„ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ბორბალი“ (2023, აშშ, რეჟისორი ჯეიმს მანგოლდი)
ყველაფერი, რაც კარგია, ოდესმე უნდა დასრულდეს. „ბედისწერის ბორბალი“, პროექტი, რომელიც სტივენ სპილბერგმა ჯეიმს მანგოლდს გადაულოცა, ფათერაკების მოყვარული არქეოლოგის უკანასკნელი ამბავია.
ფინალი კი ყოველთვის პრეტენზიულია. წესით, უკეთესი უნდა იყოს იმაზე, რაც მანამდე ვნახეთ, რადგან სწორედ ფინალი „ინახავს“ ყველაფერ კარგს ჩვენს ცნობიერებაში. „ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ფილმი ნამდვილად ვერ უახლოვდება დამაგვირგვინებელი ფინალის დონეს. კი, „ჯონსიანის“ მოყვარულები ისევ კარგად გავერთობით, მაგრამ ეს არ იქნება ფინალი, რომელიც ახალი თავგადასავლის ნახვის სურვილით გვაცხოვრებს. მეხუთე „ინდიანას“ თუ რამე აკლია, ეს სწორედ სპილბერგის ელეგანტურობაა. აქვე ისიც ნუ გვავიწყდება, რომ ბოლოსწინა, ე.ი. 2008 წელს გადაღებული „ინდიანა ჯონსი“ კრიტიკოსთა უმრავლესობამ მიწასთან გაასწორა. სპილბერგი (რაც მაინცდამაინც არ სჩვევია) თავს იმართლებდა და ოპონენტებს პასუხობდა. არაა გამორიცხული, რომ წარუმატებლობამ მაინც იმოქმედა დიდი რეჟისორის გეგმებზე - „ინდიანას“ საგა გაჩერდა.
დავსწრებივარ 2008 წლის „ინდიანა ჯონსის“ პრემიერას კანის ფესტივალზე და მახსოვს, როგორ გააპროტესტეს სპილბერგის ფანებმა სეანსის დაგვიანება. ტაშს უკრავდნენ და უსტვენდნენ, ფეხებს აბაკუნებდნენ. 15 წლის შემდეგ, ახლა უკვე მანგოლდის ფილმის პირველ ჩვენებაზე, ასეთი მოლოდინი არ მიგრძვნია. ძველის გადამღერება და მკვდრის გაცოცხლება ჰოლივუდისთვის დღეს არსებობის წესი გახდა. ვფიქრობ, უკვე ყველას მობეზრდა ეს რიმეიკები და სიკველები. მაგრამ „ინდიანა ჯონსი“ სხვა ფილმებზე მეტად მოუხდა ჰოლივუდის სტუდიებში დამკვიდრებულ მოდას. თუკი თანამედროვე ჰოლივუდი თავად იქცა არქეოლოგიად, რატომაც არ უნდა გავაცოცხლოთ ამერიკული კინოს მთავარი არქეოლოგი? მით უმეტეს, რომ იმ კარგი ანდაზისა არ იყოს, „საუკეთესო სუპი ძველ ქვაბში იხარშება“.
„ინდიანა ჯონსის“ პროექტიც ხომ წარსულის გადააზრების სურვილით შეიქმნა. 1977 წელს, ჰავაიზე დასვენებისას, სტივენ სპილბერგი და ჯორჯ ლუკასი ერთმანეთს გამოუტყდნენ, რომ მობეზრდათ მომავლის ფანტასტიკური სურათები და დაიწყეს ფიქრი „სახეშეცვლილ ჯეიმს ბონდზე“, რომლის როლი იმხანად უკვე პოპულარულ მსახიობს ჰარისონ ფორდს უნდა შეესრულებინა. პირველივე ფილმებით ნათელი გახდა, რომ ინდიანა ებრძვის არა იმდენად ბოროტ ადამიანებს, თუ „ბოროტების იმპერიებს“, რამდენადაც ისტორიულ ბოროტებას, იმას, რაც როგორც ფაქტი დასრულდა წარსულში, მაგრამ მისი გავლენა არ დასრულებულა. ასეთ ბოროტებას ფესვებიანად თუ არ გაანადგურებ, ისევ აღმოცენდება. ესაა სწორედ ინდიანა ჯონსის „არქეოლოგია“, რომელსაც თავის მხრივ ხშირად აკრიტიკებდნენ „თეთრი მამაკაცის“ იდეალიზაციისა და ორიენტალიზმის გამო.
ახალ „ინდიანა ჯონსში“ წარსულთან თამაში მთელი დრამატურგიული ხაზის განმსაზღვრელი ხდება. 1969 წელია. ინდიანა, ასაკოვანი პროფესორი, წარსულით ცხოვრობს და პენსიაზე გასვლას აპირებს. მაგრამ მისი ნათლულის, ჰელენას მოულოდნელი ვიზიტი მთლიანად ცვლის ფათერაკებისგან დაღლილი „ინდის“ გეგმებს: არქიმედეს სახელგანთქმული „ბედის ბორბალი“, მექანიზმი, რომელიც დროის მართვის შესაძლებლობას იძლევა, სასწრაფოდაა მოსაპოვებელი. მით უმეტეს რომ მასზე ყოფილი ნაცისტები ნადირობენ. კი, ეს ბორბალი წარსულს ეკუთვნის, მაგრამ ამავე დროს არტეფაქტია, რომელიც „მომავლის ცივილიზაციას“ სჭირდება.
დროში მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის არა მარტო არქიმედეს ბორბალი. წარსულის გაცოცხლება, მისი მუმიფიცირება თავად კინოს ბუნებაა. დაუმატეთ ამას ციფრული ტექნოლოგიები და სრულიად ნორმალურად მოგეჩვენებათ „გაახალგაზრდავებული“ ჰარისონ ფორდი ფილმის პროლოგში. კი, ნაცისტებთან მებრძოლი ინდიანას მზერა აშკარად ცარიელია, თავად შეუდრეკელი არქეოლოგი კი ვიდეოთამაშების გმირს ჰგავს, მაგრამ ვფიქრობ, მანგოლდის ფილმის პირველი ეპიზოდები მაინც საუკეთესოდ რჩება ახალ „ინდიანაში“. სპილბერგი წერდა, რომ „ინდიანა ჯონსის“ სერიისთვის მთავარი რიტმის გრძნობაა. რიტმს თუ დაეუფლე, ყველაფერი თავისით მოგვარდებაო. მაგრამ ყველას არა აქვს ისეთი „სმენა“, როგორიც სპილბერგს. მისი ფილმების მთლიანობას და მუსიკალურობას რომ მიაღწიო, ჯონ უილამსის საუნდტრეკი არაა საკმარისი. ვერც ინდიანა ჯონსის შლაპა უშველის სერიალის მთავარ პერსონაჟს, ვერც სპილბერგისთვის ტიპური ახლო ხედები, თუკი სიახლის ნაცვლად მარტოოდენ ნოსტალგიას დაეყრდნობი. ამ შემთხვევაში მიიღებ უფრო ნოსტალგიის ინსცენირებას, ციტატების კალეიდოსკოპს, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ წინა სერიების საუკეთესო სახეები უნდა გაახსენოს „ინდიანა ჯონსის“ მოყვარულებს და ამით გაახალისოს მაყურებელი.
რა შეიცვალა ახალ „ინდიანა ჯონსში“?
კოლორიტი, პირველ რიგში. თუმცა გაუგებარია, რაში დასჭირდათ ავტორებს ფირის ეს მოყვითალო ტონალობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ციფრული ტექნიკის ხელოვნურობას. გაიზარდა დევნის სცენების რაოდენობაც. ზოგიერთი ეს ეპიზოდი კარგად იწყება, მაგრამ დროში იწელება, რის გამოც იქმნება საშიშროება, დევნის ეპიზოდმა ისე გაიტაცოს მაყურებელი, რომ თავად ამბის განვითარების მიმართ დაკარგოს ინტერესი. მეტიც, მთელი ფილმი „ექშენსცენების“ უბრალო თანმიმდევრობად იქცეს.
ერთი კია, ჰოლივუდის ძველი ბლოკბასტერების ახალი ვერსიებისგან განსხვავებით, ჯეიმს მანგოლდი თავადაც ხვდება, რომ ორიგინალის სიხალისეს და „ავთენტიკურობას“ მაინც ვერ მიაღწევს. ამიტომაც მიმართავს ნაცად და არსებითად წარმატებულ ხერხს - თვითირონიას. თუკი 78 წლის ჰარისონ ფორდი აქ ვიდეოთამაშების გმირს დაემსგავსა, მადს მიკელსენი (ყოფილი ნაცისტის როლში) კი - ბოროტების კარიკატურას, სრულიად არაჩვეულებრივია ჰელენა ბრიტანელი მსახიობის ფიბი უოლერ-ბრიჯის შესრულებით. მისი ირონია, მისი ძალისხმევა, მუდმივი კონტაქტი შეინარჩუნოს მაყურებელთან, „თვალი ჩაუკრას“, როცა ეკრანზე ფანტასტიკური ტრიუკები თამაშდება, ახალი „ინდიანას“ გზავნილებს მეტ მკაფიობას ანიჭებს.
ყველა ზღაპარი, ასეთი გატაცებით რომ იქმნება თანამედროვე ჰოლივუდში, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ კეთილისა და ბოროტის მკვეთრი დაპირისპირების ეპოქაში ვცხოვრობთ. სპოილერისთვის ბოდიში, მაგრამ ამას ალბათ ისედაც ხვდებით - „ბედის ბორბალზე“ ნადირობა ნაცისტების დამარცხებით დასრულდება. წარსულის აღდგენა შეუძლებელია მაშინაც კი, როცა ბოროტების ფესვები ჯერ კიდევ ღრმადაა ჩაზრდილი ამ სამყაროში.