Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისური ანდერგრაუნდის ძებნაში


პატრიკ დული ონლაინჟურნალ „პოსტ პრავდას“ კრეატიული დირექტორია. ამ ჟურნალში თბილისზე, მის ღამის ბარებზე, კლუბურ ცხოვრებაზე, თბილისელ არტისტებზე, თბილისსა და, მაგალითად, ბერლინს შორის პარალელებზე, ანდერგრაუნდის კულტურაზე, ზოგადად, ახალგაზრდების ბრძოლასა და მათ ოცნებებზე ამბებს ხშირად წაიკითხავთ. პატრიკსაც შეიძლება გადაეყაროთ რომელიმე თბილისურ ბარში თავის ქართველ მეგობრებთან ერთად. რამ ჩამოიყვანა ის საქართველოში, რატომ დაინტერესდა ასე პოსტსაბჭოთა კულტურით და რაც მთავარია, როგორც თავად ამბობს, რატომ „დაატყვევა“ ასე საქართველომ? ყველაფერი ათი წლის წინ, ერთ დღეს, CNN-ის ყურებისას დაიწყო, როცა 19 წლის პატრიკმა ტელევიზორში ახალი ამბავი მოისმინა - საქართველოში რუსული ჯარები შეიჭრნენ. სადღაც, სამყაროს მისთვის უცნობ ნაწილში ომი დაიწყო. 2008 წლის აგვისტო იდგა. მას შემდეგ პატრიკმა 70 ქვეყანა მოიარა, საქართველო კი ის ქვეყანაა, სადაც ის ყოველთვის ბრუნდება.

- პატრიკ, როგორ აღმოჩნდი პირველად საქართველოში, რით მიგიზიდათ აქაურობამ?

ეს მართლაც ცოტა პათეტიკური ამბავია: 2008 წელს, როცა სწავლა დავასრულე, ჩემი მეგობარი გოგო დამშორდა. შინაგანად გადანადგურებული ვიყავი. თავს ვარწმუნებდი, რომ 19 წლის ასაკში ჩემი ცხოვრება დასრულდა. მთელი ზაფხული მშობლების სახლში ვიჯექი და CNN-ს ვუყურებდი. მთავარი ახალი ამბავი ის იყო, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ეს ჩემთვის, ერთი მხრივ, ძალიან საინტერესო ისტორია იყო სამყაროს იმ ნაწილზე, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი ვიცოდი. თან ვფიქრობდი, რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანა უნდა ყოფილიყო. მაშინ დავინტერესდი და მას შემდეგ საქართველოს ტყვეობაში ვარ.

თბილისური ჩანაწერი N1: „თბილისი ძალიან სწრაფად იცვლება. განვითარებადი ტურიზმი და მზარდი ინტეგრაცია ევროპაში ქალაქის პეიზაჟს სულ უფრო და უფრო ცვლის. რთულია თქვა, საით მიდის, მაგრამ საინტერესო პროცესია. ღამის ცხოვრება ჯგუფებს შორის იდეოლოგიური კონფლიქტის მიზეზი გახდა - „ბასიანის“ რეიდებს ვგულისხმობ. თბილისის ღამის ცხოვრებას ბოლო ათი წელია ვაკვირდები და მეც მისი ნაწილი ვარ. ვიცი, როგორც იცვლებოდა და როგორი მრავალფეროვანი ხდებოდა. ყოველი დაბრუნებისას ვხედავ მორიგ ახალ ბარს, რომელიც ქალაქში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ირეკლავს. ამაღამ ჩემს მეგობრებთან ერთად თბილისის 5 ბარის მოვლა მაქვს გადაწყვეტილი. იქ მართლა ყველაზე კარგად ჩანს, როგორ იცვლება თბილისი“.

- და მერე საქართველოზე წერაც დაიწყე - რა აინტერესებს ჟურნალ „პოსტ პრავდას“? რაზე წერთ ხოლმე?

ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, რომ სინათლეზე გამოვიყვანოთ ის ადამიანები, ვინც პოსტსოციალისტური რეგიონის ქვეყნებში ცხოვრობენ და ზეწოლას განიცდიან. ის ხალხი გამოვაჩინოთ, ვინც განსაკუთრებული რამეებისთვის იბრძვის. თუ ჩვენ შევძლებთ მათი ხმა სხვებსაც მოვასმენინოთ, მაშინ მე და ჩემი მეგობრები „პოსტ პრავდაში“ ვიტყვით, რომ რაღაც გამოგვივიდა.

გვჯერა, რომ დასავლეთის ხალხმა უფრო მეტად უნდა მოუსმინოს ამ ადამიანებს ამ რეგიონში.

- რა აღმოაჩინე აქ საინტერესო, რა იყო ის განსხვავებული რამ, რაც საქართველოს, შენი აზრით, გამოარჩევდა იმ ქვეყნებიდან, რომელშიც გიმოგზაურია?

მე მგონია, რომ ამ ადგილს რაღაც ჯადოსნურობა მართლაც აქვს. ამ დაკვირვებაში, ალბათ, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი მინდა ვიყო. მიზიდავს ის ცეცხლი, რაც ქართველებში ტრიალებს, ის, რომ ისინი უფრო მეტს ითხოვენ ცხოვრებისგან, ვიდრე მათი დღევანდელი რეალობაა. საინტერესოა დაკვირვება, რომ ეს ქვეყანა მუდმივად საკუთარი თავის გადაკეთების თუ შეცვლის პროცესშია, თან ყველა სფეროში. აქ ხალხი მართლა ძალიან ბევრს მუშაობს.

თბილისური ჩანაწერი N2: „მე და ჩემმა მეგობარმა, სალომეა მიქაშავიძემ, „ეზოთი“ დავიწყეთ, თან ახალ დიზაინერებზე ვლაპარაკობდით და ორი ჭიქა საფერავიც შევუკვეთეთ. აქაურობა ბევრი ქართული რესტორნისგან განსხვავდება. მეტად თავისუფლად გრძნობ თავს და ქართული სამზარეულოც თითქოს რაღაც უფრო განახლებულია. ამ დროს ლესელიძის ქუჩაზე მეფიქრება, რომელიც ტაილანდური მასაჟის და საჩუქრების ქუჩად იქცა, ხომ შეიძლება თბილისის ცენტრში მეტგან იყო ასეთი ჯადოსნური ადგილი. ახლა „საქსეს“ ბარში უნდა წავიდე, სადაც მეგობარს, ლაშა კაბანაშვილს უნდა შევხვდე... დამაგვიანდა. კარგია რომ „მოზაიკა“ ახლოსაა, იქ შევდივარ, სადაც ფოტოგრაფ თომა სუხაშვილს ვხვდები. ჭაჭას ვუკვეთავთ და ცოტა ლუდს და ლაშას ახალ პროექტზე ვლაპარაკობთ, რომელსაც „წმინდა იგუანა“ ჰქვია“.

- ძალიან ბევრ ქვეყანაში იყავი - რას ეძებ ამ მოგზაურობების დროს?

დაახლოებით 70 ქვეყანაში ვიმოგზაურე და ახლა უკვე მართლა აღარ ვიცი, რას ვეძებ. თუმცა შეიძლება ეს ჩემი ბავშვობის ფანტაზიების რეალობად ქცევაა. პატარა რომ ვიყავი, ხელში მსოფლიო ატლასი მეჭირა ხოლმე და მოსაწყენ კითხვებს ვსვამდი იმის შესახებ, თუ რა დრო იყო ახლა ლატვიაში ან როგორი საუზმე შეიძლება ჰქონოდათ ჩემხელებს ბულგარეთში. მე მგონი, მაინც ჩემი ბავშვობის ოცნებებს ვიხდენ.

- შენი დაკვირვებით, რა პროცესები მიდის აქ, თბილისში?

მე მგონი, საქართველო დღეს შესამჩნევად რადიკალური და პროგრესულიც გახდა. მაგალითად, ძალიან მიხარია, რომ თბილისში ქვიარების ბარი არსებობს და რომ აქ ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან ისეთი სივრცეები, სადაც დომინანტურ კულტურას დაუპირისპირდებიან. მაგარია ამის ყურება, საქართველომ როგორ „დაატყვევა“ მოდის სამყარო. ის, რომ ტექნოს მოსმენა დავიწყე, თბილისის კლუბების დამსახურებაა. ორი კვირით ჩამოვალ ხოლმე და უამრავ რამეზე მინდება დავწერო. ყველა ქვეყანაში ასე არ ხდება. ეს დადებითი მხარეა. თუმცა არის უარყოფითი მომენტებიც. მაგალითად, ისეთი პოპულარული ადგილი, როგორც „ფაბრიკაა“ თბილისში, რაღაც კომერციულ ადგილას იქცა, მოგების წყაროდ იმ აქტივისტების, მოაზროვნეების ხარჯზე, ვისაც პროგრესული სამყარო სურს. ეს ელიტისტული კულტურა და „ფეის-კონტროლი“ უკვე თბილისის სხვა ადგილებშიც შესამჩნევია და ეს ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია. ​

თბილისური ჩანაწერი N3: ჩემი აზრით, თბილისი რაღაცნაირად ჩაიკარგა ამ ახალაღმოსავლურ ნაგავში, რასაც ვხედავთ ისეთ ადგილებში, როგორიცაა „ფაბრიკა“ და მსგავსები. ჩემს მეგობარ ლაშას სურს, თბილისში იყოს ისეთი ადგილები, სადაც ხელოვნება რადიკალური და ხელმისაწვდომი იქნება. ჩემთვის, ეგეთი „მოზაიკაა“, - ძველ ბარებს ჰგავს, აი, როგორიც „პირიმზე“ და „სალვე“ იყო - ადამიანურ ფასებს და ინტელექტუალურ გარემოს ვგულისხმობ. ეს ადგილები ძალიან პოპულარული არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ასახავს თბილისის სულს, ისეთი თბილისისას, როგორიც მე შემიყვარდა პირველად.

- "პოსტ პრავდას" ფოკუსში ხშირად ხვდებიან ახალგაზრდა ხელოვანები, თანამედროვე არტისტები, რა შეგიძლია გვითხრა მათზე?

სულ უფრო მზარდია ტენდენცია, რომ ახალგაზრდა არტისტებმა საქართველოსა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში დაიწყეს 1991 წლის შემდგომი ცვლილებების გადააზრება, მათ არ უნდათ რუსეთი. ისინი თავის თავს ეძებენ, რაღაც ძალიან ორიგინალურს და თავისთავადს. მაგალითად, ისეთი არტისტი, როგორიც ლაშა ცერცვაძეა ან სხვა აქტივისტები, გვიჩვენებენ, რომ მათ სურთ მეტი დემოკრატია ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, ბელგრადიდან კიევამდე და თბილისიდან ბაქომდე ახალგაზრდა ხალხი ამბობს, რომ ეს, რაც აქაა, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.

თბილისური ჩანაწერი N4: რამდენიმე ბოთლის დალევის შემდეგ ქვიარ ფოტოგრაფი ლაშა ფოქ ცერცვაძე მოდის და მეუბნება, რომ „საქსეს“ ბარი გახსნილია და დასალევად უნდა წავიდეთ. წითელი განათების და ტექნომუსიკის გარემოცვაში აღმოვჩნდი. თავი გასპარ ნოეს ფილმში მგონია. მგონი, ცოტა მეტი დავლიე. გარეთ გავდივართ. ლაშა ჩემი საყვარელი ფოტოგრაფია ამ ქალაქში. მისი საქმეც და „საქსეს“ ბარის გახსნაც, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს საქართველოში სექსუალურ რევოლუციას.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG