Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თოჯინების თეატრი თეჯირს მიღმა


ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შენობისა და ეზოს სრული რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება თეატრის დასსა და ადმინისტრაციას პირადად აცნობა საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. მისი ინფორმაციით, პროექტი, რომლისთვისაც სამინისტრომ 534 655 ლარი გამოყო, დამტკიცებულია. სარემონტო სამუშაოები, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება და 6 თვეს გასტანს. მიხეილ გიორგაძის განცხადებით, განხორციელდება მთელი შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, გამოიცვლება ელექტროგაყვანილობა, სცენის განათება-გახმოვანების მოწყობილობები და მოეწყობა ეზო. შენობაში დამონტაჟდება კანონით გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. გარდა ამისა, თეატრის შენობა ადაპტირებული გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

თოჯინების თეატრი თეჯირს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:29 0:00
გადმოწერა

საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქუთაისის თოჯინების თეატრის სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურს დაავალა. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას, განცხადებით, სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აქტიურად გაუწევენ მონიტორინგს.

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქუთაისის თოჯინების თეატრის სარემონტო სამუშაოები მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა
კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქუთაისის თოჯინების თეატრის სარემონტო სამუშაოები მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა

ქუთაისის ცენტრში მდებარე საუკუნეზე მეტი ხნის სამსართულიანი შენობა, რომელშიც თოჯინების თეატრია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თეატრის დარბაზი პირველ სართულზეა, სადაც თავდაპირველად ღვინის სარდაფი ყოფილა. შენობის მეორე სართულზე თეატრის ადმინისტრაცია, მესამეზე კი მერიას დაქვემდებარებული სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაა. ბოლოს თეატრი კაპიტალურად გარემონტდა 1997 წელს და მას შემდეგ შენობაში მცირე კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლევან გაბრიჭიძის, ინფორმაციით, ამჟამად შენობის ფოიეში კედლები ნესტისგან ჩამოშლილია და მათ დაფარვას სხვადასხვა დეკორაციით ცდილობენ. დარბაზში განთავსებული სკამძელები კი ბავშვებისთვის მოუხერხებელია. რაც შეეხება სცენას, ის, ლევან გაბრიჭიძის თქმით, საერთოდ ვერ უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს და თეატრის ადმინისტრაციას დამატებითი ძალისხმევა სჭირდება სპექტაკლების წარმოსადგენად. სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებით, თანამედროვე სინთეზური ხელოვნებისთვის აუცილებელია ტექნიკურად სრულყოფილად აღჭურვილი სცენა და დარბაზი, რაც პროექტით მაქსიმალურადაა გათვალისწინებული.

თოჯინების თეატრის შენობა
თოჯინების თეატრის შენობა

ქუთაისის თოჯინების თეატრის დასის წევრები ამბობენ, რომ სპექტაკლების სათამაშოდ დიდი ძალისხმევა და სიფრთხილე სჭირდებათ.

თოჯინების თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისიდან წლის ბოლომდე, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს, თეატრი მუშაობას გასვლითი სპექტაკლებით განაგრძობს. თეატრის რეპერტუარში 17 სპექტაკლია და, ორშაბათის გარდა, ყოველდღე ორ სეანსად თამაშდება. ქუთაისის თოჯინების თეატრს ხშირად სტუმრობს 10 წლის ილია გოცირიძე. ამბობს, რომ თეატრში სკოლის მეგობრებთან ერთად დადის და საყვარელი პესონაჟებიც ჰყავს, თუმცა არ მოსწონს, რომ სპექტაკლის კარგად საყურებლად დარბაზში წინა რიგებში მოხვედრაა აუცილებელი და ძელსკამებზე დასაჯდომად ბავშვები ერთმანეთის გასწრებას ცდილობენ.

აფიშა
აფიშა

10 წლის ილიას დედა, ნონა ხუჯაძე, ფიქრობს, რომ თეატრი მნიშვნელოვანია ბავშვების კულტურული და ინტელექტუალური განვითარებისთვის. ამასთან, თოჯინების თეატრში პატარა მაყურებლებს გართობა იზიდავს, თუმცა შენობის ამჟამინდელი მდგომარეობა ბავშვებში შესაბამის განწყობას ვერ ქმნის.

ქუთაისის თოჯინების თეატრი 72 წელია ფუნქციონირებს. მას იაკობ გოგებაშვილის სახელი 1990 წელს მიენიჭა. 1946 წლიდან დღემდე თეატრში 300-ზე მეტი სპექტაკლი დაიდგა. დღევანდელი რეპერტუარის 17 წარმოდგენა გათვლილია როგორც ბავშვებზე, ასევე მოზრდილ მაყურებელზე. ქუთაისის თოჯინების თეატრში 20 მსახიობი მუშაობს.

XS
SM
MD
LG