ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებულ ქსელურ მარკეტებში, აფთიაქებსა და სხვა ობიექტებში მომხმარებელთა მიერ პირბადის ტარებას თავად ობიექტებში დასაქმებულები აკონტროლებენ და თავადაც მოიხმარენ პირბადეს, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვადასხვა უბანში განთავსებულ მცირე სასურსათო ან შერეულ მაღაზიებში სულ უფრო ხშირად არღვევენ ადამიანები პირბადის ტარების წესს. სავალდებულო წესის დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე ლაპარაკობენ რესპონდენტებიც და სხვადასხვა მიზეზსაც ასახელებენ, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ სიფრთხილე და წესების დაცვა აუცილებელია:
„ზაფხულია, სიცხეა, ადამიანებს უჭირთ პირბადის ტარება და ესეცაა მიზეზი იმისა, რომ დღეს სადაც შევედი, აგრარულ ბაზარში, სალონში, არსად უკეთიათ. ჩვენ თითქოს მივეჩვიეთ კორონავირუსის არსებობას და ყურადღებას აღარ ვაქცევთ, გვავიწყდება“;
„ტრანსპორტში ხშირად არ იყენებენ, რაც ცუდია. ჯერ საჭიროა პირბადე“;
„ვიცით, რომ საშიშროებაა და მე მიკეთია, მაგრამ მიკროავტობუსებში ხშირად არ მოიხმარენ, რაც არასწორია“, - ამბობენ რესპონდენტები.
საქართველოს მთავრობამ პირბადის ტარების წესი ერთი თვეა, რაც შემოიღო. წესი განსაზღვრავს პანდემიის ან ეპიდემიის დროს საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას პირბადის ტარების საჭიროებას. როგორც მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, პირბადე რესპირატორული დაცვის უზრუნველმყოფი საშუალებაა, რომელიც ახდენს სასუნთქ სისტემაში წვეთებისა და ნაწილაკების მოხვედრის პრევენციას. საქართველოში დაშვებულია ყველა ტიპის პირბადის გამოყენება - როგორც სამედიცინო, ასევე სხვა სახის, მათ შორის სხვადასხვა მასალისგან შეკერილი და ხელნაკეთი პირბადეების. 15 ივნისს ამოქმედებული დადგენილებით, პირბადის გამოყენება აუცილებელია დახურულ საჯარო სივრცეში, საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, შეხვედრებზე, ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებში. არის გამონაკლისებიც: პირბადის ტარება არ მოეთხოვებათ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, შშმ პირებს და მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირთ პირბადის ტარება. ასეთ შემთხვევაში პირმა შესაბამისი ცნობა თან უნდა ატაროს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით, იურიდიული კი 500-ით დაჯარიმდება. დოკუმენტის მეექვსე მუხლის მიხედვით, დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. „აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს“, - ვკითხულობთ დადგენილების ბოლო, მეექვსე, მუხლში.
როგორც ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, ამ დრომდე მათ არ მიუღიათ შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც პირბადის ტარების წესის შესახებ დადგენილების აღსრულების კონტროლი ევალებათ. სამსახურის სპეციალისტის, ეკატერინე გრიგალაშვილის, განმარტებით: „მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც დაავალებს ზედამხედველობის სამსახურს დადგენილების აღსრულებას. სხვა შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ვერ გააკონტროლებს დადგენილების აღსრულებას“.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვადასხვა ობიექტში, მათ შორის, მაღაზიებსა და სალონებში, პირბადის ტარების წესის დაცვა თავად მფლობელებმა უნდა გააკონტროლონ, ხოლო თუ მოქალაქე წესს არ დაიცავს, შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, დარეკონ 112-ზე.