დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დაწყებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს დასასრული არ უჩანს. წლიურმა ინფლაციამ 10 პროცენტს გადააჭარბა, საკვების ფასი უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ყველაზე სწრაფად იზრდება. ელექტროენერგია კი ჯამში 80 პროცენტით გაძვირდა.
დღეს მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა პრობლემებთან გამკლავებას სწორედ რიში სუნაკის თაოსნობით შეძლებს. მას მხარი დაუჭირა 185-მა დედუტატმა 357-დან.
პრემიერობის კიდევ ერთმა მსურველმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პენი მორდაუნტმა კანდიდატურა მოხსნა ბოლო ვადამდე რამდენიმე წუთით ადრე. მას სულ ცოტა 100 ხმა სჭირდებოდა იმისათვის, რომ პარტიაში არჩევნები დანიშნულიყო. ვერ მოაგროვა. რიში სუნაკი პარტიის და ქვეყნის ლიდერი ავტომატურად გახდება.
მას მძიმე მემკვიდრეობა ხვდება. წინამორბედის, ლიზ ტრასის ეკონიმიკურმა რეფორმებმა კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. თანამდებობა მან სულ რაღაც 44 დღეში დატოვა, ისტორიაში ყველაზე სწრაფად.
რიში სუნაკი ქვეყნის სათავეში მოსვლას აქამდეც ცდილობდა. 5 სექტემბერს შიდაპარტიულ არჩევნებში ის სწორედ ლიზ ტრასთან დამარცხდა. არადა, მაშინაც ბევრი ფავორიტად მიიჩნევდა. მაგრამ ტრასი ბრიტანელ ხალხს გადასახადების შემცირებას დაჰპირდა, სუნაკი კი მის დაპირებებს არარეალისტურს უწოდებდა. მაშინ ტრასს დაუჯერეს. დღეს უკვე სუნაკს.
უკონკურენტო
ბევრი ვარაუდობდა, პრემიერობისთვის რბოლა ამ ჯერზეც დაძაბული იქნებაო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავარ სკამზე დაბრუნება ბორის ჯონსონმაც მოინდომა.
მისი პრემიერობა ძირითადად ორ რამეს შეეწირა: ჯონსონმა კომენდანტის საათის დროს დაუნინგ სტრიტის რეზიდენციაში დაბადების დღე აღნიშნა და მრჩევლად სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცი დანიშნა.
კარიბის ზღვაზე გატარებული შვებულებიდან დაბრუნებული ჯონსონი ამტკიცებდა, ას მხარდამჭერს უპრობლემოდ მოვაგროვებო. თუმცა კვირა საღამოს მოულოდნელად გადაიფიქრა. „ახლა უდროო დროა”, - თქვა მან და განმარტა, რომ არ სურს პარტიაში დამატებითი გახლეჩის შეტანა, რადგან ახლა ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება იქნება მომგებიანი.
ვინ არის რიში სუნაკი?
42 წლის რიში სუნაკი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და პირველი არათეთრკანიანი პრემიერ-მინისტრი იქნება. მისი პოლიტიკური კარიერა სწორედ ჯონსონის პრემიერობისას დაიწყო, როდესაც 2019 წელს იგი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. სუნაკი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პრემიერ-მინისტრს განუდგა და თანამდებობა დატოვა. ამას მინისტრების გადადგომების სერია მოჰყვა, რაც ჯონსონის წასვლით დასრულდა.
რიში სუნაკის ოჯახი დიდ ბრიტანეთში ინდოეთიდან 60-იან წლებში ჩავიდა. მან დაამთავრა ოქსფორდი და სტენფორდი. დიდი ხანი მუშაობდა ბანკირად. დაქორწინებულია ინდოელი მილიარდერის ქალიშვილზე აკშატა მურთიზე, ჰყავს ორი შვილი. სიმამრი, ნარაიანა მურთი ინდოეთში უმსხვილესი IT კომპანიის მფლობელია.
მისი ქონება 710 მილიონ გირვანქას შეადგენს. შედარებისთვის, დედოფალ ელისაბედ მეორის ქონება სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე 370 მილიონად შეფასდა.
ეკონომიკის გამოცოცხლება რიში სუნაკის ერთადერთი ამოცანა არ იქნება. ჯერ კიდევ გაპრემიერების პირველი მცდელობის დროს, 24 აგვისტოს, მან გამოაქვეყნა წერილი უკრაინულ ინგლისურენოვან გამოცემა „კიივპოსტში” და უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა.
„რაც არ უნდა შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ, ბრიტანელები ყოველთვის დავრჩებით თქვენს მთავარ მოკავშირეებად”, - დაწერა მაშინ რიში სუნაკმა.