Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ველომომხმარებლები და უსაფრთხოების პრობლემა რუსთავში


რუსთავში სულ უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, ვინც ველოსიპედით გადაადგილდება. მოძრაობენ ტროტუარებზე, გზის სავალ ნაწილზე, სპეციალურად გახაზულ ველობილიკებზე - ეს იმ ფონზე, როცა სპეციალური ინფრასტრუქტურა ძალიან ჩამორჩება სასურველს.

ველომოყვარულებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკია, სადაც ბეტონსაფარიანი ველოქსელია.

პარკში ხშირად თავს იყრიან ოთხი წლის წინ შექმნილი ველომოყვარულთა არაფორმალური კლუბის წევრები. კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრი, გიგა ძულიაშვილი ამბობს, რომ პარკი უსაფრთხოა ველომოყვარულებისთვის. აქ ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებულია. ამიტომაც, გიგა ძულიაშვილის თქმით, კლუბის წევრები ხშირად მართავენ ველომსვლელობებს ქალაქში, ერთი მხრივ, ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების, პოპულარიზაციის მიზნით, მეორე მხრივ კი, საზოგადოების ყურადღების მისაქცევად იმ პრობლემებზე, რომლებიც ველომოყვარულებს აწუხებთ.

გოგა ჯმუხაძე და გიგა ძულიაშვილი
გოგა ჯმუხაძე და გიგა ძულიაშვილი

„ჩვენი ველომსვლელობები არის მიმართული იმისკენ, რომ მეტი პატივისცემა დავიმსახუროთ მძღოლებისგან და შესამჩნევი გავხდეთ ქალაქში, პირველ რიგში, უსაფრთხოდ რომ გადავაადგილდეთ რუსთავში და მეორე დიდი პრობლემა არის ის, რომ ველობილიკები არის მოუნიშნავი, ფეხით მოსიარულეებს ვაწყდებით. ადგილები, სადაც [ველობილიკი] გზას უერთდება, არის მოუნიშნავი, გადასასვლელები არ ვარგა, ახალგაკეთებულ ველობილიკებზეც არ არის ეს მოგვარებული და ამის გამო, ფაქტობრივად, ველობილიკებს არ ვიყენებთ“.

არადა, როგორც გიგა ძულიაშვილი ამბობს, პრობლემა სულ უფრო მწვავდება, რადგან იზრდება ადამიანების რაოდენობა, ვინც ველოსიპედით გადაადგილდება:

„ყველა რომ შემოგვიერთდეს, შერიძლება ველოკლუბი 300-400 წევრამდე გაიზარდოს... ბევრია უცხო, რომელიც ველოსიპედით თავისთვის მოძრაობს, ერთობა. სპეციალური ველომაღაზიაც გაიხსნა რუსთავში. როცა ვეკითხებით [მეპატრონეებს], გვეუბნებიან, დღეში 2-3 ცალს ვყიდითო“.

გიგა ძულიაშვილს მანქანაც ჰყავს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იყენებს. ავტომობილი ჰყავს 71 წლის ლერი მაღლაფერიძესაც, მაგრამ ქალაქში სამოძრაოდ მხოლოდ ველოსიპედს იყენებს:

„ველოსიპედი ჩემთვის არის სამი რამ: ჯანმრთელობა, რადგან ამით წამალს ვღებულობ. მეორე, ეს არის ეკონომია და მესამე - ეკოლოგია, სუფთა ჰაერი. მეც მყავს მანქანა, მაგრამ რუსთავში პრაქტიკულად არ ვიყენებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა რაიმე ტვირთი მაქვს გადასატანი ან ქალაქგარეთ გავდივარ“.

გოგა ჯმუხაძეს ველოსიპედი სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ, გიგა ძულიაშვილის მსგავსად, ყურადღებას მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე ამახვილებს. საჭიროა,თუნდაც, ველოსადგომების მოწყობა:

„ერთ-ერთი პრობლემა არის ველოსადგომების არქონა, რადგან, როცა გადაადგილდება ადამიანი ა პუნქტიდან ბ პუნქტში, არ აქვს საშუალება, რომ სადმე დაააბას. ხან განათების ბოძზე მიაბამენ, ხან რაზე და ხან რაზე. კლუბის წევრების გამოკითხვის შედეგად დავადგინეთ, რომ საჭიროა ველოსადგომების გაკეთება. დაცულობის მეტ შეგრძნებას იწვევს“.

გოგა ჯმუხაძის თქმით, ველოსადგომების არსებობა ველომოყვარულებს ბევრ პრობლემას აარიდებდა, მათ შორის ველოსიპედების ქურდობას.

„სამწუხარო ფაქტები ხდება... ველოსიპედი აივნიდანაც მოუპარავთ. ან მაღაზიაში შესულა ვიღაც და უკან გამობრუნებულს ველოსიპედი აღარ დახვდა. ასეთი ფაქტები რუსთავშიც ხდება, თბილისშიც და ყველგან“.

ველომომხმარებლები რუსთავში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:36 0:00

გოგა ჯმუხაძემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ სულ ახლახან ველომოყვარულთა კლუბმა ორბელიანის ფონდისგან 5 ათასლარიანი დაფინანსება მიიღო ქალაქის მარცხენა საპიროზე ველოსადგომების მოსაწყობად. ველოინფრასტრუქტურის მოწყობაზე ცალკე იზრუნებს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო(GTZ).

რუსთავის საკრებულოს წევრი ამირან ჯანჯღავა, რომელიც მერიაში ხშირად ველოსიპედით მიდის, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ გამართული ინფრასტრუქტურის მოწყობა, პირველ რიგში, ველომოყვარულთა უსაფრთხოებისთვის არის საჭირო:

„უსაფრთხოება ძალიან დაბალია, რის გამოცქალაქში ველომომხმარებელთა რაოდენობა მცირეა. რუსთავის მერია თანამშრომლობს GTZ-თან, გერმანულ ორგანიზაციასთან, რომელიც ახლო პერიოდში გამოგზავნის ექსპერტებს საქართველოში და მათთან ერთად მოხდება ველოინფრასტრუქტურის პროექტის შემუშავება“.

ამირან ჯანჯღავამ აქვე დასძინა, რომ ტროტუარების თუ საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესში გათვალისწინებულია ველობილიკების მოწყობა. რუსთავის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მხოლოდ წელს სხვადასხვა ქუჩაზე 2,5 კილომეტრი საერთო სიგრძის ველობილიკების მოწყობა არის დაგეგმილი.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG