გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს ხანში გამოაცხადებს ტენდერს 70 000 ლარად ორი ახალი ავტომანქანის შესაძენად. მერი არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რომ ახალი ავტომობილებით ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლები ივლიან და მუნიციპალიტეტში მრავლად დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშოებს გააკონტროლებენ. მერი ახალი ავტომანქანების შეძენას იმით ხსნის, რომ ამ მუნიციპალური სამსახურების განკარგულებაშია 90-იან წლებში გამოშვებული ავტომობილები, რომლებსაც მომსახურების ვადა თითქმის ამოეწურა.
რამდენიმე ხნის წინ, როცა გურჯანიის მერიამ საკრებულოს მიმართა ავტოტრანსპორტის შესაძენად თანხმობის მისაღებად, მერიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ 70 000 ლარი მერისთვის ავტომანქანის შესაძენად იყო განკუთვნილი. „გაჟღერდა არასწორად, რომ ეს უნდა ყოფილიყო შეძენილი მერისთვის. ეს არის დეზინფორმაცია“, - აცხადებს თავად არჩილ ხანდამაშვილი.
2019 წლის 14 დეკემბერს, როცა გურჯაანის მერი რამდენიმე თანამშრომელთან ერთად თბილისში მიემგზავრებოდა ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის აღნიშვნის საბაბით „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე დასასწრებად, მერიის ავტომობილს საგარეჯოსთან მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ამ შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.
გურჯაანის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ ბუწაშვილი დღესაც დარწმუნებულია, რომ 70 ათასი ლარი სწორედ მერისთვის ახალი ავტომანქანის შესაძენად უნდოდათ, თუმცა, ადგილობრივ საზოგადოებაში პროტესტის გამო გადაიფიქრეს. ბუწაშვილი ირწმუნება, რომ გურჯაანის მერიის დღევანდელი ავტოპარკი სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და ახალი ავტომობილების შეძენა ზედმეტი ხარჯია.
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი გვეუბნება, რომ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში საჭიროზე მეტი ავტომობილია და, შესაბამისად, გაორმაგებულია საწვავის ხარჯიც. მესხიშვილის დაკვირვებით, რეალურად ავტომობილების უმრავლესობა მაღალი თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების პირად მიზნებს ემსახურება და სახელმწიფოს არ გააჩნია ნება ამ ხარჯის შესამცირებლად: „გარდა იმისა, რომ ახალ ავტომობილებს ყიდულობენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონი ლარი იხარჯება ავტომანქანების ექსპლუატაციისთვის. სახელმწიფო ავტომანქანებით სარგებლობს ყველა შტო - ქვედა, საშუალო და მაღალი რგოლი, ამიტომ ერთმანეთს კონტროლს ხომ არ გაუწევენ?! ხუჭავენ თვალს და არანაირი რეაგირება არ ხდება. როდესაც თანამდებობის პირს დაუდგინდება, რომ ავტომობილს პირადი მიზნებისთვის იყენებს, ან საწვავის გადახარჯვა აქვს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაინც ხომ უნდა დადგეს?!“
ახლახან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ, რომლის ერთი ნაწილი ავტოპარკს ეხება. დოკუმენტში წერია, რომ 2017-2018 წლებში ლაგოდეხის მერიას 12 ავტომობილი ემსახურებოდა, არადა, არსებობს მთავრობის რეკომენდაცია, რომ უშუალოდ ამ მუნიციპალიტეტის საქმიანობისთვის 6 ავტომობილიც საკმარისია. აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არ აქვს რაციონალური მიდგომა ფუნქციონირებისთვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოცემული პერიოდის შემდეგაც, 2019 წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 5 ახალი ავტომობილი შეიძინა და ამ მიზნით ბიუჯეტიდან 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა.