ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მარტში ამერიკელები „შეეცდებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას“. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, არძინბას მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში „მეორე ფრონტის“ გახსნაა.
ადრე არძინბამ განაცხადა, რომ "საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია".
თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ "საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს". აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით კი, „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ“.
„მაგრამ ვინ თქვა, რომ არსებული ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით ან თავად არ გახდება იძულებული გახსნას მეორე ფრონტი?“ - იკითხა სერგეი შამბამ.
უკრაინელი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა საქართველოს მოუწოდა, ისარგებლოს უკრაინაში შექმნილი სიტუაციით და გადაჭრას ტერიტორიული პრობლემები, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს. საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტია“ დასავლეთში ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში, რასაც კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.
- ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელია - 2014-2018 წლებში მუშაობდა დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში. ერთი ხანობა ამავე უწყებაში ხელმძღვანელობდა უკრაინის დეპარტამენტს.
- 2018 წელს არძინბა დანიშნეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მიერ შექმნილი ახალგაზრდობის საკითხებში რელიგიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარედ.
- 2015 წლის ნოემბერში უკრაინის პროკურატურამ არძინბას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მომზადებაში, თანამოაზრეების დაქირავებასა და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე სუვერენული სახელმწიფო ერთეულის, "ბესარაბიის", უკანონო გამოცხადების წინაპირობების შექმნაში.
- უკრაინაში არძინბა 2015 წლიდან გამოცხადდა ძებნაში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ნათქვამია, რომ ის ემალება გამოძიების ორგანოებს.