Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჰაგნ ჩახალიანი ფაშინიანის მოწინააღმდეგეთა ავანგარდში


ვიდეოკადრებში ჩახალიანი ნახევარი წუთის განმავლობაში იდგა სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ტრიბუნაზე მეგაფონით ხელში.
ვიდეოკადრებში ჩახალიანი ნახევარი წუთის განმავლობაში იდგა სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ტრიბუნაზე მეგაფონით ხელში.

მოძრაობა „ჯავახკის” ლიდერი, ახალქალაქელი ვაჰაგნ ჩახალიანი, რომელიც ზოგიერთმა მედიამ ცოტა ხნის წინ მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულად გამოაცხადა, სინამდვილეში ცოცხალია და სხვებთან ერთად აქტიურად ილაშქრებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.

მან ვიდეოკამერების წინაშე 10 ნოემბერს რამდენჯერმე გაიელვა სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც უკმაყოფილო ბრბომ ძალის გამოყენებით დაიკავა მალევე მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, განაცხადა მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო ომის შეწყვეტაზე შეთანხმების შესახებ.

ვიდეოკადრებში ჩახალიანი არ ჩანდა ბრბოს რიგითი წევრი. იგი ნახევარი წუთის განმავლობაში მაინც იდგა სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ტრიბუნაზე მეგაფონით ხელში და აღგზნებულ აუდიტორიას მილიტარისტული განცხადებით მიმართავდა.

„ჩვენ ბრძოლა უნდა განვაგრძოთ“, - გაჰყვიროდა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და წვერმოშვებული ვაჰაგნ ჩახალიანი პარლამენტის მთავარი ტრიბუნიდან.

მის უკან იდგნენ ე.წ. ბალაკლავიანი პარამილიტარისტული იერის მქონე ადამიანები, - სავარაუდოდ, მოხალისეები, - რომლებიც მიიჩნევენ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოების ზურგს უკან ხელი მოაწერა კაპიტულანტურ შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ბრძოლის შეწყვეტისა და სომხეთის კონტროლის ქვეშ არსებული რაიონების აზერბაიჯანისათვის დათმობის შესახებ.

არა მხოლოდ მილიტარისტულად განწყობილი ადამიანებისათვის, არამედ სომხეთის საზოგადოების ერთი ნაწილისათვის მიუღებელია სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომელმაც ყური ათხოვა თავის სარდლებს და კიდევ უფრო უარესი შედეგის თავიდან ასაცილებლად „წარმოუდგენლად მტკივნეულ“ პირობებს დასთანხმდა.

„არმია ამბობდა, რომ საჭიროა გაჩერება, რადგან გვაქვს გარკვეული პრობლემები, რომელთა გადაჭრის პერსპექტივა ან არ ჩანს, ან მისი გადაჭრის რესურსი ამოწურულიაო. იყო ფაქტები, როდესაც კონკრეტული სამხედრო პოლკი ვერ იქნა გადასროლილი ბრძოლის ველზე, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა სამხედრო ნაწილის გამშვებ პუნქტთან მოგროვდა, წინ გადაეღობა სამხედრო მანქანებს და არ მისცა ჯარისკაცებს სამხედრო ნაწილის ტერიტორიის დატოვების უფლება. ათობით ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ამას ჰქონდა ძალიან სერიოზული და ძალიან მძიმე შედეგი, რაც ბრძოლის ველზე გამოჩნდა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 10 ნოემბერს ფეისბუკით გავრცელებულ მიმართვაში.

მაგრამ უკმაყოფილო სომხების ნაწილს არაფრის გაგონება არ სურს.

ისინი მოითხოვენ სასწრაფოდ შეიკრიბოს ეროვნული კრება - სომხეთის საკანონმდებლო ორგანო - და გაუქმდეს 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხება, რომელიც ერევნისაგან მთიანი ყარაბაღის გარშემო მნიშვნელოვან ტერიტორიებზე უარის თქმას ითვალისწინებს.

როგორც სომხური მედია იუწყებოდა, სომხეთის ეროვნული კრების ეზოში შეკრებილებს შორის აქტიურობით გამოირჩეოდა ზემოხსენებული ახალქალაქელი სომეხი, საქართველოს ყოფილი მოქალაქე ვაჰაგნ ჩახალიანი.

ეროვნული კრება დაუყოვნებლად უნდა შეიკრიბოს და უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, რომელსაც არ ძალუძს ქვეყნის მართვა საომარ პირობებში, - განუცხადებია სომხეთის პარლამენტის ეზოში შეკრებილი ჟურნალისტებისათვის საინიციატივო ჯგუფ „ნებისყოფის“ წევრ ვაჰაგნ ჩახალიანს.

როგორც ზემოთ ითქვა, ჩახალიანის დევიზია ბრძოლის გაგრძელება.

„ათასობით მოქალაქე ელოდებოდა საომრად გაწვევას, ისინი დაარეგისტრირეს, მაგრამ, დაპირების მიუხედავად, მათ არავინ დაჰკავშირებია“, - აცხადებს ჩახალიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამხედრო საქმის სწორად ორგანიზების შემთხვევაში სომხეთს შეუძლია „მოწინააღმდეგის“ დამარცხება.

თუმცა „მოწინააღმდეგეს“ თავისი ანგარიშები აქვს ვაჰაგნ ჩახალიანის მიმართ.

აზერბაიჯანმა დაუსწრებლად მიუსაჯა მას პატიმრობა აზერბაიჯანის სამხედრო ძალების წინააღმდეგ მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო. ამჟამად საერთაშორისო ძებნაში მყოფი ვაჰაგნ ჩახალიანი აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ ბრალდებულია უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში, აგრესიული ომის წარმოებასა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობებში.

გამოძიების პროცესში აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ ჩახალიანმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო 2019 წლის ბოლოს. ამ მიზეზით, მას საქართველომ 2020 წლის დასაწყისში გაუუქმა საქართველოს მოქალაქეობა.

ახალქალაქელ ვაჰაგნ ჩახალიანზე ვრცელი დოსიე არსებობს საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებში.

მოძრაობა „ჯავახკის” ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი 2009 წელს დააპატიმრეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი რამდენიმე მუხლით - კერძოდ, ბრალდებული იყო მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობაში, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენასა და ხულიგნობაში.

საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ჩახალიანს უწოდებდა „რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ რეზიდენტს“, რომელმაც დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია, ქართული უნივერსიტეტი და ქართული პოლიცია ახალქალაქში და ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში, ისე რუსული სამხედრო ბაზის გასვლას ახალქალაქიდან.

ჩახალიანი უარყოფდა მის დადანაშაულებას სეპარატიზმში და თავს პოლიტიკური მოტივით მსჯავრდებულად მიიჩნევდა.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ვაჰაგნ ჩახალიანი, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის ინიციატივით, პოლიტპატიმართა სიაშიც განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, იგი ამ სიაში აღარ აღმოჩნდა.

32 წლის ჩახალიანმა 2013 წლის 25 იანვარს ვადაზე ადრე დატოვა საპატიმრო.

გავრცელებული ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ ვაჰაგნ ჩახალიანი სომხეთის კათალიკოსის, გარეგინ მეორის თხოვნით გაათავისუფლა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG