Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკა, რომლის უმნიშვნელო ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერ აისახება


მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური შიდა პროდუქტის ზრდამ 5 % შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვის ზრდამ 4,9 % - ასეთია საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. აღნიშნული მონაცემებით, 2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მრეწველობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. რაც შეეხება კლებას, სტატისტიკური მონაცემებით, კლება მხოლოდ საფინანსო საქმიანობაში დაფიქსირდა.

რას გვეუბნება საქსტატის მონაცემები დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე?

მიმდინარე წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 3, 5 % შეადგინა. მომდევნო თვეებში ზრდის დინამიკა გაგრძელდა -კერძოდ, თებერვალში ეს 4, 6 % იყო, მარტში - 6% , აპრილში - 5, 1% , მაისში - 4, 7%, ხოლო ივნისში - 5 %. „Forbes Georgia"- ს მთავარი რედაქტორის, გიორგი ისაკაძის შეფასებით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, ამ უკანასკნელის, ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შესახებ, ორი გარემოებითაა საგულისხმო:

გიორგი ისაკაძე
გიორგი ისაკაძე

  • გამოჩნდა, რომ ტურისტების კლებას ადგილი არ ჰქონია
  • ლარის კურსის ვარდნა ძირითადად ტურისტების რაოდენობის შემცირებას არ უკავშირდება

გიორგი ისაკაძის მოსაზრებით, მივიღეთ მორიგი სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ამ შემთხვევაში, ეკონომიკური თემების წინ წამოწევის გამო, ასევე 2 ფაქტორის გამო გახდა აქტუალური: ეს ფაქტორებია,

  • ლარის კურსის ვარდნის ტენდენცია
  • ბანკირების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე.

გიორგი ისაკაძე შენიშნავს, რომ სხვა მხრივ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს: „პირიქით მან ხაზი გაუსვა, რომ „გავრილოვის ღამეს“ და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სტატისტიკური თვალსაზრისით ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია. მე ღრმად მწამს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით პრობლემაა ინვესტიციების არქონა ქვეყანაში და არა მხოლოდ ივნისსა და ივლისში, არამედ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში“, - აღნიშნა გიორგი ისაკაძემ.

​თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტის გაუმჯობესებამ. მისი თქმით, დეფიციტი შემცირდა 90 მილიონი ამერიკული დოლარით, რამაც პოზიტიური გავლენა მოახდინა საგადამხდელო ბალანსის დეფიციტზე.მისივე განმარტებით, ივნისში 4, 5 პროცენტით გაიზარდა ტურიზმიდან შემოსავლები და დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა წმინდა ფულადი გზავნილების მიმართულებით.

ეკატერინე მიქაბაძე
ეკატერინე მიქაბაძე

„როგორც 6 თვის მონაცემები ცხადყოფს, სახეზეა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება, თუმცა ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენები ნეგატიურ ფონს ქმნის და უარყოფით მოლოდინებს იწვევს ეკონომიკაში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, რომლის თქმითაც მთავრობის ძალისხმევა ნეგატიური მოვლენების გასანეიტრალებლადაა მიმართული. ამ მოვლენებს, მთავრობის წარმომადგენლებმა თავიანთ საჯარო გამოსვლებში ასევე პირდაპირ დაუკავშირეს ლარის გაუფასურება, პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა, სამომხმარებლო ტარიფების შესაძლო გაძვირება და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებას იწვევს.

უარყოფითი მოლოდინები ეკონომიკაში

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მოსაზრებისგან განსხვავებით, "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" დირექტორის მოადგილის, ქეთევან კრიალაშვილის შეფასებით, უარყოფით მოლოდინებს ეკონომიკაში იწვევს არა ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენები, არამედ პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

ქეთევან კრიალაშვილი
ქეთევან კრიალაშვილი

ანუ ის, რაც მისი შეფასებით, საქართველოს მიმართ ინვესტორების არასტაბილურობის განცდას განაპირობებს: „ის, რაც ჩანს იგივე ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეზე არის ეკონომიკის დამაზიანებელი არა მარტო მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც. არადა, ჩვენ გვინდა გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვა,“-აღნიშნავს ქეთი კრიალაშვილი. მისი აზრით, 5% - იანი ეკონომიკური ზრდა არც კი შეიძლება ზრდად ჩაითვალოს.

​თავის მხრივ, წინა პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით ეკონომიკის 5 %-იან ზრდას პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი მაკალათია, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ამ ეტაპისთვის ჯერ არ არსებობს აბსოლუტური მაჩვენებლები, რომლებიც მოგვცემდა იმის შეფასების საშუალებას, კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს შედეგი.

ირაკლი მაკალათია
ირაკლი მაკალათია

მცირე ეკონომიკაში წარმოების მცირედით გაზრდაც კი იწვევს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიღებას. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, წარსულში, მაშინ, როდესაც 320-მა მილიონმა ჩვენთან ეკონომიკის 5,3 პროცენტით ზრდა გამოიწვია, იმ პერიოდში გერმანიაში 1,6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მიიღეს 11 მილიარდ 700 მილიონი ევროს დამატებით“, -აღნიშნავს ირაკლი მაკალათია, რომლის აზრითაც საჭიროა, სწრაფი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იმისათვის, რომ ზოგადად ეკონომიკის ზრდაში მოხდეს გარდატეხა. ირაკლი მაკალათია საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას საქსტატის იმ მიგნებაზე, რომლის მიხედვითაც ერთადერთი სფერო, რომელშიც ივნისის განმავლობაში კლება აღინიშნა, საფინანსო სექტორია. ექსპერტის აზრით, რომ არა სახელმწიფოს მიერ დაწყებული მთელი რიგი რეგულაციები ჭარბვალიანობისა თუ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიმართულებით, საბანკო სექტორს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახებოდა ასევე თვის ეკონომიკურ ზრდაზე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მშპ-ს ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა

მომატებული საგარეო რისკების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს 4.5%-მდე ამცირებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, სებ-ი პროგნოზს აქამდე არსებული 5%-დან , 4.5%-მდე ამცირებს. პროგნოზის გადახედვა ეროვნული ბანკის თანახმად, განაპირობა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემოღებამ, რაც წლის განმავლობაში ტურისტული შემოსავლების კლებაში აისახება და, საბოლოოდ, ეროვნული ბანკის თანახმად, ერთობლივი მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს.

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, რეალური მშპ-ს პოტენციური დონიდან ჩამორჩენა ეტაპობრივად, 2021 წლის დასაწყისისთვის აღმოიფხვრება.

XS
SM
MD
LG