Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში 4 მიმართულებით 39 შეტაკება იყო


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკი ბახმუტის მახლობლად
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკი ბახმუტის მახლობლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, 2 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 57 საავიაციო და 12 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, დაახლოებით 60-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლა გრძელდება და გასულ 24 საათში 39 შეტაკება მოხდა.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგის იერიშები წარუმატებელი იყო ქალაქ ავდეევკის რაიონში და ქალაქ ბახმუტთან მდებარე დასახლებულ პუნქტებში, ბოგდანოვკასა და მინკოვკასთან, ხოლო ქალაქ მარინკასთან უკრაინელმა სამხედროებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. გენშტაბის ცნობითვე, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით მოწინააღმდეგე ავიაციის და არტილერიის გამოყენებით ცდილობს უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლის აღკვეთას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 2 ივლისს უკრაინის სამხედრო ძალების შეტევა მოიგერიეს ლიმანის მიმართულებით.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) საჯარო წყაროებით გავრცელებული ვიზუალური და სხვა მასალების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ 2 ივლისს, უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ფრონტის 6 მონაკვეთზე და ზოგიერთი მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს. ეს მიმართულებები დაკონკრეტებული არ არის.

ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გაააქტიურეს შეტევა რუსეთის საოკუპაციო ჯარების პოზიციებზე. უკრაინის არმიის სარდლობაში აცხადებენ, რომ ეს არის მასშტაბური კონტრშეტევის მოსამზადებელი ეტაპი, რომელსაც „კონტრშეტევის ფორმირების“ აქტიურ ოპერაციას უწოდებენ.

XS
SM
MD
LG