-4-ს.
C-4 სამხედრო წარმოების პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერებაა.
უწყების თანახმად, აღმოჩენილი C-4-ის წონა 14 კილოგრამს აღწევს, - ოღონდ ეს 14 კილოგრამი ნივთიერება ექვს მოწყობილობაში იყო გადანაწილებული;
ექვსივე ასაფეთქებელ მოწყობილობაში (გამოძიება მათ „ინდივიდუალურ ყუთებს“ უწოდებს) დამონტაჟებული იყო ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, „რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო“.
სუსის შეფასებით, „ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს“.
სუსის მტკიცებით, მოწყობილობების შესწავლით დაადგინეს, რომ „ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე“.
რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს 14 კგ C-4-ის აფეთქება?
- 14 კილოგრამ C-4-ს აქვს დაახლოებით 78.5 გიგაჯოულის მოცულობის გამანადგურებელი ენერგია. ასეთ აფეთქებას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ინფრასტრუქტურას, ავტომობილებსა და პერსონალს გარკვეულ რადიუსში, თუმცა ზიანის ტიპი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა ასაფეთქებლის ზუსტი მდებარეობა თუ გარემო;
- ამ მოცულობის ასაფეთქებლის 6 ცალკეულ მოწყობილობად დაშლის შემთხვევაში, საერთო დამანგრეველი პოტენციალი მცირდება, თუმცა კვლავ შესაძლებელია ზიანის მიყენება.
მარშრუტი
სუსის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინიდან, ქალაქ ოდესიდან შემოიტანეს.
საქართველომდე ტვირთმა გამოიარა რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, 19 იანვარს კი თურქეთიდან „სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა.
გამოძიების ვერსიით, ასაფეთქებლები შემოიტანეს უკრაინის მოქალაქის კუთვნილი „მინივენით“. ვინ იყო ეს უკრაინის მოქალაქე, სუსს არ დაუზუსტებია.
სუსის თანახმადვე, ასაფეთქებლების გატანა რუსეთის ფედერაციაში, ვორონეჟში იგეგმებოდა „დარიალის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტით.
უწყების თანახმად, ეს მარშრუტი დადგინდა „კომპლექსური გამოძიების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა და ამოღებული აუდიო ფაილების საფუძველზე“.
ვორონეჟი დასავლეთ რუსეთშია. ქალაქზე გადის მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც დასავლეთ რუსეთს ურალსა და ციმბირთან აკავშირებს; ასევე, აკავშირებს რუსეთს კავკასიასა და უკრაინასთან. ვორონეჟში მდებარეობს სხვადასხვა სამხედრო ობიექტი. ევგენი პრიგოჟინის აჯანყებისას, „ვაგნერმა“ მათ უმრავლესობაზე დროებით დაამყარა კონტროლი.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის „ფარული სქემა“
როგორ მოხდა ისე, რომ ასაფეთქებლები რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სპეცსამსახურებს გამოეპარათ და საქართველოს უშიშროების სამსახურს არა, სუსს არ განუმარტავს.
უწყება მხოლოდ იმას ამბობს, რომ მანქანა, სადაც „აკუმულატორები“ იყო დამალული, „წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე“ გაჩხრიკეს.
არც ის უთქვამთ, ვინ მიაწოდა ოპერატიული ინფორმაცია, - ან რას შეიცავდა ეს ინფორმაცია კონკრეტულად.
გამოძიების ვერსია ასეთია:
- ჩხრეკისას მიაგნეს ორ აკუმულატორს, სადაც სამ-სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული;
- შემდეგ საქმეში ჩართეს გამნაღმველები, რომელთაც აკუმულატორებიდან ამოიღეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და C-4;
- ნივთიერება რომ C-4 იყო, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ექსპერტიზისათვის გადაგზავნის შემდეგ გაირკვაო, ამბობენ უწყებაში.
ამის შემდეგ სუსი მოვლენების განვითარებას ასე აღწერს: მისმა თანამშრომლებმა აკუმულატორებს პირვანდელი სახე მისცეს და მანქანაში დააბრუნეს, რათა დამკვეთსა და შემსრულებლებს ეჭვი არ აეღოთ, რომ მათი სქემა გაშიფრესო.
ასე რომ, თბილისში აღმოჩენილი ამანათის შემდგომი გადაადგილების პროცესს კონტრტერორისტული ცენტრი აკონტროლებდა, - გამოძიების თანახმად, სწორედ ამ ეტაპზე სურდათ, დაედგინათ მარშრუტი, საბოლოო მიზანი და, რაც მთავარია, დამკვეთის და სხვა მონაწილე პირების ვინაობა.
„ცვლილება გეგმაში“
სუსის გამოძიების თანახმად, თავდაპირველი გეგმით, ორივე აკუმულატორი - ანუ ბომბების „კონტეინერი“ - ვორონეჟში უნდა მოხვედრილიყო. მაგრამ „მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა“:
- პროცესში ჩართულმა პირებმა ერთ-ერთი კონტეინერის (რომელშიც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო) საქართველოდან გატანა სცადეს „დარიალის“ გამშვები პუნქტიდან;
- ხოლო მეორე კონტეინერი - ასევე სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით - დატოვეს თბილისში „კონკრეტულ მისამართზე“.
სუსი იუწყება, რომ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა საბოლოოდ სწორედ იმ დროს ამოიღეს „გზავნილი“, როდესაც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაეკვეთა - საქართველოს მხრიდან.
„თბილისში დატოვებული სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა რუსეთში გასატანად იყო განკუთვნილი, თუ საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად უნდა დარჩენილიყო, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს“, - აცხადებს სუსი.
„შემსრულებლები“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის შიგნით გადაადგილებაში - ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში - ჩართული იყო:
- საქართველოს 7
- უკრაინის 3
- და სომხეთის 2 მოქალაქე.
მაგრამ, გამოძიების ვერსიით, სქემის მონაწილეებისთვის, გარდა ორგანიზატორისა, სავარაუდოდ, ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ.
სუსს არ უთქვამს, რომ ამ საქმეზე ვინმე დაკავებულია.
„ორგანიზატორი“
სუს-ის მტკიცებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ მთელს ამ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი, ბათუმელი ანდრეი შარაშიძე.
სუს-ი ასევე წერს, რომ ანდრეი შარაშიძე 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადის არჩევნებში ოდესის კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი იყო პარტიიდან „ხალხის მსახური“.
ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიაა.
სუსის თანახმად, შარაშიძე უცხოეთიდან „აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა“ საქართველოში ასაფეთქებელი მოწყობილობების მოძრაობას.
ამ სახელისა და გვარის ადამიანი 2020 წელს მონაწილეობდა უკრაინის ადგილობრივ არჩევნებში, ოდესის ოლქში, თუმცა წარუმატებლად.
სუსი აცხადებს, რომ ის ბათუმშია დაბადებული, თუმცა თავად ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც 2020 წლის 7 ოქტომბერს აქვს გამოქვეყნებული, ამბობს, რომ ოდესაში დაიბადა და გაიზარდა.
მისი ფეისბუკის გვერდზე ბოლო აქტივობა 2020 წლის 24 ოქტომბრით თარიღდება - არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.
გვერდის თანახმად ჩანს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობდა - ხვდებოდა მოსახლეობას, ესაუბრებოდა მათ და პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა. გვერდიც საარჩევნოდ შეიქმნა და არჩევნებში დამარცხების შემდეგ მივიწყებულია.
ერთ-ერთი ადგილობრივი მედია მას უწოდებს „ყველის მწარმოებელ ბიზნესმენს“; თავად კი ერთ-ერთ პოსტში წერს, რომ 2010 წლიდან არის წარმატებული ბიზნესმენი, იცის, როგორ მართოს გუნდი და მზადაა, ცხოვრება დაუთმოს ქალაქის განვითარებაზე ზრუნვას.
უკრაინის სამეწარმეო რეესტრში ამ სახელისა და გვარის მქონე ადამიანზე დარეგისტრირებულია „სავრანის ყველის საწარმო“ და „სავრანის კოოპერატივი“ (სავრანი ოდესის ოლქში მდებარეობს).
გამოძიება
სუსის თანახმად, გამოძიება გრძელდება.
უწყების სიტყვებით, „მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით“.
გამოძიება დაწყებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვის მუხლით. ბრალდება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თუმცა, სუსის თანახმადვე, გამოძიების პროცესში შესაძლოა „დაზუსტდეს კვალიფიკაცია“ და გამოძიება გაგრძელდეს ასევე „ტერორისტული აქტის მომზადების“ მუხლით.
ეს ბრალდება უკვე ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„პრევენცია“
5 თებერვალსვე კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა, ბაჩა მგელაძემ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ სუსის მიერ ამ საქმის აღკვეთა იყო,
- ერთი მხრივ, „საქართველოზე ნებისმიერი ტერორისტული თავდასხმის პრევენცია“;
- მეორე მხრივ, „პრევენცია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არ იქნა გამოყენებული ტრანზიტად“.
სუსი ასევე აცხადებს, რომ აქვს ეჭვი, „საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში“.
ბაჩა მგელაძის განცხადებითვე, ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ითანამშრომლებს „არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ იმ ქვეყნებთანაც, სადაც ამ ტვირთმა გაიარა“.
უკრაინასთან დაკავშირებით კი განაცხადა: „უკრაინულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია, უფრო მეტი დეტალი და მათგან ველით შესაბამის ინფორმაციას, რაც გამოძიებას წაადგება და გარკვეულ დეტალებს დაადასტურებს“.
ოდესაში უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკრაინულ გამოცემა Hromadske-ს განუცხადა, რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ ამ ინციდენტზე და მხოლოდ მედიიდან შეიტყვეს
„უკრაინის გაშავება“
„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სუსის გავრცელებული ცნობები „ბუზისგან სპილოს გამოყვანის“ მცდელობაა.
„საიდან იციან საქართველოს სუსში, რომ უკრაინელებს უნდოდათ ვორონეჟში ისეთი აფეთქება, რომ ადამიანური მსხვერპლი გამოეწვიათ და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაეზიანებინათ? რატომ არ შეიძლება, რომ ეს ნივთიერება განკუთვნილი ყოფილიყო რუსულ სამხედრო ობიექტზე შეტევისთვის? რანაირად შეიძლება იცოდეს სუსმა, უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ქართული წარმოშობის პირს რა მიზანი ჰქონდა რუსეთში?“ - ეუბნება შოთა უტიაშვილი რადიო თავისუფლებას.
უტიაშვილის თქმით, თუკი უკრაინიდან მართლაც იგეგმებოდა რაიმე, სუსს შეეძლო, პირდაპირ „უკრაინისთვის მიემართა, თქვენი მოქალაქე ასაფეთქებელ ნივთიერებას აგზავნის საქართველოში; ან თუ უკრაინელებს არ ენდობა, ამერიკელებისთვის ეცნობებინათ, „უკრაინელები ასე იქცევიან და თავი დაგვანებონ“. არც ერთი გააკეთეს და არც მეორე“.
„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევრის თქმით, ამის მიზანი იყო:
- „რუსეთისთვის ეთქვათ, რომ უკრაინელების ტერაქტი აგაცილეთ თავიდან;
- ამავე დროს, შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ და ეთქვათ, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის პარტიაო“.
- მისი თქმით, მთელი ეს ამბავი ასევე აჩენს შთაბეჭდილებას, რომ სუსის მიზანი იყო არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ „უკრაინის გაშავება“.
„მოკლედ, ვხედავთ პროპაგანდას და სხვა არაფერს. იმდენად დიდია პროპაგანდისტული ელემენტი, რომ მთლიანად ფარავს, თუ რამე იყო რეალური“, - ვარაუდობს იგი და უსაფრთხოების სამსახურისადმი არსებული ნდობის დეფიციტზე მიუთითებს.