Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მამულაშვილი: ალბათობა, რომ ააფეთქებენ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, დიდია


მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური
მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის 3 ივლისის ცნობით, ფრონტის ხაზის ერთ-ერთი ცხელი წერტილია ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულება, სადაც მოწინააღმდეგე ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით ცდილობს უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლის აღკვეთას.

ამ განცხადების ფონია უკრაინის დაზვერვის ცნობა, რომ ივნისის ბოლოს რუსეთის საოკუპაციო კონტინგენტმა დატოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია და, უკრაინის დაზვერვის თანახმად, სადგურზე დარჩენილებს მისცეს მითითება, რომ ნებისმიერი ავარიული სიტუაციის შემთხვევაში, უკრაინა დაადანაშაულონ.

ზაპოროჟიეში შექმნილი ვითარების შესახებ რადიო თავისუფლებას უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი უყვება. მამულაშვილი ცოტა ხნის წინ უკრაინის სარდლობამ „ზაპოროჟიეს დაცვისთვის“ საბრძოლო მედლით დააჯილდოვა.

კობა ლიკლიკაძე: ზაპოროჟიეში უკრაინის ოპერატიული სამხედრო დაჯგუფების სარდლობამ ცოტა ხნის წინ თქვენ დაგაჯილდოვათ მედლით „ზაპოროჟიეს დაცვისთვის“. და ვინაიდან ზაპოროჟიეს დაცვა, იქ არსებული, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გამო, უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია, და არა მარტო უკრაინისთვის, ამიტომ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გილოცავთ და გვითხარით, რა საბრძოლო ამოცანის გამო მიიღეთ თქვენ და თქვენმა თანამებრძოლებმა ეს ორდენები?

მამუკა მამულაშვილი: მადლობა მოლოცვისთვის. ჩემთან ერთად დაჯილდოვდა ქართველთა რამდენიმე ჯგუფის ხელმძღვანელები. მთლიანობაში საკმაოდ დიდი კონცენტრაციაა ჩვენი ძალებისა მაგ მიმართულებაზე იმიტომ, რომ ცხელი მიმართულებაა. ალბათობა იმის, რომ ააფეთქებენ ატომურ ელექტროსადგურსაც, საკმაოდ დიდია და აქედან გამომდინარე ძალიან დაძაბული ადგილია ეგ მიმართულება. და სარდლობამ გადაწყვიტა დაეჯილდოებინა გამოჩენილი, ასე ვთქვათ, გმირობისთვის ჩვენი ბიჭები.

კობა ლიკლიკაძე: თქვენც თქვით ახლა და მანამდე, 22 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც თქვა, უკრაინის დაზვერვის ცნობაზე დაყრდნობით, რომ რუსეთი განიხილავსო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ტერორისტული აქტის სცენარს“. რუსეთი ამას უარყოფს კატეგორიულად, ცხადია. მაგრამ, თქვენი აზრით, რამდენად არსებობს მართლა ამის საფრთხე. ეს ხომ უკვე, როგორც იტყვიან, ყოველგვარი „წითელი ხაზების“ გადალახვა, გადაბიჯება იქნება?

მამუკა მამულაშვილი: გეტყვით, რომ არა მარტო ალბათობა არსებობს, არამედ არსებობს [გარკვეული] ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადგური დანაღმულია. საკმაოდ დიდი ოდენობის ტროტილია უკვე ჩადებული რეაქტორებში. და ყველაფერი დამოკიდებულია, ჩემი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, ცივილიზებულ სამყაროზე, თუ რამდენად შეძლებენ გავლენის მოხდენას იმაზე, რომ რუსეთმა არ შეძლოს ამის გაკეთება. ამის [ტერაქტის] წინაპირობა უკვე არსებობს. რუსეთმა უკვე ერთი ტერორისტული აქტი მოახდინა ჰიდროელექტროსადგურზე და, დიდი ალბათობით, შეიძლება მოახდინოს ეს კატასტროფა. ეს იქნება ძალიან დიდი კატასტროფა ევროპისთვის.

კობა ლიკლიკაძე: მამუკა, საერთაშორისო საზოგადოებამ რა შეიძლება იღონოს ამ შემთხვევაში?

მამუკა მამულაშვილი: ზეწოლა, სანქციები რუსეთზე, გაფრთხილება იმის, რომ იქნება საპასუხო ნაბიჯები მიღებული ამ აფეთქებასთან დაკავშირებით. და ძალიან მკაცრი ზომები უნდა მიიღონ უკვე იმიტომ, რომ საშიშროება არსებობს ძალიან დიდი იმისა, რომ ააფეთქებენ ატომურ ელექტროსადგურს.

„ქართული ლეგიონის“ უმნიშვნელოვანესი იდეა არის საქართველოს დეოკუპაცია.

კობა ლიკლიკაძე: მამუკა, კიდევ ერთი სტატუსი თქვენი ფეისბუკიდან: „ქართული ლეგიონის“ ყველა დანაყოფი მიიღებს მონაწილეობას აფხაზეთის და სამაჩაბლოს დეოკუპაციაშიო. ამ წინადადებას ახლავს თქვენსავე ფეისბუკზე ესპანური ტელევიზიის სიუჟეტი. რაზეა მასში ლაპარაკი? რატომ წამოიჭრა ეს თემა, როდესაც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაცია ჰორიზონტზეც კი არა ჩანს?

მამუკა მამულაშვილი: რა არის, იცით, საქართველო 1990-იან წლებში იმდენად ინფორმაციულ ვაკუუმში იყო, რომ ვერ შევძელით ინფორმაციის გავრცელებაც კი, რეალურად რა ხდებოდა აფხაზეთში. დღეს, შედარებით იმასთან, რაც მოხდა 90-იან წლებში, არსებობენ არა მარტო ქართველები, რომლებიც არიან „ქართული ლეგიონის“ ნაწილი და რომლებიც, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საზოგადოება გადაწყვეტს, რომ დეოკუპაცია მოხდეს სამხედრო ხაზით, - აუცილებლად მიიღებენ [მასში] მონაწილეობას. „ქართული ლეგიონის“, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი იდეა არის საქართველოს დეოკუპაცია. და „ქართულ ლეგიონში“ შედის არა მარტო ესპანური ჯგუფი, არამედ შედის 30-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი და სხვადასხვა ჯგუფი არსებობს.

კობა ლიკლიკაძე: და საინტერესოა, და ზუსტად ესეც მომხვდა თვალში თქვენი ფეისბუკიდან, რომ უკვე „ქართულ ლეგიონში“, ადრეც იყვნენ თითო-ოროლა, მე როგორც ვიცი, მაგრამ ახლა უკვე ჯგუფი ჩამოყალიბდაო, თქვენ წერთ, იაპონელთა. იაპონელთა რეინტეგრაცია როგორ მოხდა თქვენთან და რა საბრძოლო დავალების შესრულებაში გეხმარებიან ისინი?

მამუკა მამულაშვილი: ეს ჯგუფი დიდი ხანია არსებობს, უბრალოდ ინფორმაცია ამის შესახებ არ გაგვივრცელებია [მანამდე]. უბრალოდ ახლა [გაჩნდა] საშუალება იმიტომ, რომ იაპონურმა მედიამ გამოაქვეყნა და... ასეთი ჯგუფები დიდი ხანია არსებობს: არა მარტო ესპანური და იაპონური, არამედ ინგლისური, ამერიკული, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან, ვინც არის „ქართული ლეგიონის“ ნაწილი დღეს. უბრალოდ ეს ინფორმაცია არ არის საზოგადოებისთვის მიწოდებული.

„საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად აწვდის რუსეთს ქართველი მებრძოლების ძალიან სენსიტიურ ინფორმაციას“

კობა ლიკლიკაძე: ივნისის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომისიამ რუსეთის აუდიტორიას სია გააცნო იმ ქვეყნებისა, რომელთა [მებრძოლებიც] იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. სია იწყება საქართველოთი, რაც თქვენთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ჯერ კიდევ მარტის ბოლოს რამდენიმე მეომარზე თქვენი ლეგიონიდან სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკვე. მინდა გკითხოთ, რუსეთის ასეთ რეაქციაზე, ტავტოლოგიას რომ მივმართო, თქვენი რეაქცია როგორია?

მამუკა მამულაშვილი: ჩვენთვის ეს, სინამდვილეში, არაფერს არ ცვლის. ცვლის იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოში იმყოფებიან იმიტომ, რომ გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების პოზიციიდან, საკმაოდ საშიში ხდება [მათი] ოჯახების წევრებისთვის ეს ყველაფერი. რაც შეეხებათ თვითონ მებრძოლებს, თუ შარშან ამ დროს [რუსებს] ჰქონდათ 25-30 კაცზე ინფორმაცია, დღეს უკვე აქვთ 125 კაცზე ინფორმაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს კოლაბორაციას რუსეთის ხელისუფლებასთან და ეტაპობრივად აწვდის მას ქართველი მებრძოლების ძალიან სენსიტიურ ინფორმაციას: ოჯახების ადგილმდებარეობას, ტელეფონის ნომრებს და ასე შემდეგ. ძალიან სამწუხარო ფაქტია და, რა თქმა უნდა, ძალიან გვაღელვებს, პირველ რიგში, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ დარწმუნებული ხართ, მამუკა, რომ ამ ინფორმაციას, რუსეთის შესაბამისი სტრუქტურები, საქართველოდან იღებენ?

მამუკა მამულაშვილი: დარწმუნებული ვარ, რადგან არაერთი ფაქტი ყოფილა უკვე ამისი. მედიაშიც იყო ლაპარაკი ამაზე უკვე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ამაზე რეაქცია არ ჰქონია, სამწუხაროდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება აწვდის ინფორმაციას.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მამუკა მამულაშილი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

"ნათლად დავინახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად რუსეთის სპეცსამსახურებისა და რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაშია. ჩემთვის ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ ეს ასეა"! , - განაცხადა 2022 წლის ივლისში "ქართული ლეგიონის" მეთაურმა უკრაინულ გამოცემა "უკრაინსკა პრავდასთან" ინტერვიუში.

საქართველოს ხელისუფლებას მამუკა მამულაშვილის ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უფრო ადრე, 2022 წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ლეგიონის" მეთაურს "ომის პარტიის" წევრი უწოდა და მისი პოლიტიკური განცხადებების გამო გააკრიტიკა.

" ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებზე. მე მინდა მივმართო მას, მამულაშვილს და მისნაირ ანგაჟირებულებს, მე ასე მესმის, თუ ადამიანი ომობ, ღმერთმა მოგცეს საშუალება და იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი, რა არის“, – თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG