ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, 8 და 9 მარტს, ეთერში გაუშვა ფარულად ჩაწერილი ორი ვიდეო, რომლებიც, მათი ინფორმაციით, მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ორივე ვიდეოში, თანამოსაუბრეებთან ერთად, ჩანს „ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელი, ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.
დაბალი ხარისხის ვიდეოჩანაწერებში ხმა მკაფიოდ არ ისმის და კონტექსტიც ბუნდოვანია. ორივე ჩანაწერის მიხედვით აღიქმება, რომ თანამოსაუბრეებს ჩამოყალიბებული, ერთიანი პოზიცია არა აქვთ; ისინი ლაპარაკისას კამათობენ და დროდადრო ერთმანეთს არც უსმენენ. კარგად ჩანს, რომ თანამოსაუბრები აქციის მონაწილეთა გარემოცვაში დგანან.
- რა ისმის ფარულ ვიდეოჩანაწერებში?
- რაზე ლაპარაკობს "ოცნება" და მის მიერ დადანაშაულებული პირები?
ვიდეო #1
8 მარტს, ღამით, როცა რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები აქციის მონაწილე ახალგაზრდებს წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და მხუთავი აირით შლიდნენ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ეთერში ფარული ჩანაწერი აჩვენა. ამ დროს გადაცემა „ღამის კურიერის“ სტუმარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იყო.
გადაცემის წამყვანმა, ნინო შუბლაძემ თქვა, რომ ვიდეოჩანაწერში „აკია ბარბაქაძე, გედი ფოფხაძე და გიგა მაქარაშვილი ფიგურირებენ“ და „საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა შეიჭრან პარლამენტში ამაღამ“.
სიტყვა - „ამაღამ“ არ მოხვდა ტიტრებში, რომლებიც უკვე ახლავს „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში 9 მარტს გასულ ამავე ვიდეოფრაგმენტს.
„ხალხი თუ მოვიდა, მივიღოთ ლეგიტიმაცია, ავიღოთ შენობა რა“, „ვინც ინიციატორი იქნება, იმათ დაგვიჭერენ და დამთავრდება“, „ამ შენობის აღების გარეშე არაფერი გამოვა“, „აბა, მაედანი და ქუჩაში ხალხი შანსი არ არის“, „თუ შენობაში შეიყვან, ღამეს გაათევენ... შენობაში შეყვანის გარეშე ხალხი არ დარჩება ღამე“, „თუ ესენი მწვანეს ანთებენ, ესენი გვაძლევენ ამის საშუალებას, უნდა გამოეყოს რაღაც ჯგუფი, პირველი დარტყმა მიიღოს... დანარჩენები აგვყვებიან მერე“, „თუ შენ ლოდინის რეჟიმში იქნები, ყველა ლოდინის რეჟიმში იქნება“, - ამ ფრაზებს სავარაუდოდ გედევან ფოფხაძე წარმოთქვამს, რომელსაც სხვები ამ მსჯელობაში არ ჰყვებიან.
ვიდეოში ჩანს, რომ აკია ბარბაქაძე ძირითადად იცინის და ერთ ეპიზოდში ფოფხაძეს პასუხობს - „გეჩქარება“. სავარაუდოდ, ასევე ის ამბობს ფრაზას - „ნაწილი იძახის, პარლამენტიდან გამოსვლა არაო“. კიდევ ერთ ეპიზოდში, როცა ფოფხაძე სავარაუდო დაჭერაზე ლაპარაკობს - ბარბაქაძე ეუბნება, რომ მას „პაჟიზნენის“ (სამუდამო პატიმრობას) მისცემენ.
გიგა მაქარაშვილი, რომელიც თითქმის ერთი წელია უკრაინაში იმყოფება, ამ ვიდეოში თითქმის საერთოდ არაფერს ამბობს, აქეთ-იქით იხედება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ თანამოსაუბრეებს ყურადღებით არც უსმენს.
ვიდეო #2
„რუსთავი 2“-ის დილის ეთერის საინფორმაციო ნაწილში გაუშვეს „სოციალურ ქსელებში გავრცელებული“ მეორე ვიდეოც, რომელშიც იგივე გედევან ფოფხაძე, ყოფილი დეპუტატი სერგი კაპანაძე და მათი თანამოსაუბრე ქალი ჩანან.
„რუსთავი 2“-ის წამყვანმა თქვა, რომ „ვიდეოში ისმის ფრაზა - მწვანე შუქი გვაქვს ანთებული“, თუმცა ასეთი წინადადება არც ჩანაწერში ისმის და არც ტიტრებშია გამოტანილი.
სერგი კაპანაძე უარყოფითად პასუხობს თანამოსაუბრის შეკითხვას - „ნიშნავს თუ არა ეს მწვანე შუქს?“, მაგრამ არ ჩანს, თუ რის შესახებ არის ეს შეკითხვა.
„რატომ შეიყვეს ეგრე, ვერ გავიგე... შოკოლადში არიან და რატომ შეიყვეს?“ - ისევ ეკითხება თანამოსაუბრე ქალი. პასუხად კი, კაპანაძე სავარაუდოდ ხელისუფლებაზე ლაპარაკობს და ევროკავშირის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და სტატუსის ვერმიღებაზე აკეთებს აქცენტს. „წინ ჰქონდათ სერიოზული პრობლემა ვერშესრულების, სტატუსის ვერმიღების... მანდ ეშინოდათ ხალხის და წინასწარ, ჩამქრალზე აპირებდნენ მოსწორებას... ახლა არ არიან ლეგიტიმური და უნდოდათ რაღაცნაირად იმასექნათ“, - ამბობს ის და ამატებს - „მერე ბრიფინგზე იტყოდნენ, რომ მორჩა მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიტანოთ განაცხადი“.
„ახლა რომ შევარდე აქ, არავინ არ დაგძრახავს“, - ამბობს ერთ მომენტში კაპანაძე. ამ ვიდეოში ფოფხაძეს ეკუთვნის სავარაუდოდ შემდეგი ფრაზები: „ამათმა აღარ დაგვარტყან“; „მიიღონ ეს კანონი და რაც იქნება, იქნება... უნდა ვცადოთ მერე შენობის აღება“, მაგრამ თანამოსაუბრეები ამ თემას აღარ აგრძელებენ.
საუბრის ყველა ეპიზოდს ტიტრები არ ადევს... აცდენილია საუბრისა და ტიტრების შინაარსიც. მაგალითად, ტიტრებში ვხვდებით სიტყვა „პატრიარქს“, რომელიც საუბარში საერთოდ არ ისმის და საუბრისას, სავარაუდოდ, ტიტრებისგან განსხვავებულ კონტექსტშია მოხსენიებული სიტყვა „უკრაინაც“.
ხელისუფლების გადატრიალება?
#1 ვიდეოს ეთერში გასვლას, „რუსთავი 2“-ის გადაცემის სტუმრის, ირაკლი კობახიძის ხანგრძლივი განმარტებები მოჰყვა.
ფოფხაძე, მაქარაშვილი და ბარბაქაძე მან რუსთაველზე მიმდინარე „ძალადობრივი აქციის“ ლიდერებად მოიხსენია და თქვა, რომ ჩანაწერი მისთვის, „ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის“ ფაქტს წარმოადგენს და ეს „უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია“.
კობახიძემ ყოფილ დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს ე.წ. „ნასედკა“ უწოდა, რომელიც შემდეგ „ოცნებაში“ იყო „ჩანერგილი“; აკია ბარბაქაძე „კიტოვანის მეზარბაზნედ“ მოიხსენია და „თბილისში რუსული ტანკების“ შემოსვლის პერსპექტივაც მასვე დაუკავშირა; ხოლო გიგა მაქარაშვილი შეაფასა ჯაშუშად, რომელიც შემდეგ „სირცხვილიაში“ წავიდა და ახლა „ხელისუფლების გადატრიალებას“ ცდილობს. სწორედ მაქარაშვილზე თქვა კობახიძემ, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღება ზუსტად იმიტომაც არის აუცილებელი, რომ „პოლარიზაცია, სისხლის სამართლის დანაშაული და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა აღარასდროს აღარავინ ჩაიფიქროს და, მით უმეტეს, ეს არ დაფინანსდეს სხვადასხვა წყაროდან“.
უხარისხო ვიდეომასალაში მაქარაშვილი თითქმის არაფერს ამბობს და დილით უკვე თავად „რუსთავი 2“-ის წამყვანმაც აღნიშნა, რომ საუბარს მაქარაშვილი მხოლოდ ესწრება.
ამ თემაზე მსჯელობა 9 მარტსაც გაგრძელდა და გამართულ ბრიფინგებზე, ირაკლი კობახიძის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც ილაპარაკა:
- „კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რა იყო გეგმა, მიზანი, რა იგეგმებოდა ბაკურიანში შეხვედრაზე. სწორედ ამის განხორციელების მცდელობა იყო გუშინ და გუშინწინ. ამას ვერასდროს განახორციელებენ. მაგრამ მათ აქვთ რესურსი, რომ რისკის ქვეშ დააყენონ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- „ვნახეთ გუშინ, ადამიანები გეგმავენ პარლამენტის შტურმს, როდესაც პარლამენტში შესვლაზე იყო საუბარი. უდიდესი სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსები გეგმავენ შეტევას საკანონმდებლო ორგანოზე. მეორე ვნახეთ, „სირცხვილიას“ წარმომადგენელი მაქარაშვილი. მნიშვნელოვანია, ამ ორგანიზაციის ფინანსები გამჭვირვალე იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ საკითხზე შეკითხვა 9 მარტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესაც დაუსვეს. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ეს არის „ვიდეომტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები იყვნენ რადიკალური მიზნებით... ერთი იყო პროტესტი, რაც მოჰყვა - რა დაიჯერა და არ დაიჯერეს ადამიანებმა და ამას რა მიზნით იყენებდნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები“.
დაიწყო თუ არა გამოძიება?
საგამოძიებო სტრუქტურებს ამ თემაზე განცხადებები არ გამოუქვეყნებიათ. რადიო თავისუფლებამ მიმართა, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია არც შს სამინისტროდან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. გედევან ფოფხაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამართალდამცველები არც მას დაკავშირებიან.
ჩვენთან საუბარში ფოფხაძე არ უარყოფს, რომ აქციაზეც იყო და მეგობრებს იქ სხვადასხვა თემაზე ელაპარაკებოდა და მათ შორის იყო თემები, რომლებზეც მიკროფონში ან მედიასთან არასოდეს ილაპარაკებდა და ეს მხოლოდ თეორიული ვერსიების განხილვა იყო.
„როდესაც ვიღაც მიდის და ასეთ კერძო საუბარს ჩუმად იწერს, მაშინ ობიექტურობისთვის მთელი საუბარი უნდა ჩაწეროს და თავიდან ბოლომდე გააშუქოს... ეს იყო ზოგადი საუბარი - კანონის მიღების შემთხვევაში რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები. კონტექსტია დაკარგული. პირდაპირ გეტყვით - საერთოდ სხვა რაღაცეებზე ვლაპარაკობდით... ვმსჯელობდით, შეფასებები როგორია ამ [ე.წ. აგენტების] პროექტებზე, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს საგარეო თვალსაზრისით და როგორ შეიძლება თეორიულად ხალხმა ეს გააპროტესტოს... გვინდა ახლა ესკალაცია?! - ეს იყო საუბრის ქვეტექსტი“, - გვეუბნება გედევან ფოფხაძე, მაგრამ არც იმას მალავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას ქვეყნისთვის დამაზიანებლად თვლის.
„ვფიქრობ, რომ ვიღაც იყო პერსონალურად მომაგრებული ჩემზე და ჩასაფრებული იყო - წამომცდენოდა რამე“, - ასეთი ეჭვიც უჩნდება ფოფხაძეს და მისდევს ლოგიკას, რომ „ასეთი რამის დაგეგმვა, აზრად რომ მოგვსვლოდა, რუსთაველის გამზირზე, ამდენ ხალხში, არ დაიგეგმებოდა“. ერთადერთი, რასაც ყოფილი პოლიტიკოსი ნანობს, ის არის, რომ სათანადო სიფრთხილე არ გამოიჩინა უცხოების მიმართ, რომლებიც მას სუსიდან ჰგონია.
სერგი კაპანაძესა და გიგა მაქარაშვილთან საუბარი რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა.
აკია ბარბაქაძე კი ირაკლი კობახიძეზეა გაბრაზებული, მის მიმართ ნათქვამი სიტყვებისთვის - „კიტოვანის მეზარბაზნე“ და თავად მას „ქართული ფაშიზმის გებელსს“ უწოდებს.
„პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს „ანონიმკებით“, მოსმენებით უსწორდებიან და მაგიტომ მოვდივარ პოლიტიკაში, რომ ეგ ყველაფერი აიკრძალოს... მე ღიად მაქვს დაფიქსირებული ჩემი პოზიცია, რომ - არანაირ შენობებში არა აქვს აზრი შევარდნას, ზოგადად. რომ შევარდეს ვინმე [პარლამენტში], რა უნდა გააკეთოს იქ?! ეგ არის გასული საუკუნეების კლიშეები, რომ საჭიროა ფოსტის, ტელეგრაფის, ანძის და რაღაცეების აღება...
საპარლამენტო რესპუბლიკაში ამდენი ხალხი ქუჩაში რომ გამოდის, ნორმალური ქვეყნის ნორმალური ხელისუფლება უნდა გადადგეს და დაინიშნებოდა არჩევნები. მე ამას ღიად ვამბობ - უნდა გადადგეს ხელისუფლება და დაინიშნოს არჩევნები... მაგრამ ეგენი არიან რუსული ფაშიზმის პირმშო ქართული ფაშიზმის შემოქმედები“, - გვეუბნება აკია ბარბაქაძე, რომელიც ამჟამად პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესშია. ის ხაზგასმით ამბობს, რომ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ის არ არის, ახალგაზრდების აქტიურობაში არ ერევა და არც სცენიდან მიუმართავს აქციის მონაწილეებისთვის.
წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლების დროს, ხელისუფლების გადატრიალებასთან დაკავშირებული არაერთი ბრალდება გასაჯაროებულა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხშირად ლაპარაკობდა „ხელისუფლების აყირავებაზე“, „დამხობასა“ თუ „გადატრიალების“ მცდელობებზე და ამას „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებდა. თუმცა ზეპირი ბრალდებების მიუხედავად, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით არავინ დასჯილა და მათ შორის - არც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია 2019 წლის 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ. ამ საქმეზე არავის წაყენებია ბრალი 315-ე მუხლით.
- 2014 წლის აპრილში - გაჩნდა ე.წ. საბურავების საქმე – საქართველოს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით ე.წ. ევრომაიდნის მოწყობას გეგმავდა, რისთვისაც ე.წ. ზონდერჯგუფებს ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა. ბრალდებებში იყო ასევე: ევრომაიდნის აქტივისტების ჩამოყვანა და ტრენინგების ჩატარება. ჭიკაიძე არც სროლას გამორიცხავდა.
- 2015 წლის ოქტომბერში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად დაგეგმილი შეთქმულების თაობაზე. ამ განცხადებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ე.წ. უკრაინულ ვიკილიქსზე გამოქვეყნებული სტენოგრამა-დიალოგი სათაურით „სააკაშვილი ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში“. ვებგვერდის მიხედვით, დიალოგი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის მიმდინარეობდა სტამბოლში, ათათურქის აეროპორტის ვიაიპი დარბაზში, რომელიც 22 ოქტომბერს, დილის ექვს საათზე შედგა.
- 2021 წლის ივნისში - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „სახელმწიფო გადატრიალების“ სცენარის თანამონაწილეობაში, „ქართულმა ოცნებამ“ მათივე გუნდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც დაადანაშაულა. პარტიამ „საქართველოსთვის“ ბრალდებების შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას თავადაც მიმართა, თუმცა, როგორც გვითხრეს, რეაგირება არ მოჰყოლია.
- 2021 წლის 29 ოქტომბერს - არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ იძიებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტს, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით: მტკიცებულებების სახით გამოქვეყნდა 6-წუთიანი აუდიოჩანაწერი, რომელიც სუსის მიხედვით, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე საუბრის ერთი ფრაგმენტია, ხოლო მთლიანი ჩანაწერი 2 საათს გრძელდება.
2022 წელის თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვა რევოლუცია და არეულობა „საქართველოს ომში ჩართვის“ სცენარის ნაწილად აქცია. ეს სცენარი კი, სხვადასხვა დროს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების, პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ახლა უკვე „აგენტების კანონის“ თემებს დაუკავშირა. ამ სცენარის ხელშეწყობაში „ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები საერთაშორისო პარტნიორებსაც ადანაშაულებენ.