Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოლიძე: ვწუხვარ, თუ ჯანეზაშვილი იქნება კლანის კამპანიის სათავეში ჩემს წინააღმდეგ


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს წევრს ნაზი ჯანეზაშვილს მიქაუტაძე-მეთოფიშვილი-გვრიტიშვილის კლანის გვერდით დგომაში ადანაშაულებს. ანა დოლიძე ამბობს, რომ ნაზი ჯანეზაშვილის ჰიპერაქტიულობა დღეს მის მიმართ აფიქრებინებს, რომ იგი სათავეში უდგას კლანის კამპანიას, რომლის მიზანი ანა დოლიძის იმიჯის დაზიანებაა. ანა დოლიძე პოლიტიკური აქტიურობით კანონის დარღვევის ფაქტს გამორიცხავს და მზადაა სამართლებრივმა დავამ სასამართლოში გადაინაცვლოს:

„თუ საუბარია სამართლებრივ საკითხზე, მე ველოდები გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის, ჩინჩალაძის და ნაზი ჯანეზაშვილის ერთობლივ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ იმიტომ, რომ სამართლებრივ დავას ჰყავს თავისი განმსჯელი, განსაჯოს ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლომ“, - უთხრა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ნაზი ჯანეზაშვილს „ქართული ოცნების“ წინაშე ვალდებულებები აკისრია იმის გამო, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის პოლიტიკური მხარდაჭერით დაინიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი 18 ივნისს გამოეხმაურა ანა დოლიძის, ალეკო ელისაშვილისა და ლევან კობერიძის მიერ "ახალი პლატფორმის" შექმნის ცნობას და მოითხოვა, ანა დოლიძემ განმარტოს, ვინ აფინანსებს მის ორგანიზაციას, მოძრაობას „ხალხისთვის“ და რატომ? სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ნაზი ჯანეზაშვილმა დაწერა, რომ ანა დოლიძემ თანამდებობა დღესვე რომ დატოვოს, მას კანონი უკვე დარღვეული აქვს.

ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან შეუთავსებლობის საკითხზე თავისი მოსაზრება ნაზი ჯანეზაშვილმა 16 ივნისსაც გამოხატა:

„სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ“, - აღნიშნავდა ნაზი ჯანეზაშვილი. „თვალის დახუჭვით ე.წ. კლანს არ უნდა დავემსგავსოთ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები“, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე. პოსტში მან ანა დოლიძის ინტერესთა კონფლიქტზე ვრცელი განმარტება გააკეთა და ჩამოთვალა 3 ძირითადი შეზღუდვა, რაც, მისი შეფასებით, ანა დოლიძეს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლებას არ აძლევს.

სამოქალაქო სექტორმა 15 ივნისს ანა დოლიძეს მოუწოდა, დატოვოს თანამდებობა, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან. სამოქალაქო სექტორის განცხადება დაკავშირებული იყო ანა დოლიძის სამოქალაქო ორგანიზაციაში „ხალხისთვის“ საქმიანობასთან.

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” 21 მაისს დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. ამავე დღეს, მან "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა, მოგვიანებით მედიით ისაუბრა ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს მაშინ, როდესაც პოლიტიკური საქმიანობის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, "ხალხისთვის" არა პოლიტიკური, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციაა.

XS
SM
MD
LG