გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ - ბოლო კინოთეატრი, რომელიც თითქმის 80 წლის წინ, 1939 წელს, სწორედ კინოს ჩვენების ფუნქციით აშენდა და მიხეილ ჭიაურელის ფილმით „დიადი განთიადით“ გაიხსნა.
უკვე რამდენიმე თვეა, კინო „რუსთაველი“ დაკეტილია. მისი მფლობელები გეგმავენ „შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“. ამის თაობაზე მერიის არქიტექტურის სამსახურში რამდენიმე დღის წინ ესკიზის შეთანხმების შესახებ განაცხადიც შევიდა.
მოკლედ რომ ვთქვათ, კინოთეატრის რეკონსტრუქციის იდეა ის არის, რომ შენობაში სასტუმრო მოეწყობა, თუმცა დარჩება ერთი ან ორი კინოდარბაზიც.
თბილისის ბოლო კინოთეატრის შესაძლო აღარარსებობაზე მისი გულშემატკივრები ბოლო დროს სოციალურ ქსელშიც ჩივიან.
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა საჯაროდ დაწერა, რომ დაუშვებლად მიაჩნია „ჯოხთაბერიძის შევარდენიან კოშმარზე“ სწორების ტენდენცია და შენობისთვის ახალი მოცულობის დამატება.
„დაუშვებლად მიმაჩნია ფუნქციის შეცვლა!
„რუსთაველი“ პრაქტიკულად უკანასკნელია იმ კინოთეატრებს შორის, რომელსაც არ შეუცვლია ფუნქცია.
საბედნიეროდ არქიტექტურის სამსახურმა და საბჭომ პროექტი დაიწუნა!
აუცილებელია სასწრაფოდ გაფორმდეს ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მფლობელს შორის სადაც ჩაიწერება, რომ შენობას აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეს ფუნქცია!
თუ თბილისის მერიას აქვს შესაძლებლობა, კარგი იქნებოდა გამოესყიდა შენობა და გაეკეთებინა მუნიციპალური კინოთეატრი (ყველა თავმოყვარე ქალაქს ასეთი გააჩნია)!
თამარ ამაშუკელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შენობას შესაძლებელია დაემატოს ახალი ფუნქცია - მას ჰყავს თავისი კერძო მესაკუთრე, რომელსაც, შესაძლოა, სურდეს ეს შენობა გახდეს ეკონომიკურად მეტად სარფიანი, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მისი მთავარი ფუნქციის შენარჩუნებით.
„მოცულობის გაზრდა არის შეუძლებელი! და ამას ვხედავთ პროექტში, რომელიც უკვე გასაჯაროვდა. ეს ნიშნავს, რომ კინო „რუსთაველი“ სიმაღლით უნდა გაუთანაბრდეს გია ჯოხთაბერიძის გალერეას. არ შეიძლება სწორება გავაკეთოთ ისედაც შეუსაბამო შენობებზე. ეს არის კანონის დარღვევა!“.
კინო „რუსთაველის“ შენობას ძეგლის სტატუსი 1988 წელს მიენიჭა და როგორც ამაშუკელი ამბობს, ამ დრომდე, არც ერთხელ ეს სტატუსი ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. შენობის არქიტექტორი ნიკოლოზ სევეროვია. მანვე დააპროექტა ეროვნული მუზეუმის შენობაც და როგორც თამარ ამაშუკელიც გვეუბნება, კინო „რუსთაველი“ თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია:
„ეს შენობა არის პოსტკონსტრუქტივიზმის სტილის შენობა, პოსტკონსტრუქტივიზმი კი - ეს არის 1932-37 წლებში ჩამოყალიბებული და გავრცელებული შუალედური სტილი, რომელიც ერთი არქიტექტურული სტილიდან (კონსტრუქტივიზმიდან) მეორეზე (სტალინურ ამპირზე) გადასვლამ წარმოქმნა. დიდი ხნის განმავლობაში მას სათანადო ყურადღებას არც ისტორიკოსები და არც არქიტექტორები უთმობდნენ, მიიჩნევდნენ რა გარდამავალ ეტაპად, ამ პერიოდის არქიტექტურის ძირითადი მახასიათებლებია კონსტრუქტივისტული არქიტექტურის ზომიერად “გამდიდრების” მცდელობა და მისი “ზედმეტი ასკეტიზმის” დაძლევა. ჩვენ ამ სტილის რამდენიმე შენობა შემოგვრჩა - „იმელის“ შენობა, რომლის უკანა, კონსტრუქტივისტული ნაწილი პრაქტიკულად აღარ არსებობს, ასეთი იყო ე.წ. „ჩაი გრუზიას“ შენობა, ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც დღეს ასევე პრაქტიკულად განადგურებულია და მხოლოდ ფასადიღაა დარჩენილი. კინოთეატრი „რუსთაველიც“ პოსტკონსტრუქტივიზმის სტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია - მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ფასადი და ქანდაკებები, არამედ მისი გეგმარება და ფუნქცია. თბილისში იყო ძალიან ბევრი კინოთეატრი საბჭოთა კავშირამდეც და მის დროსაც. დღეს კი ჩვენ დაგვრჩა ეს ერთადერთი კინოთეატრი, რომელსაც ამდენი წელი ფუნქცია არ შეუცვლია. ეს არის ჩვენი ბოლო კინოთეატრი, რომელიც კინოთეატრად აშენდა. ამიტომ არის დაუშვებელი მისი ფუნქციის შეცვლა“, - გვითხრა თამარ ამაშუკელმა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ მერიასთან არსებულმა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ წარდგენილი ესკიზი განიხილა და ამ ეტაპზე მის ავტორებს უარი უთხრა. ესკიზის დამტკიცების შემთხვევაში, შემდგომი ნაბიჯი იქნებოდა მერიაში პროექტის შეტანა, თუმცა პროექტის შეტანამდე საქმე არ მისულა.