Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუცია მზადდება


უკანასკნელ ხანებში საქართველოს ხელისუფლება ზეწოლას განიცდის არა მხოლოდ შინ, არამედ უცხოელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ის კონგრესმენთა წერილების წყებას ახლა ემატება მწვავე კრიტიკა ევროპიდან. ევროპარლამენტში დაგეგმილია საქართველოს საკითხის განხილვა და რეზოლუციის მიღება. რეზოლუცია ერთობ მწვავე და კრიტიკული იქნება, ყოველ შემთხვევაში, ამას მეტყველებს რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული რეზოლუციის პროექტები.

თუ რას უნდა ველოდეთ რეზოლუციაში, ამაზე მიანიშნებს გასულ კვირაში ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის მიერ მომზადებული ერთობ მწვავე წერილი, რომლის ადრესატია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს მთავრობა.

ამ წერილშიც და რეზოლუციის პროექტებშიც მთავრობის მიმართ კრიტიკაა გამოთქმული რამდენიმე პრინციპულ საკითხზე, მათ შორის, საარჩევნო სისტემაზე, სასამართლო რეფორმაზე, 2019 წლის საპროტესტო გამოსვლების არაპროპორციული ძალით დარბევაზე და სხვ.

წერილის ავტორები შეშფოთებას გამოხატავენ „საქართველოს უკუსვლის გამო კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპებიდან“.

საქართველოს უკუსვლა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპებიდან...

ევროპარლამენტართა თქმით, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ახლახან ჩატარებულ პროცესს „აკლდა გამჭვირვალობა და პროფესიულ კრიტერიუმებზე დამყარებული ობიექტურობა“. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყოველი ღონე იხმაროს იმისთვის, რომ აღდგეს სასამართლოსადმი მოქალაქეების ნდობა. „საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ დარჩენილ მოსამართლეებს პროფესიონალიზმისა და რეპუტაციის უფრო მაღალი სტანდარტებით შეარჩევენ“, აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენა იზრდება. ამის დასტურად ისინი ასახელებენ ოპოზიციის წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო პროცესებს.

რიგი ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკას გამოთქვამენ კომენტარებში, რომლებიც რადიო თავისუფლებას გაუზიარეს ზემოხსენებულ წერილთან დაკავშირებით.

შეშფოთებული ვარ იმ სახიფათო ტრაექტორიის გამო, რომელსაც ადგას საქართველო და მისი ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატია...
ვიოლა ფონ კრამონი

„შეშფოთებული ვარ იმ სახიფათო ტრაექტორიის გამო, რომელსაც ადგას საქართველო და მისი ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატია...“, განუცხადა რადიო თავისუფლებას წერილის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრმა, გერმანელმა პარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა. „უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ნელ-ნელა აუქმებს ადრეულ მიღწევებს... საქართველოსა და ქართველების საკეთილდღეოდ - ვისზეც დიდად შეგვტკივა გული - მოვუწოდებთ მთავრობას, პასუხისმგებლობა იკისროს მიმდინარე პროცესისთვის და დაიცვას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დემოკრატიული პრინციპები“.

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, ლიტველმა პარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია, გვითხრა: „ევროპის პარლამენტში შეშფოთებული ვართ ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოში, სადაც ვხედავთ შესაძლო უკუსვლის ნიშნებს“. ისევე, როგორც თავად წერილშიც, კუბილიუსმა ჩვენთვის მოცემულ კომენტარშიც ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის წარმომადგენლებზე სასამართლოს მხრიდან ზეწოლაზე. „ხელისუფლების მიმართ ჩვენი კრიტიკული შენიშვნები იყო და არის ძალიან მარტივი - სისხლისსამართლებრივი დევნით ოპოზიციის დაშინება არ შეესაბამება დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებს და კანონის უზენაესობას“, განაცხადა კუბილიუსმა.

შეშფოთებული ვართ ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოში, სადაც ვხედავთ შესაძლო უკუსვლის ნიშნებს...
ანდრიუს კუბილიუსი

„მე წერილს ხელი მოვაწერე, ვინაიდან გულდაწყვეტილი ვარ, როცა ვხედავ უკუსვლას მრავალ ფრონტზე, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის - იქნება ეს სასამართლოს დამოუკიდებლობა თუ ძალის არაპროპორციული გამოყენება საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ, ზომები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ თუ სავარაუდოდ მთავრობის პირდაპირი მონაწილეობა დეზინფორმაციის კამპანიებში“, განუცხადა რადიო თავისუფლებას სლოვაკმა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა (EPP).

ამ შენიშვნების ფონზე ევროპარლამენტმა უნდა განიხილოს რეზოლუციის პროექტები, რომლებიც ძალზე კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ჩვენ ხელთაა რეზოლუციის სამი პროექტი ევროპარლამენტის სამი დიდი ფრაქციისგან. ესენია ევროპის სახალხო პარტია (EPP), ევროპელი ლიბერალები (Renew Europe) და ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები (ECR).

პროექტებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ევროპარლამენტის წამყვანი ფრაქციების პოზიციები ერთობ ჩამოჰგავს ერთმანეთს. ევროპარლამენტართა პოზიციების ამგვარი თანხვედრა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ეს კრიტიკა საბოლოო დოკუმენტშიც იქნება შენარჩუნებული.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ევროპელები დღეს ხედავენ აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ საქართველოში, არის ის, რომ, მათი აზრით, ხელისუფლებაში მონაწილეობისთვის საბრძოლველად ოპოზიციას არა აქვს სამართლიანი პირობები. ევროპის პარლამენტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ასპარეზზე შექმნას კონკურენტუნარიანი გარემო.

არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები გამოთქვამენ გაფრთხილებას, რომ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების კვლავაც ბოროტად გამოყენებამ და ლეგიტიმური ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს „პერსონალური სანქციები“ დამნაშავეთა მიმართ.

ევროპარლამენტს საქართველოს ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები აქვს სასამართლო რეფორმისა და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხშიც. რეზოლუციის პროექტები შეიცავს საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკას იმის გამო, რომ მან „სრულად არ გაიზიარა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები“. ევროპარლამენტარები გამოთქვამენ წუხილს, რომ „უზენაესი სასამართლოს ნომინაციები ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაციას, მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებას“.

ბოლო ხანებში უცხოელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების ერთ-ერთი მუდმივი თემაა სამართალდამცავთა მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და ოპოზიციის მიმართ ძალადობის შემთხვევები. გამონაკლისს არც ევროპარლამენტარების რეზოლუციის პროექტები წარმოადგენს. ისინი მოითხოვენ სამართალდამცავთა მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას.

ევროპარლამენტარები შეშფოთებული არიან ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ე.წ. მიძინებული სასამართლო საქმეების გააქტიურების გამო. მათი აზრით, „ამ საქმეებთან დაკავშირებით შერჩეული დრო და გარემოებები პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის სურათს ქმნის“, რაც ეწინააღმდეგება ასოცირების შეთანხმების სულს.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თავის ერთგულებას. რეზოლუციის პროექტებში მწვავედ არის გაკრიტიკებული რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ევროპარლამენტარები მოსკოვს მოუწოდებენ, დაიცვას ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

რეზოლუციის პროექტების თანახმად, ევროპარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, რომ „რუსეთი კვლავაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის.“ ის „გმობს რუსეთის პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და სოციალური მედიის ინფილტრაციის ძირგამომთხრელ ტაქტიკას, რაც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიისა და საზოგადოების დასუსტებას ინსტიტუტების დისკრედიტაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის, ყალბი ინფორმაციის გავრცელების, სოციალური დაძაბულობის გაღვივებისა და მისი ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხების მეშვეობით“.

მოსალოდნელია, რომ რეზოლუციის საბოლოო ვერსია დიდად განსხვავებული არ იქნება იმისგან, რასაც რეზოლუციის პროექტებში ვხედავთ. ევროპარლამენტარებს ალბათ პოზიციის დაზუსტება მოუწევთ საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მას მერე, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება იქნა მიღწეული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე.

თუკი ზემოხსენებული პროექტები რეზოლუციად იქცა, ეს იქნება ყველაზე კრიტიკული ამგვარი დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს საქართველოს თაობაზე.

როგორიც უნდა იყოს რეზოლუცია საბოლოო სახით, მასზე მუშაობის პროცესი და ჩვენ ხელთ არსებული პროექტები ნათელყოფს, რომ ამ ეტაპზე ევროპელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებით უკმაყოფილო არიან და მისგან ვითარების სწრაფად გამოსწორებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG