გვიან ღამით თბილისში, გმირთა მოედანზე, ორი ტრანსგენდერი ქალი სცემეს. ორივეს ტვინის შერყევა აქვს, სახეზე ფიზიკური დაზიანებები: გატეხილი ცხვირი, ჩამოხეული ყური, დალურჯებული თვალი. ერთ-ერთმა, 28 წლის ნატა ტალიკიშვილმა რადიო თავისუფლებას მოუთხრო, როგორ გაჩერდა მათთან თეთრი ფერის მანქანა, საიდანაც რამდენიმე აგრესიულად განწყობილი კაცი გადმოვიდა. მას და მის მეგობრებს ჯერ აგინეს, შემდეგ კი ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ.
„ღამის ორი საათი იყო, გმირთა მოედანზე ვიყავი მეგობრებთან ერთად. ვმუშაობდით. თეთრმა მანქანამ რამდენჯერმე წრე დაგვარტყა, ცუდ სიტყვებს გვეძახდნენ, სალანძღავს. თავიდან, თავდაცვის სამინისტროს უკან, მარტო ვიდექი, მაგრამ არ მცემონ-მეთქი, შემეშინდა და, სადაც გოგოები დგანან ხოლმე, იქ ავედი. მანქანა უკვე იქ იყო გაჩერებული და ჩემს მეგობარს ტყეში მარტო გაყოლას სთხოვდნენ. ის არ მიყვებოდა. მერე მანქანიდან გადმოვიდნენ. ხელში რაღაც შავი საგანი ეჭირათ. მე ტელეფონი მეგონა და ვიფიქრე, რომ ვერ ჩამარტყამდნენ, რადგან გატყდებოდა, მაგრამ ეგრევე სახეში დამარტყა ერთ-ერთმა. დავეცი და დაახლოებით შვიდი კაცი წიხლებით შემდგა. თვალები რომ გავახილე, დაბლა სისხლის გუბეები იყო და მარტო ფეხებს ვხედავდი. გვეუბნებოდნენ, პიდარასტები ხართ, საცოცხლებლები არ ხართო, თავი ქალები გგონიათო. ბევრი მოვუთმინეთ, ზედმეტი მართლა არაფერი გვითქვამს, მარტო იმას ვეუბნებოდი, ვიცით ეგ ყველაფერი და წადით, თავი დაგვანებეთ-მეთქი. მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, პირდაპირ აგრესიაზე წამოვიდნენ და ვინც პირველი მოხვდათ ხელში, მას ეცნენ. გზისპირას კი მე ვიდექი. ჩემმა დაქალმა მერე მითხრა, ყველა რომ შენ გირტყამდა, მივხვდი, სიკვდილისთვის გაგიმეტეს და საშველად მოვედიო. ხან ერთი ბიჭი გაწია, ხან მეორე და მერე მაგას დააყარეს. მასაც ტვინის შერყევა აქვს და ცხვირი აქვს გატეხილი. მეც ტვინის შერყევით ვწევარ, ზედა ყბა მაქვს შიგნით მხარეს გახეული, თვალიდან ვერ ვიხედები და ყური მაქვს ოდნავ ჩამოხეული“.
ნატამ ავტომანქანის ნომერი დაიმახსოვრა და პოლიციას გადასცა. ამბობს, რომ საქმეს ბოლომდე მიჰყვება და როგორც კი ფეხზე ადგომას შეძლებს, პოლიციაში წავა და მოძალადეების დასჯას მოითხოვს.