„ჩემთვის, ადვოკატის გარეშე დარჩენა ნიშნავს, ერთ პროცესში დასრულებულ სასამართლოს და თავისუფლების აღკვეთას“, - დაწერა 18 დეკემბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს საჯაროდ სთხოვა დახმარება.
ამ დრომდე მას არც პრემიერის აპარატიდან და არც სხვა რომელიმე საჯარო უწყებიდან არავინ გამოხმაურებია.
თამარ მეარაყიშვილი წერს, რომ უკვე წელიწადი და ოთხი თვეა ტყვეობაშია. მის წინააღმდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული. ის სამივე საქმეში ბრალდებულია. მას გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს.
„ყოველდღიურად ირღვევა ჩემი უფლებები. ესაა ჩემი დევნა როგორც სამოქალაქო აქტივისტისა... მანამდე სამსახურებიდან გათავისუფლება იყო, თავისუფლების უკანონო აღკვეთა... პროკურატურის მიზანია ჩამსვას ციხეში და შემდეგ მოახდინოს ჩემი გამოძევება იმ რაიონიდან, სადაც დავიბადე და 43 წელი ვიცხოვრე. სასამართლო პროცესებზე მაქვს წარმატება, რომელიც შეიძლება წყალში ჩაიყაროს... ამ მიმართვის მიზანია პრემიერი გამომეხმაუროს. პირადად მას მინდა ავუხსნა ჩემი მძიმე მდგომარეობა, რათა არ მივმართო რადიკალურ ზომებს. გთხოვთ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გააზიარეთ, იქნებ გადასცენ ჩემი სურვილი“.
თუ თამარ მეარაყიშვილი ვერ შეძლებს ადვოკატის ისევ დაქირავებას, მას დააპატიმრებენ. ადვოკატისთვის მისაცემ თანხას ახალგორში გამოკეტილი აქტივისტი აქამდე მხოლოდ მეგობრების და კეთილისმსურველების დახმარებით აგროვებდა ხოლმე. ყოველ ჯერზე ამ თანხის შეგროვება სულ უფრო რთულდება.
„მე თუ ციხეში ჩამსვეს, ალბათ, ჩემს საქმეში უცხოელები ჩაერთვებიან და ოსები დეპორტაციით გამომიშვებენ. მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები გათავისუფლებას გამოძევებით. სასჯელს მოვიხდი“, - გვითხრა თამარ მეარაყიშვილმა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს ბრალად სდებს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ. სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ყველა ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, აკრძალული აქვს ოკუპირებული რეგიონის დატოვება. თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
საქართველოს მთავრობისგან გამოხმაურების დიდი იმედი არა აქვს. მაგრამ არც ბრძოლის გასაგრძელებლად რჩება სხვა გზა. ახლანდელ და ყოფილ პრემიერთან დაკავშირების არაერთი მცდელობა ჰქონდა. ყველა უშედეგოდ. დღემდე დუმილია. არადა, საფრთხეებზე ადრეც წერდა. დღესაც წერს.
„ხანდახან ცოტა ხალისიანი სტატუსების და ფოტოების დადებისაც მერიდება, მაგრამ ასე ვებრძვი სტრესს და პრობლემებს. ასე თუ გადავრჩები, არადა, სინამდვილეში სხვა განცდებიც მაქვს“, - ამბობს თამარი.
18 დეკემბერს მისი საკითხი კიდევ ერთხელ დადგა ერგნეთის შეხვედრაზე - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ სთხოვეს მისი საქმით დაინტერესება.
„მე არ გავხდები პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტი. ვისაც ჩემ მიმართ ყურადღების გამოჩენის ვალდებულება აქვთ, მათ საქმე დაპატიმრებამდე არ უნდა მიიყვანონ“, - უთხრა თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას.