Accessibility links

ბლოგები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მდუმარე კავალერი

მდუმარე კავალერი


ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

ცოტა ხნის წინ დემნა გვასალია ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი გახდა. საქართველოში ბევრმა ნახა ის მოკლე ვიდეო, იზაბელ იუპერის გვერდით მდგარ დიზაინერს მკერდზე მედალი რომ შეაბეს. ეგაა, ცოტამ შეიმჩნია ჩვენთან ეს ამბავი. არ მოჰყოლია მას ის აჟიოტაჟი, რაც, ალბათ, ადრე მოჰყვებოდა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, ყოველი ქართველის ერთი ბეწო წარმატებაც კი დიდი ამბავია ხოლმე ჩვენთან. მით უფრო, როცა ეს წარმატება საზღვარგარეთ მიიღწევა. მაგრამ დემნას ორდენს, შეიძლება ითქვას, მოჰყვა დუმილი. მაშინ როცა ხალხი, რომელიც ვერასდროს შეიძენს მისი დიზაინით შექმნილ ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს, ცოტა ხნის წინ უდიდესი მონდომებით აფრიალებდა ფოტოებსა და ვიდეოებს მისი ჩვენებებიდან.

უფრო სასოწარკვეთილნი ამ პროდუქციის ფეიქითაც იმოსებოდნენ. ეს იყო ნამდვილი ბრმა სიყვარული. სიყვარული არც არის სხვაგვარი.

პატარა ამბავია? ქართველი კაცი უმაღლესი მოდის ქიმზე მოექცა. მეათე წელია, დემნა გვასალია მოდის სახლ „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია. მისი სტილი, რასაც თვითონ „რეტინალურ დიზაინს“ უწოდებს, ჩემი გასარჩევი არაა. მე მხოლოდ მაინტერესებს, ასე რამ დაადუმა ეს კაცი.

კომპრომატების ან გაკოტრების შიშმა ალბათ არა. აბა, რა არის ის, რაც თევზივით გამუნჯებს, როცა ასე სჭირდები „სადღაც“ ხალხს. შენს ეროვნებას აქ მნიშვნელობა არა აქვს. ეს ხალხი სულ რომ რომელიღაც აფრიკული ან რამე კიდევ უფრო შორეული (თუმცა ამ დედამიწაზე აღარაფერია შორეული) ტომიდან იყოს, როგორ უნდა მოგითმინოს გულმა, როცა იცი, რომ შენი პირიდან ამოსულ თუნდაც შორისდებულს ახლა ოქროს კი არა, პირდაპირ წამლის ფასი აქვს. როგორ უნდა დაგენანოს წამალი მომაკვდავისთვის, რომელიც თვალებში შემოგყურებს?

ბოლოს და ბოლოს, შენ არ დაუდექი უკრაინას გვერდში, როცა რუსეთი მას თავს დაესხა? სწორედ უკრაინამ არ მოგანიჭა ორდენი „მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილისათვის“? ანუ, კარგად იცი, რა მნიშვნელოვანიცაა საჭირო დროს მხარდაჭერა, სიმართლის მხარეს დადგომა.

ჩემდა თავად უკრაინისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა, მე მხოლოდ მაინტერესებს, ნუთუ საქართველო არ იმსახურებს ახლა შენს თანადგომას? არ სჭირდება მას „საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება და სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“?

იგივე რუსეთი ახლა შემოჭრილია საქართველოში, რომლის ღირსების მედალიც შენ ასევე გაქვს. ასევე ხარ იმ თბილისის საპატიო მოქალაქე, რომლის ცენტრშიც უკვე მესამე თვეა, ხალხი ქუჩებში გამოდის ახალი არჩევნების მოთხოვნით, რის გამოც ე.წ. ხელისუფლება მას სასტიკად აწამებს, აპატიმრებს, აჯარიმებს, პირში აფურთხებს, და ა.შ., და ა.შ. მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ ხმა ამოიღო? ბოლოს და ბოლოს, კავალერი ხარ თუ კოპროლიტი?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG