Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვულ კატასტროფას გეგმავს


საილუსტრაციო ფოტო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავები
საილუსტრაციო ფოტო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავები

აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი შესაძლოა, გეგმავს აფეთქებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელს, ჯონ კირბის თეთრ სახლში 26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, იზიარებს თუ არა ვაშინგტონი უკრაინის შეფასებას, რომ რუსეთს შესაძლო აფეთქებისთვის ყველაფერი მზად აქვს.

კირბიმ დაზვერვის მონაცემები არ დააკონკრეტა, თუმცა, განაცხადა, რომ დიდი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას, მათ შორის რადიოაქტივობას სადგურის მახლობლად და არ არსებობს იმის რაიმე ნიშანი, რომ საფრთხე გარდაუვალია.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს, ჯონ კირბის თქმით, რუსეთის ხმამაღალი რიტორიკის გარდა, აშშ ვერც ამის ნიშნებს ხედავს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ტერორისტული აქტის სცენარს" და ამისთვის ყველაფერი მზად აქვს. როგორც ზელენსკიმ თქვა, უკრაინის მხრიდან მსოფლიო ინფორმირებული და გაფრთხილებულია და უნდა იმოქმედოს. რუსეთმა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ტყუილი უწოდა.

  • ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
  • რუსეთი და უკრაინა პერიოდულად ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში.
  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა.
  • ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ატომური ელექტროსადგურის "ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება".
XS
SM
MD
LG