Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ აპირებს მშრომელთა უფლებების დაცვას რუსთავში


დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნა სურს საინიციატივო ჯგუფს
დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნა სურს საინიციატივო ჯგუფს

რუსთავში, 30 წლის შემდეგ, კვლავ დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნა სურს საინიციატივო ჯგუფს, რომლის წევრები მიმდინარე წლის აპრილში სათავეში ედგნენ მასშტაბურ გაფიცვას რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. ეს სწორედ ის საწარმოა, სადაც 1990 წელს ახალგაზრდა მეტალურგთა ჯგუფმა საბჭოთა პროფკავშირების ალტერნატიული „თავისუფალ მეტალურგთა კავშირი“ შექმნა. ამ ორგანიზაციამ მხოლოდ ორი წელი იარსება და ძირითადად პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობდა, მშრომელთა სოლიდარობის ჯგუფი კი, როგორც მისი წევრები ამბობენ, მხოლოდ დასაქმებულთა უფლებებზე გაამახვილებს ყურადღებას. ჯგუფის ლიდერის, გიორგი ტყემალაძის, თქმით, მიზნის მისაღწევად ყველა კანონიერი მეთოდით იბრძოლებენ.

„კერძო მესაკუთრეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ორგანული კანონები, არ უნდა დაარღვიონ. თუ დაარღვევენ, მივიღებთ მკაცრ ზომებს, აუცილებლად ვამხელთ კერძო მესაკუთრეებს, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციით დაცულ მშრომელთა უფლებებს“, განაცხადა გიორგი ტყემალაძემ რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი ორგანიზაციის პრეზენტაციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, თბილისის მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირების ლიდერები და რუსთაველების მცირე ჯგუფი. გიორგი ტყემალაძემ შენიშნა, რომ პრეზენტაციაზე დამსაქმებლებიც მიიწვიეს, მაგრამ არავინ მისულა.

ბექა ნაცვლიშვილი
ბექა ნაცვლიშვილი

მშრომელთა სოლიდარობის ჯგუფი კანომდებლობაში რამდენიმე ცვლილების შეტანას მოითხოვს. ეს მოთხოვნები დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივაშიც არის ასახული. მათ შორისაა დასაქმებულებისთვის მინიმალური დარიცხული ხელფასის 500 ლარით განსაზღვრა და უსაფრთხო სამუშაო პირობები. ბექა ნაცვლიშვილი, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამბობს, რომმაშინ როცა ქვეყნის შრომით ბაზარზე საშუალო ხელფასი 400-500 ლარია, 290 ათასი დასაქმებულის საშუალო ხელფასი კი - 250 ლარი, შრომამ, როგორც ღირებულებამ, აზრი დაკარგა. ნაცვლიშვილის თქმით, როგორი კანონიც არ უნდა მივიღოთ, მთავარია მისი იმპლემენტაცია.

„წინა ხელისუფლების დროს პატრული ჩართული იყო იმაში, რომ გაფიცულ მუშებს ხელჯოხებით საწარმოებში მიერეკებოდა. ასეთი რამ დღეს არ ხდება და, თითქოს, მშრომელთა მოძრაობა უნდა გაძლიერებულიყო, მაგრამ [გაერთიანებულმა] პროფკავშირმა ეს ვერ ითავა, რომელსაც მონოპოლიზებული აქვს მშრომელთა წარმომადგენლობის სივრცე და, შესაბამისად, მშრომელთა ძალისხმევაც შემცირდა. ამდენად, ისეთი ორგანიზაციები, რაზეც გიორგი [ტყემალაძე] საუბრობს, ძალიან მნიშვნელოვანია“.

რუსთავში საშუალო ხელფასის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. მაგალითად, მეტალურგიულ ქარხანაში, როგორც სოლიდარობის ჯგუფის წევრი მეფოლადე ვილენ გელაშვილი ამბობს, ხელფასი 500 ლარია. ჯგუფის კიდევ ერთი წევრი კი, ნინო აფციაური, შრომის ანაზღაურების მხრივ, კატასტროფულად მიიჩნევს ქალთა მდგომარეობას:

„ქალებს, რომლებიც მუშაობენ „სოკოში“, ერთ კილოგრამ მოსავალში 11 თეთრს უხდიან. „სოკოსთან“ როცა მივედით, ცხვირი არც კი შეგვაყოფინეს. მათ აქვთ ძალიან დიდი უფლებები. სახელმწიფო, ფაქტობრივად, ვერ ერევა კერძო სექტორის უფლებებში“.

ნინო აფციაურის თქმით, საწარმოებში არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული. ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოლიდარობის ჯგუფის პრეზენტაციაზეც. მაგალითად, ილაპარაკეს იმაზე, რომ დასაქმებულებს საწარმოებში მუშაობა უწევთ გამონაბოლქვში, ჯანმრთელობა უზიანდებათ, მაგრამ ადამიანზე მავნე ზეგავლენას არავინ აკონტროლებს.

ირაკლი ტაბაღუა
ირაკლი ტაბაღუა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ თქვა, რომ შრომის ინსპექცია, მართალია, არსებობს, მაგრამ საწარმოებში დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გრძელვადიანი დაკვირვების პრაქტიკა დამკვიდრებული არ არის. ის კი არა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები საწარმოების მონიტორინგს სათანადოდ ვერ აწარმოებენ, ადგილობრივ თვითმმართველობას კი ზემოქმედებისთვის სათანადო ბერკეტი არ გაჩნია.​

„თუნდაც იმაზე ვართ თანახმა, რომ როგორც ჯანდაცვის სფეროში რაღაც საკითხებში გვაქვს უფლებების დელეგირება, გარემოს დაცვის სფეროშიც გვქონდეს უფლებების დელეგირება. ვიცი, ძალიან მძიმე ტვირთია ეს ჩემთვის, მაგრამ ამაზეც ვარ თანახმა, მიღირს. იმდენად მძიმე და მწვავეა ეს [ეკოლოგია] პრობლემა, რომ [კანონში] რაღაც ჩანაწერები უნდა გაჩნდეს, რომ ეკოლოგიის კუთხით რაღაც უფლებები გვქონდეს“.

რუსთავის მერმა ისიც განაცხადა, რომ შეზღუდული უფლებების გამო ბევრ საკითხს პირადი კონტაქტებით აგვარებს, თუმცა ზოგჯერ თავს ზემოთ ძალა არაა, რადგან, მისი თქმით, გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი ოფიციალური სტრუქტურები მას ხშირად როგორც მტერს, ისე უყურებენ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG