Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭო ან პოლიტიკა: რით დასრულდება დოლიძე-ჯანეზაშვილის დაპირისპირება?


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს არასამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭო უნდა დატოვოს, რადგან ის პოლიტიკაშია და საბჭოში დარჩენით კანონს არღვევს.

„ეს ამბავი ხალხს ეხება. ქვეყანას ეხება. სისტემას და კანონს ეხება და კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ეს არ არის ჩემთვის კომფორტული ვითარება, მაგრამ გვერდზე გადავდე პირადი ურთიერთობები და ანა დოლიძის საქმიანობაზე ჩემი აზრი ღიად ვთქვი. ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს, რომ გავჩუმებულიყავი მაშინ, როცა კანონი უხეშად ირღვეოდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იუსტიციის საბჭოს უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

16 ივნისს ნაზი ჯანეზაშვილმა ფეისბუკზე საჯარო პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ ანა დოლიძეს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსართლე წვერს, კანონით არ ჰქონდა პოლიტიკური საქმიანობის უფლება, რომ ის კანონს არღვევდა და მას უნდა დაეტოვებინა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ანა დოლიძემ კი ეს მის ახალ პლატფორმაზე "ორკესტრირებულ თავდასხმად" შეაფასა. ხოლო ჯანეზაშვილის სიტყვებს "კლანის" რიტორიკის ნაწილი უწოდა.

რადიო თავისუფლება: ნაზი, რატომ თქვით ეს ახლა, ადრეც ხომ ხედავდით ანა დოლიძის აქტიურობას? ხომ იცოდით რას საქმიანობდა?

ნაზი ჯანეზაშვილი: თვეები ველოდი, რომ თავად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს არ მოხდა. გამოდის, რომ მეც დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ვარ, ხომ? ანა დოლიძე არღვევს კანონს და ეს არაფერს ნიშნავს, მე კი უნდა დავიცვა კანონი. რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს განსაკუთრებული პრივილეგია?

საჯარო განცხადებამდე ამ საკითხზე ნაზი ჯანეზაშვილს ანა დოლიძესთან პირადი საუბარი არ ჰქონია. როგორც თავად ნაზი ამბობს, ეს არ არის ფინჯან ყავასთან განსახილველი საკითხი.

„ანა დოლიძეს, როგორც საბჭოს წევრს, კანონით ეკრძალება ანაზღაურების მიღება. არათუ მოძრაობის დაფინანსება, ერთი ლარის მიღების უფლებაც კი არ გაქვს, გარდა საბჭოს ხელფასის და პედაგოგიური საქმიანობისა. მაგრამ, ფაქტია, ის არის მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ეს კი ნიშნავს ინტერესთა კონფლიქტს. წარმოიდგინეთ, იუსტიციის მინისტრი მინისტრიც რომ იყოს და რომელიმე NGO-ს დირექტორიც. ასეთი რამ დაუშვებელია“.

ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ანა დოლიძემ უნდა გაასაჯაროოს, თუ ვინ აფინანსებს მის ორგანიზაციას და რა მიზნებით.

მედიაში გავრცელდა ანა დოლიძის მოძრაობის ერთ-ერთი სავარაუდო დამფინანსებლის (ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, მეტსახელად „რიჟა“) ვინაობა, თუმცა ამ დრომდე თავად ანა დოლიძეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

იცოდა თუ არა ანა დოლიძემ კოლეგის აზრი ამ საკითხზე? ჯანეზაშვილი ამბობს, რომ იცოდა და მისი ეს პოზიცია დოლიძემ 9 თვის წინ, საბჭოს სხდომაზე მოისმინა.

ანა დოლიძის სავარაუდო პოლიტიკური აქტიურობის საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 2019 წლის შემოდგომაზე დასვეს. მაშინ მათ ანა დოლიძის გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტსაც მიმართეს. ჯანეზაშვილს კი პირდაპირ ჰკითხეს: არღვევს თუ არა დოლიძე თავისი პოლიტიკური საქმიანობით კანონს?

„მე მაშინ ვთქვი, რომ საბჭოს წევრს არ ჰქონდა პოლიტიკური საქმიანობის უფლება, მაგრამ საბჭოს წევრებს ისიც ვუთხარი, რომ მე კლანის განცხადებას პრეზიდენტის სახელზე, ხელს არ მოვაწერდი. ეს უკვე ის პერიოდი იყო, როცა ანა აქტიურად ჩანდა უკვე მედიაში, საუბრობდა გარკვეულ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, პოზიციონირებდა ამ საკითხებზე“.

ამის შემდეგ, როგორც ნაზი იხსნებს, ანა დოლიძე კიდევ უფრო გააქტიურდა. მას ჰყავდა პირადი პრესსამსახური, ჰქონდა ოფისი, სადაც მუშაობდა, ხშირად აქტიურობდა სხვადასხვა საკითხზე. შემდეგ ოფიციალურად დააფუძნა „მოძრაობა ხალხისთვის“. რასაც მოჰყვა კიდეც არასამთავრობოების განცხადება. შემდეგ კი ნაზი ჯანეზაშვილის საჯარო პოსტიც.

„როგორც ჩანს, ანა დოლიძეს არ ეთმობა ეს პოზიცია როგორც ხელფასის, ისე ტრიბუნის თვალსაზრისით. მოვა საბჭოში, იაქტიურებს, მერე ამას გამოიყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, შეუძლია აქ მოიყვანოს კოლეგები და თავისი საარჩევნო კამპანიისთვის ჩაატაროს სხვადასხვა აქტივობები... მართლა არ ვიცი, ამის შემდეგ ანამ როგორ უნდა დააჯეროს ვინმე, რომ მას შეუძლია სასამართლო რეფორმის განხორციელება. ვერ დააჯერებს. რადგან დღეს პოლიტიკოსი ზის საბჭოში“.

ანა დოლიძე - საბჭოში, პოლიტიკაში თუ ორივეგან?

ანა დოლიძე ნაზი ჯანეზაშვილისგან წამოსულ კრიტიკას აფასებს როგორც მისი "ახალი პლატფორმის" წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას და „ორკესტრირებულ კამპანიას“, რომელშიც ნაზი „კლანის“(დიმიტრი გვრიტიშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და სხვები) წვერების რიტორიკას იმეორებს.

ტვ „პირველის“ ეთერში ანა დოლიძემ ნაზი ჯანეზაშვილის ჰიპერაქტიურობას დაკვეთა უწოდა და თქვა, რომ დამკვეთი არის „ქართული ოცნება“. მმართველი პოლიტიკური ძალა, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჯანეზაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ხოლო მის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ დოლიძე უკვე პოლიტიკაშია და პარალელურად იუსტიციის საბჭოს წევრი ვერ იქნება, და იმასაც, თუ რა არის ზოგადად, პოლიტიკა, ანამ ვრცელი პოსტით უპასუხა საკუთარ ფეისბუკგვერდზე, სადაც დაწერა:

  • ზუსტად რას ნიშნავს მისთვის სიტყვა "პოლიტიკა"? ქუჩაში ასფალტის დაგების მოთხოვნაც პოლიტიკაა, ვინაიდან ინფრასტრუქტურული საქმიანობის პოლიტიკის შეცვლას ითხოვს და სკოლაში შვილის ჩაწერის მოთხოვნაც, ვინაიდან საშუალო განათლების პოლიტიკას ეხება. მაშინ, მეგობრებო, იმის შიშით რომ "პოლიტიკის" კეთება დაგვბრალდება საერთოდ არაფერი უნდა ვაკეთოთ, ვისხდეთ სახლში და გვეშინოდეს ვინმე აპარატჩიკმა არ გაგვკიცხოს და შევეგუოთ იმ ყოფას, რომელიც არ გვინდა.
  • როდესაც საბჭოურ-ამხანაგური სტილით შემდეგჯერ ბრალს დაგდებენ, რომ "პოლიტიკურ საქმიანობას" ეწევით, ვიკითხოთ: კონკრეტულად "პოლიტიკის" რა გაგებით? რა ცნებით? რა განმარტებით? ფართო გაგებით, რომელიც ყოველდღიურ- ფილოსოფიურია და რომლის საკანონმდებლო განმარტება არ არსებობს, ეს ყველას მოვლეობაცაა; თუ საკანონმდებლო გაგებით რომელიც პოლიტიკას როგორც პროფესიულ-პარტიულ საქმიანობას ეხება და ბევრად პატარა წრეს?

ანა დოლიძემ ასევე განაცხადა, რომ ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობის დატოვებას გადაწყვეტს მაშინ, როდესაც პოლიტიკური საქმიანობის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ახალი პლატფორმის დამფუძნებლებს, მათ განაცხადეს, რომ ეს არ არის პოლიტიკური გაერთიანება თავისი არსით, თუმცა მისმა წევრმა, ლევან კობერიძემ თქვა, რომ მათ მოძრაობას მოლაპარაკებები აქვს თამარ ხულორდავასთან, გიორგი მოსიძესთან, თამარ ჩუგოშვილთან, „ლელოსთან“… და რომ, „რეალურად, ეს არის პლატფორმა, რომელიც მიემართება პოლიტიკისაკენ“.

ალეკო ელისაშვილის, ლევან კობერიძის, თავად ანა დოლიძის გარდა, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილიც იყო ერთ-ერთი, ვინც ბოლო დღეებში ნაზი ჯანეზაშვილი გააკრიტიკა.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ნაზიმ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ახსენა, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს მას ჩუგოშვილმა რამდენჯერმე დაურეკა და ურჩია, რომ საბჭოში „ზედმეტი ხმაურის ატეხვა არ ღირდა“ და რომ ჩუგოშვილისთვის მისი საბჭოში ყოფნა არაკომფორტული იყო.

ნაზი ჯანეზაშვილი: „ჩუგოშვილს არასოდეს დაურეკავს ჩემთვის, არ უთქვამს, ნაზი, რა რეფორმების განხორციელებაა საჭირო, იქნებ რამე გვეშველოს, კანონში ხომ არ შევცვალოთ რამე? არა. მას არ მოსწონდა მის მიერ მხარდაჭერილი წევრის მხრიდან მმართველი პარტიის და სისტემის კრიტიკა. უფრო მეტიც, როცა მე მეთოფიშვილი და კლანის სხვა წვერები თავს მესხმოდნენ გენდერული ნიშნით, მივმართე დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტს დახმარებისთვის, თუმცა ჩემი საქმე დღემდე თაროზე დევს. მაშინ ჩუგოშვილი გენდერული საბჭოს თავმჯდომარე იყო და მე არ მახსოვს მისგან არც ერთი სიტყვა ჩემს მხარდასაჭერად“.

თამარ ჩუგოშვილი: „გამიკვირდა, გაოგნებული ვუსმენდი. ჯერ ერთი, მე ძალიან დიდი როლი მაქვს შესრულებული ნაზი ჯანეზაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად გახდომაში და ერთადერთი მიზეზი მქონდა, რის გამოც მას მხარს ვუჭერდი: მეგონა, ის არ მოექცეოდა პოლიტიკური გავლენების ქვეშ. ახლა რომ ვუსმინე, განცდა გამიჩნდა, რომ შევცდი თავის დროზე მის შეფასებაში“.

„თუ პოლიტიკაში წავა, იუსტიციის საბჭო უნდა დატოვოს“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პარალელურად, ანა დოლიძის საბჭოს გარეთ აქტიურობას აკვირდებოდა არასამთავრობო სექტორი. პირველი საჯარო განცხადება მათ გაავრცელეს 15 ივნისს და ანას მოუწოდეს, დაეტოვებინა თანამდებობა, თუ პოლიტიკურ საქმიანობას აპირებდა.

ამ განცხადების ხელმომწერი ერთ-ერთი ორგანიზაციის, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში მიუთითებს იმ მთავარ მიზეზზე, რატომაც გადაწყვიტა სამოქალაქო სექტორმა მიემართა ყოფილი კოლეგისათვის.

გიორგი განმარტავს, რომ „საქართველოს კანონი საერთო სასამართლოების შესახებ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მოსამართლეებისთვის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ ადგენს ერთნაირ სტანდარტს - მათ ეკრძალებათ როგორც პოლიტიკური პარტიის წევრობა, ისე პოლიტიკური საქმიანობა.

ხოლო ანა დოლიძის ბოლოდროინდელი აქტიურობა, მშვენიერაძის სიტყვებით, სულ უფრო მეტად აჩენდა საზოგადოებაში განცდას, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას, პარტიულ ან საარჩევნო მარათონში ჩაბმას აპირებდა:

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ანა დოლიძეს, რომელიც ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო კლანურობის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავად ეხელმძღვანელა უმაღლესი სტანდარტით და თუკი მისი გეგმები პოლიტიკას დაუკავშირდებოდა, დაეტოვებინა თანამდებობა. ჩვენი განცხადების შემდეგ ახალი ამბის მომსწრენიც გახდით და ამან ჩვენი ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა“, - უთხრა გიორგი მშვენიერაძემ რადიო თავისუფლებას.

ამ განცხადებას ხელს არ აწერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, თუმც კი მისმა თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ასევე საჯაროდ გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ „ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დატოვოს“.

ამ დროს ანა დოლიძეს უკვე დაფუძებული ჰქონდა სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის, რომლის მიზანი, როგორც მაშინ (2020 წლის 21 მაისს) ანა დოლიძე აცხადებდა, იყო „სუფთა ხელებით, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა – ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის!“

დაახლოებით ერთ თვეში, 18 ივნისს კი, ანა დოლიძემ (სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელ ალეკო ელისაშვილთან, ასევე დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად) გაერთიანება „ახალი პლატფორმის“ პრეზენტაცია გამართა.

ახლა სიტყვა ანა დოლიძეზეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის - დატოვებს თანამდებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ღიად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, დაასახელებს მოძრაობის დამფინანსებლების ვინაობას თუ უარს იტყვის პოლიტიკურ კარიერაზე და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის პოსტს დასჯერდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG