სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორ ბაგა-ბაღში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა. შემთხვევები ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლამდელ დაწესებულებებში 2016 წელს ჩატარდა და, ჯამში, 7000 ლარი დაიხარჯა. სიღნაღის მერიაში მომხდარზე პასუხისმგებლობას სამშენებლო კომპანიებს აკისრებენ და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე მიუთითებენ. რას აპირებენ თავად სამშენებლო კომპანიები და დადგება თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხი?
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში მისულ აღმზრდელებს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს უშუალოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდნილი დახვდათ. შემთხვევა ღამით მოხდა. შესაბამისად, არავინ დაშავებულა. ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია და, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე არ განახლდება, რადგან შენობის სხვა ოთახებშიც, ანალოგიურად, ე.წ. „გიბსოკარდონის“ ჭერია დამონტაჟებული და არის საფრთხე, რომ იგივე განმეორდეს. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თინათინ ბეგიაშვილი ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიისგან უკვე მოითხოვა ჭერის გამაგრება ბაღის ყველა ოთახში. ქვემო მაჩხაანის ბაღს რეაბილიტაცია 3 წლის წინ ჩაუტარდა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ლარი დაიხარჯა.
„სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია ორშაბათამდე! სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ და მუშაობა დაიწყეს. რომელ ბაღშიც მოხდა ჭერის ჩამოვარდნა, აბსოლუტურად ყველა ოთახი შევამოწმებინე. აღდგენის გარდა, ჭერის გამაგრება მოხდება ყველა ოთახში. საჭირო თანხებს თავად სამშენებლო კომპანია გაიღებს“, - განაცხადა სიღნაღის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა თინათინ ბეგიაშვილმა.
საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოვარდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეშიც. ჭერი ჩამოიშალა შენობის დერეფანში, თუმცა სააღმზრდელო პროცესი ამ ბაღშიც შეწყვეტილია. ზემო ბოდბეში ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს ჩატარდა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოყოფილი 4000 ლარი დაიხარჯა. სიღნაღის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილი გვეუბნება, რომ სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. მერის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში შემსრულებელი სხვადასხვა კომპანიაა, მათთან კომუნიკაცია აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ საგარანტიო პერიოდი უკვე გასულია, ისინი ჭერის აღდგენით და გამაგრებით სამუშაოებს ჩაატარებენ.
„ორივე შემთხვევა მოხდა ღამით. ჩვენი სამსახურის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული. მომხდარის შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ კომპანიებს და უმოკლეს დროში აღადგენენ ზიანს. შეიძლება შემთხვევა მომხდარიყო სააღმზრდელო პროცესის დროს, ამაზე დაზღვეული არავინ არ არის. ახლა ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა ოთახის ჭერზე მოხდეს გამაგრებითი სამუშაოები, იმიტომ რომ თუკი ერთ ბაღში უხარისხოდ იყო შესრულებული, შესაძლებელია სხვა ოთახებშიც ანალოგიური მდგომარეობა იყოს“, - ამბობს სიღნაღის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილი.
"გადავრჩით, რომ შენობაში ბავშვები არ იყვნენ", - ასე გამოეხმაურა სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში ჭერის ჩამონგრევას შპს „გიორგიწმინდა 1“-ის ხელმძღვანელი გოჩა მთვარაძე. სწორედ ამ კომპანიამ დაამონტაჟა ბაღში ე. წ. შეკიდული ჭერი. მთვარაძემ გვითხრა, რომ შემთხვევის დეტალებს ეცნობა და არკვევს მიზეზს, თუ რამ გამოიწვია ჭერის ჩამონგრევა, თუმცა გადაჭრით ამბობს, რომ ჩამოშლილ ჭერს საკუთარი ხარჯებით აღადგენს.
კახეთში, განსაკუთრებით კი სოფლებში, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურა რომ სავალალო მდგომარეობაშია, ამის შესახებ სახალხო დამცველისა და სხვა ორგანიზაციების კვლევის საფუძველზე ჩვენ არაერთი მასალა მოვამზადეთ, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში კახეთში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ახლად რეაბილიტირებულ შენობებში ჭერი ჩამოიშალა.