უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო კონტინგენტი თანდათან ტოვებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას.
დაზვერვის სამმართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სადგური ერთ-ერთმა პირველმა დატოვა რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ სამმა თანამშრომელმა, რომლებიც სადგურზე მყოფ რუსებს ხელმძღვანელობდნენ. გარდა ამისა, უკრაინელმა თანამშრომლებმა, რომლებსაც „როსატომთან“ კონტრაქტი აქვთ, რეკომენდაცია მიიღეს, რომ სადგური 5 ივლისამდე დატოვონ და სასურველია, თუ ყირიმში წავლენ.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია უკვე დატოვეს და ოკუპირებულ ყირიმში გაემგზავრნენ იურიდიული განყოფილების უფროსი, მთავარი ინსპექტორი და სადგურის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე. უკრაინის დაზვერვის თანახმად, სადგურზე დარჩენილებს მისცეს მითითება, რომ ნებისმიერი ავარიული სიტუაციის შემთხვევაში, უკრაინა დაადანაშაულონ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ტერორისტული აქტის სცენარს" და ამისთვის ყველაფერი მზად აქვს. როგორც ზელენსკიმ თქვა, უკრაინის მხრიდან მსოფლიო ინფორმირებული და გაფრთხილებულია და უნდა იმოქმედოს. რუსეთმა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ტყუილი უწოდა და კიევი დაადანაშაულა შესაძლო დივერსიის მზადებაში.
- ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
- რუსეთი და უკრაინა პერიოდულად ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში.
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა.
- ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ატომური ელექტროსადგურის "ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება".