Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არ ამბობს უარს რუსულ ხორცზე?


„რუსეთის საწარმოები, საიდანაც დღეს ხდება საქართველოში ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი, ინსპექტირებულია სააგენტოს ინსპექტორების მიერ, რაც გამორიცხავს საქართველოში ინფექციების გავრცელების რისკს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო სომხეთის მთავრობის გადაწვეტილებას, 28 აგვისტოდან უარი თქვას რუსეთის რეგიონებიდან ღორისა და ქათმის ხორცის იმპორტზე.

სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვები პროდუქტების უვნებლობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწვეტილება მიღებული იქნა რუსეთის ზოგიერთ რეგიონში გავრცელებული დაავადებების გამო:

მთლიანობაში სომხეთმა აკრძალა რუსეთიდან ყველა სახის ცოცხალი ფრინველის, ფრინველის ხორცის, ნედლეულის, ბუმბულის, საინკუბაციო კვერცხისა და სხვა პროდუქტების შეტანა.

„ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა აფრიკული ჭირისა და ფრინველის გრიპის შემთხვევები“.

მთლიანობაში სომხეთმა აკრძალა რუსეთიდან ყველა სახის ცოცხალი ფრინველის, ფრინველის ხორცის, ნედლეულის, ბუმბულის, საინკუბაციო კვერცხისა და სხვა პროდუქტების შეტანა.

თუმცა, სომეხი კოლეგებისგან განსხვავებით, საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არ მიიჩნია საჭიროდ რუსეთში წარმოებული ღორისა და ქათმის იმპორტის აკრძალვა. სააგენტოს მიერ რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ განცხადებაში წერია:

„საქართველოში ხორცი და ხორცპროდუქტები შემოდის მხოლოდ შესაბამისი ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარმოდგენის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტი ხორციელდება იმ ქვეყნებიდან, რომელიც შესულია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“, პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ საწარმოში ჩატარებული კონტროლის შედეგების გათვალისწინებით“.

საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, საქართველოში რუსეთიდან მეფრინველეობის პროდუქტი ფაქტობრივად არ შემოდის.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს, საქართველოში 106 მილიონამდე დოლარის ღირებულების 69 ათასი ტონა ხორცის იმპორტი განხორციელდა.

ხორცის იმპორტში, 61,5 მილიონი დოლარით, პირველ პოზიციაზე ქათმის ხორცია, შემდეგ მოდის ღორის ხორცი - 34 მილიონი დოლარით და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი 10 მილიონამდე დოლარით.

საქსტატის ინფორმაციითვე, საქართველოში ღორის ხორცის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია ბრაზილია, უკრაინა, ესპანეთი, კანადა.

რაც შეეხება ქათმის ხორცის იმპორტს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია ბრაზილია, უკრაინა, ამერიკა, თურქეთი, საფრანგეთი. როგორც საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, საქართველოში რუსეთიდან მეფრინველეობის პროდუქტი ფაქტობრივად არ შემოდის და, შესაბამისად, არც დაავადების გავრცელების საფრთხე არსებობს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG