Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი: ანა დოლიძე თანამდებობიდან დღესაც რომ გადადგეს, კანონი უკვე დარღვეული აქვს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მოითხოვს, მისმა კოლეგამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განმარტოს, ვინ აფინანსებს მის ორგანიზაციას, მოძრაობას „ხალხისთვის“ და რატომ? სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ნაზი ჯანეზაშვილმა დაწერა, რომ ანა დოლიძემ თანამდებობა დღესვე რომ დატოვოს, მას კანონი უკვე დარღვეული აქვს.

ნაზი ჯანეზაშვილი გამოეხმაურა ცნობას იმის შესახებ, რომ დღეს 18 ივნისს ანა დოლიძე ალეკო ელისაშვილთან, და ლევან კობერიძესთან ერთად გეგმავს პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმის ხელმოწერას:

„ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას!

როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი“, - წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან შეუთავსებლობის საკითხზე თავისი მოსაზრება ნაზი ჯანეზაშვილმა 16 ივნისსაც გამოხატა:

„სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ“, - აღნიშნავდა ნაზი ჯანეზაშვილი. „თვალის დახუჭვით ე.წ. კლანს არ უნდა დავემსგავსოთ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები“, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე. პოსტში მან ანა დოლიძის ინტერესთა კონფლიქტზე ვრცელი განმარტება გააკეთა და ჩამოთვალა 3 ძირითადი შეზღუდვა, რაც, მისი შეფასებით, ანა დოლიძეს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლებას არ აძლევს.

სამოქალაქო სექტორმა 15 ივნისს ანა დოლიძეს მოუწოდა, დატოვოს თანამდებობა, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან. სამოქალაქო სექტორის განცხადება დაკავშირებული იყო ანა დოლიძის სამოქალაქო ორგანიზაციაში „ხალხისთვის“ საქმიანობასთან.

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” 21 მაისს დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. ამავე დღეს, მან "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა, მოგვიანებით მედიით ისაუბრა ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს მაშინ, როდესაც პოლიტიკური საქმიანობის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, "ხალხისთვის" არა პოლიტიკური, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციაა.

არსებული ინფორმაციით, დღეს ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ანა დოლიძე და ლევან კობერიძე ხელს მოაწერენ ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს.

XS
SM
MD
LG