ზურაბ ბატიაშვილი, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ მკვლევარი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს თურქეთში, 24 ივნისს მიმდინარე არჩევნების მნიშვნელობის შესახებ:
ზურაბ ბატიაშვილი: მნიშვნელოვანია ის, რომ იმართება ორი არჩევნები - საპრეზიდენტო და საპარლამენტო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ არჩევნების შემდეგ ძალაში შედის ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც შარშან აპრილში რეფერენდუმზე უყარეს კენჭი. ოპოზიციასაც სერიოზული მხარდაჭერა აქვს ხალხში, მუჰარემ ინჯეს მხარდამჭერ მიტინგზეც რამდენიმე მილიონი ადამიანი შეიკრიბა, მაგრამ თურქეთის მოსახლეობა 81 მილიონი ადამიანია და ამ 81-მა მილიონმა უნდა გადაწყვიტოს თურქეთის მომავალი მმართველის ვინაობა.
ჯიმშერ რეხვიაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოქმედი პრეზიდენტი გაიმარჯვებს?
ზურაბ ბატიაშვილი: მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენ ხმას მიიღებს პირველ ტურში. ერთი რამ შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ერდოანი და მმართველი პარტია, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე გავლენ, მაგრამ ეს პირველი ადგილი არ ნიშნავს გარანტირებულად გამარჯვებას იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოგებისათვის საჭიროა 50% +1 ხმა. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იქნება ახლოს ერდოანის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამ 50%-თან.
ჯიმშერ რეხვიაშვილი: რა დაემართა ერდოანის რეიტინგს სამხედრო გადატრიალების აღკვეთის შემდგომ პერიოდში? იმან, თუ როგორ გაუმკლავდა ერდოანი პრობლემას, გაზარდა, თუ შეამცირა მისი ელექტორატი?
ზურაბ ბატიაშვილი: გადატრიალების შემდგომ პირველ დღეებში ერდოანის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანად გამოვიდნენ სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ. თუმცა, ამის შემდეგ გავიდა დრო და ელექტორატის სიმპატიებიც გადანაწილდა სხვადასხვა პარტიებს შორის. სწორედ ამ გადანაწილებას ვნახავთ არჩევნებზე მიღებული ხმების დათვლის შემდეგ.
ჯიმშერ რეხვიაშვილი: ვინ გამოდის თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ? როგორია პრობლემების ჩამონათვალი, რის გამოც აკრიტიკებენ მას?
ზურაბ ბატიაშვილი: თურქეთის საზოგადოება ყოველთვის იყო დაყოფილი მემარჯვენე და მემარცხენე ამომრჩევლებად. ბოლო არჩევნების მიხედვით, მემარჯვენე კონსერვატიული ძალები ტრადიციულად მხარს უჭერენ ერდოანს. შედარებით მემარცხენე-ცენტრისტული ძალები კი მის წინააღმდეგ აძლევენ ხმას. რაც შეეხება თავად პრობლემებს, თურქეთში უამრავი პრობლემაა ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში. ბევრი პრობლემა ეკონომიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგალითად ბოლო პერიოდში ძალიან დაეცა თურქული ლირის კურსი უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, სახეზეა დევალვაცია, ასევე მაღალია ინფლაცია. ამას ემატება ის, რომ თურქეთი მონაწილეობს სირიის სამხედრო ოპერაციებში და პლუს ამას დაახლოებით 5 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს თურქეთში, მათი რჩენა და შენახვაც თურქეთს უწევს. გარდა ამისა, არსებობს ტერორიზმის პრობლემა როგორც ისლამური სახელმწიფოს ასევე ქურთისტანის მუშათა პარტიის მხრიდან... ერთი სიტყვით პრობელმების მთელი კასკადია, რომელთა წინაშეც დგას დღევანდელი თურქეთი.
ჯიმშერ რეხვიაშვილი: რა ადგილი უკავია პრობლემების ამ ჩამონათვალში დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვას?
ზურაბ ბატიაშვილი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ესეც არის - ევროკავშირთან, ნატოსთან ურთიერთობა, თუმცა, თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობებს ბოლო წლებში ახასიათებს ვითარების დაძაბვა. მაგრამ, ამას აქვს ზიგზაგისებული, ტალღისებური ხასიათი: დაიძაბება-განიმუხტება. ახლა, მაგალითად, ამ მომენტისთვის შედარებით განმუხტულია ეს ურთიერთობა, ერთმანეთის მიმართ რიტორიკა აღარ არის მკვეთრად უარყოფითი და ეს გასაგებიც არის: ორივე მხარეს სჭირდება ერთმანეთი. ევროკავშირის, ნატოსა და ზოგადად დასავლეთის უსაფრთხოება წარმოუდგენელია თურქეთის გარეშე, რადგანაც თურქეთი არის სერიოზული ჩამკეტი იმ არასტაბილური სიტუაციისა და თუნდაც იმ ლტოლვილების ნაკადისა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან მიემართება დასავლეთის მიმართულებით.
ჯიმშერ რეხვიაშვილი: რა გავლენა შეიძლება იქონიოს არჩევნების შედეგებმა საქართველოზე?
ზურაბ ბატიაშვილი: გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ვინც უნდა მოვიდეს თურქეთის ხელისუფლებაში, ისევე, როგორც ვინც უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც ქვეყნებს შორის მოკავშირეობას, კეთილმეზობლურ ურთიერთობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას გულისხმობს, არ შეიცვლება. თვითონ გეოგრაფია, პოლიტიკური სიტუაცია საერთაშორისო არენაზე ჰკარნახობს ჩვენი ქვეყნების (თურქეთისა და საქართველოს) მმართველებს, რომ ერთმანეთის მიმართ ჩამოყალიბებული კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ურთიეთრობა სამომავლოდაც გაგრძელდეს. მგონია, რომ ვინც უნდა იყოს თურქეთის ხელისუფლებაში, აუცილებლად საქართველოს მიმართ კეთილგანწობილი იქნება.
ზურაბ ბატიაშვილი 2018 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი. იგი ასევე არის მიწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის შესახებ. ზ. ბატიაშვილი 1998-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში, 2003 წლიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2006-2013 წლებში იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 2014-2018 წლები მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, სადაც 2016-2018 წწ.-ში ეკავა საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია.