Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ჩაჩანიძე: ,,მიდგომაა ასეთი – ოღონდ იყავი მონა და ყველაფერზე თვალს გიხუჭავენ“


მას შემდეგ რაც ბორჯომში, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე იმპიჩმენტის წესით გადააყენეს და პოსტზე მისივე მოადგილე პატრიოტთა ალიანსიდან გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს, საკრებულოს სხდომა პირველად გაიმართა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში, რაც მმართველმა პარტიამ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლების ნაწილთან ერთად გააკეთა, ხელფასების გაზრდა და ფრაქციების დარეგისტრირება იყო. ლეიბორისტი გიორგი გიუაშვილი საკრებულოს ახალ ხელმძღვანელობას პროცედურების დარღვევასა და ოპოზიციის უგულვებელყოფაში სდებს ბრალს.

,,იქ სადაც ზარ–ზეიმით გადის სამარცხვინო გადაწყვეტილებები და ისევ ოპოზიციური საკრებულო ჰქვია, სირცხვილია რა. რომელ ოპოზიციურ საკრებულოზეა საუბარი, რასაც ვეწინააღმდეგებოდით, ამატებენ, აკეთებენ და სამარცხვინო გადაწყვეტილებებს იღებენ. არანაირ კომუნიკაციაზე არ გამოდიან, იმეილზე საბუთებს არ გვიგზავნიან. ბიუროს ატარებენ ერთი საათით ადრე, საფინანსო კომისიას ატარებენ სხდომამდე ერთი საათით ადრე, რა საკითხების დაბლოკვასა და უკან დაბრუნებაზეა საუბარი, საფინანსო კომისიამ, რომელმაც უნდა გაიაროს რამდენიმე გვერდი საფინანსო დოკუმენტაციისა – რას აკლებენ, რას უმატებენ, რას შვრებიან ერთი საათით ადრე არავინ იცის – ფორმალობაა რა, ყველაფერზე ხელი აქვთ ბრმად აწეული“ – განმარტავს ლეიბორისტი დეპუტატი.

გამართულ საკრებულოს სხდომას არ დასწრებია არც ყოფილი თავმჯდომარე. ზაზა ჩაჩანიძე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ტენდერების გამოცხადებასთან ერთად მმართველი გუნდის ინტერესებიც გამოჩნდება. ასევე ცხადი გახდება, რის გარშემო გაერთიანდა ქართული ოცნება და პატრიოტთა ალიანსი.

,,დაიწყება ახლა პროექტები და მანდ გამოჩნდება ის ინტერესები, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით – არახარისხიანად ჩაბარებული ტენდერები და პრობლემები. აქამდე ამ ყველაფერს გამგებელი განკარგავდა და ახლა მოქმედი მერი თუ ვინ გადაიბარებს ცოტა დროა საჭირო და მაგის კურატორიც გაირკვევა. ეს რომ ასე გაგრძელდება უკვე ჩანს. ვფიქრობ, პრობლემა მიდგომაშია და არა პიროვნებებში –როცა მიდგომაა ასეთი, რომ ყველაფერზე თვალს გიხუჭავენ, ოღონდ იყავი მონა, ვფიქრობ, რომ არაფერი შეიცვლება“ – აცხადებს ზაზა ჩაჩანიძე.

შექმნილი ვითარების გამო, საკრებულოს მორიგ სხდომას ერთადერთი, ვინც ოპოზიციიდან დაესწრო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია. ბაკურ გელაშვილი მზად არის ბორჯომისთვის საჭირო საკითხებს მხარი დაუჭიროს, თუმცა ამბობს, რომ გამართულ სხდომაზე მხოლოდ ბუნდოვანი საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს.

,,საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო დასუფთავების ხარჯებთან დაკავშირებით ააიპ–ების წარმოდგენა, სადაც ითხოვდნენ შტატგარეშე თანამშრომლების აყვანას, სეზონის მანძილზე. მაშინ, როცა ჩვენ მთელი ამ ხნის მანძილზე, მათ შორის ის ,,პატრიოტებიც“, რომლებიც ოპოზიციაში იყვნენ თავიდან, სიპების და ააიპების საშტატოების წარმოდგენას და მათ არაერთხელ მიმართა საკრებულომ, თუმცა ამ დრომდე ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენა, რა რაოდენობის ადამიანები მუშაობენ, რა ანაზღაურებით და ა.შ. შესაბამისად, მე ამ საკითხებს მხარი არ დავუჭირე“ – განმარტავს ენმ–ს წევრი ბაკურ გელაშვილი.

ოპონენტების ბრალდებებს მმართველი ძალიდან ვანო შალუტაშვილი პასუხობს. ამბობს, რომ იმპიჩმენტის შემდეგ პირველივე სხდომა იყო საქმიანი. იგი იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელზეც საკრებულო უახლოესი ერთი თვის მანძილზე მუშაობას აპირებს.

,,არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელსაც მოსახლეობა ითხოვს და პრიორიტეტულად დღის წესრიგში დგას, მოსახლეობა ითხოვს ავტოპარკის განახლებას, რომელიც მოძველებულია და აქამდე ვერ მოხერხდა ამ თემის წინ წამოწევა. არის კიდევ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც არამარტო მოსახლეობის, არამედ ზოგადად ყველას პრობლემაა და მისი ინიციატორი მუნიციპალიტეტია. არის კიდევ კერძო ხასიათის პრობლემები – საყრდენი კედლების, შიდა ქუჩების, ჩიხების მოასფალტება. შეიკრიბება საფინანსო კომისია, ჩვენ დავესწრებით ამ კომისიებს, რომელიც უფრო სწრაფია. ფრაქციების სახელით დავესწრებით ბიუროს სხდომასაც, სადაც წინასწარ იქნება საკითხები გავლილი საკრებულომდე და შემდეგ საკრებულოსთვის მოვამზადებთ ამ ყველაფერს“ – აცხადებს დეპუტატი ,,ქართული ოცნებიდან“ ვანო შალუტაშვილი.

მორიგი საკრებულოს სხდომა 30 მაისს ჩაინიშნა. ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, დაესწრებიან თუ არა მომდევნო სხდომას. საკრებულოს დეპუტატებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უნდა განკარგონ, რომელიც 2018 წლისთვის 23 მილიონ ლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG