სექსისტური, დისკრიმინაციული, მიზოგინური - ქალთა მოძრაობა კატეგორიულად გმობს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიმართ. მათი დაკვირვებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არჩევნების პერიოდში სანდრა რულოვსისა და სხვა ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსების მისამართით მსგავსი განცხადებებით ილაშქრებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები.
ქალთა მოძრაობა: კეთროვნად უნდა ჩაითვალოს ყველა, ვინც...
„ირაკლი ღარიბაშვილის მესიჯები წარმოადგენს სექსიზმისა და მიზოგინიის მკაფიო მაგალითს პოლიტიკაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქალთა მოძრაობის სპიკერი თათია სამხარაძე. მისი თქმით:
- ასეთი განცხადებები მავნებელია გენდერული თანასწორობისთვის;
- ასეთი განცხადებები საზოგადოებაში წაახალისებს სექსიზმს, მიზოგინიასა და ქალზე ძალადობას;
- კეთროვნად უნდა ჩაითვალოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ქალი პოლიტიკოსების მიმართ მსგავს განცხადებებს გააკეთებს.
თათია სამხარაძე თვლის, რომ ეს ფაქტი მკაცრად უნდა შეაფასოს გენდერული თანასწორობის საბჭომ, რადგან „გენდერული თანასწორობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის როგორც დემოკრატიული, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის“.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს მავნებლურსა და სახიფათოს უწოდებს ქალთა მოძრაობის წევრი, ორგანიზაციის „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს“ წარმომადგენელი იდა ბახტურიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას:
- „ქართული ოცნება“ ამით უპირისპირდება სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს გენდერული თანასწორობისა თუ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერების კუთხით;
- „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ამით ავრცელებს მესიჯს, რომ დაშვებულია ქალი პოლიტიკოსების დისკრიმინაცია და მათი შეზღუდვა.
ღარიბაშვილი: მიხედოს თავის მეუღლეს...
"მე მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენეთ... მე მას ვურჩევდი, რომ მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედი LIVE“-ში საუბრისას.
სწორედ სანდრა რულოვსზე, როგორც მეუღლეზე აპელირებით დაუპირისპირდა ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
"ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი გამოიტანს შემდეგ დასკვნას, რომ ეს ადამიანი ისე როგორც იქცეოდა 2008 წლის ომში, როდესაც მან მთელი ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს, როგორც მხდალმა პოლიტიკოსმა, მან იგივე გაიმეორა ამ შემთხვევაშიც. წარმოიდგინეთ, არჩევნებში გამოუშვა თავისი მეუღლე, წარმოიდგინეთ...
და ახლა უფრო უარესიც: ყველამ ვნახეთ, რომ ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, გადაადგილდება, საკმაოდ ფუფუნებაში ცხოვრობს და ამავდროულად თავის ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩათ, რომ წავიდნენ გარკვეულ დესტრუქციასა და დაძაბვაზე", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს „რეაგირება“
ქალთა მოძრაობამ 16 მაისს გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომლითაც კატეგორიულად დაგმო ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსისა და ხელისუფლების ოპონენტი სხვა პოლიტიკოსი ქალების დისკრიმინაცია საარჩევნო კამპანიის ჭრილში.
მათ შორის იყო აღშფოთება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ ფაცაციას სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე და კიდევ სხვა არაერთ ქმედებაზე.
„რადგანაც პარტიის პოლიტიკური მდივანი ასეთივე სექსისტურ და დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებს, ეს მესიჯია ჩვენთვის, რომ „ქართული ოცნება“ არასოდეს მოსთხოვს პასუხს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომლის პარტიიდან გარიცხვაც მოვითხოვეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იდა ბახტურიძემ.
ის არ მოელის, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ადეკვატური რეაგირება ექნება.
ამ საბჭოს ქალმა წევრმა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა თავის ფეისბუკგვერდზე ქალთა მოძრაობას მიკერძოებულობაში დასდო ბრალი.
„ყოველთვის მივესალმები ქალთა უფლებების დაცვას, მაგრამ ის ორგანიზაციები ან/და პიროვნებები მხოლოდ ზოგ შემთხვევებში რომ იღებენ ხმას შემთხვევით სხვა მიზანს ხომ არ ატარებენ (?) სად იყავით სანდრა რულოვსის მეუღლე თამარ ჩუგოშვილს - “ ე გოგოთო” რომ მიმართავდა ან სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ რატომ არ ჩანდით“, - დაწერა ნინო წილოსანმა, როდესაც საკუთარ ფეისბუკგვერდზე ქალთა მოძრაობის განცხადება გამოაქვეყნა.
მას იდა ბახტურიძემ უპასუხა და იქვე ფაქტებიც მიაწოდა, თუ როგორ ღიად რეაგირებდნენ ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები ქალი პოლიტიკოსების მისამართით გამოვლენილი დისკრიმინაციის თითოეულ ფაქტზე.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას, როგორც იდა ბახტურიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას:
- პოლიტიკური ოპონენტები ასე მასობრივად არ იყენებდნენ დისკრიმინაციულ და სექსისტურ ენას საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით;
- იყო ბულინგი, ონლაინშეტევები და სხვა, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დისკრიმინაციული და სექსისტური შინაარსის მასშტაბური შეტევა არ ყოფილა.
თათია სამხარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ თავად იყო გამორჩეული საკუთარი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ მიზოგინური დამოკიდებულებით, როდესაც ჩამოხსნა მისი საარჩევნო პლაკატები და სანაცვლოდ, „ქართული ოცნების“ კაცი ლიდერების პლაკატები გამოაკრა ქუჩებში.