Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერა ნიკოლსკი დუგინისა და კრემლის ევრაზიული სამყაროს შესახებ


ვერა ნიკოლსკი
ვერა ნიკოლსკი

„საქმე გვაქვს რეგიონის რესოვეტიზაციის ტენდენციასთან. რა თქმა უნდა, ამას სხვა სახელს უწოდებენ. ეს იქნება ან საბაჟო კავშირი, ან ევრაზიული კავშირი, ან რაიმე მისი მსგავსი. მაგრამ მოდით, ნუ დავხუჭავთ თვალს და თავს ნუ მოვიტყუებთ: ჩვენ ვიცით, რა არის ამ პროცესის მიზნები და ვცდილობთ მოვძებნოთ ეფექტიანი გზები, თუ როგორ შევაყოვნოთ ან საერთოდ არ დავუშვათ ეს პროცესი“ - ეს განცხადება 2012 წლის დეკემბერში გააკეთა ჰილარი კლინტონმა დუბლინში, სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა: კლინტონი პოლიტიკას ჩამოშორდა, ხოლო რუსეთი ექსპანსიას ევრაზიული დროშის გარეშეც აგრძელებს.

მიუხედავად ამისა ევრაზიული მოძრაობა არ გამქრალა პუტინის არსენალიდან. საქართველოსა და უკრაინაში არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად აღნიშნავენ, რომ ევრაზიული მოძრაობა რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. რას წარმოადგენს ის იდეოლოგიური საძირკველი, რომელზეც აღმოცენდა ეს მიმდინარეობა? ვინ არის ალექსანდრ დუგინი, ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი? ამ თემის გარშემო ლაშა ოთხმეზური ესაუბრა ფრანგ სოციოლოგ ვერა ნიკოლსკის, ევრაზიული მოძრაობის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტს დასავლეთში და ავტორს წიგნისა „ნაციონალ-ბოლშევიზმი და ნეოევრაზიულობა თანამედროვე რუსეთში“.

ვერა, თუ შეიძლება დასაწყისში გვითხარით, რატომ დაინტერესდით ალექსანდრ დუგინით და მისი ევრაზიული თეორიით? რატომ გადაწყვიტეთ ამ თემაზე დაგეცვათ სადოქტორო დისერტაცია ?

ალექსანდრ დუგინი ძალიან უცნაურ ფენომენს წარმოადგენს დასავლეთის სოციოლოგებისათვის. დასავლეთში შეუძლებელია ნახო ასეთი ტიპის მოძრაობა პოლიტიკაში, მოძრაობა, რომლის წევრები თავის ორგანიზაციას მიიჩნევენ პოლიტიკურად და ამასთან ერთად გატაცებული არიან ეზოტერული, მისტიური იდეებით. აქედან გამომდინარე, მე ვცდილობდი შემესწავლა ამ მოძრაობის პოლიტიკური სოციოლოგია - ვინ არიან დუგინის მიმდევრები, როგორ ხდება მათი მობილიზება. შევეცადე ასევე ამეხსნა, რატომ და როგორ მოხვდა ეს მოძრაობა პოლიტიკურ სფეროში.

სად იღებს დასაბამს დუგინის ევრაზიული მოძრაობა?

ევრაზიულობა არის ფენომენი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, ეს მოძრაობა სათავეს იღებს სლავიანოფილობა, მაგრამ კლასიკური ევრაზიულობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაიბადა და განვითარდა საფრანგეთის რუსულ ემიგრაციაში მეოცე საუკუნის ოციან წლებში ისეთი პიროვნებების გარშემო, როგორებიც იყვნენ გეორგი ფლოროვსკი და პიოტრ სუვჩინსკი. ემიგრაციაში გამოქცეული რუსი ემიგრანტების მხრიდან ეს იყო მცდელობა იმის გააზრებისა, თუ რა ხდებოდა რევოლუციის შემდეგ იმ ქვეყანაში, რომელიც მათ დატოვეს. თუმცა ეს მოძრაობა დარჩა სუფთა ინტელექტუალურ მოძრაობად.

ორი სიტყვით ესაა დაპირისპირება რუსულ ე.ი. ევრაზიულ ტრადიციასა და ლიბერალურ ფასეულობებს შორის, რომელსაც სურს რუსული ტრადიციების განადგურება.
ვერა ნიკოლსკი

რა თქმა უნდა, ისეთი ევრაზიელების მხრიდან, როგორიც იყო ნაციონალ-ბოლშევიზმის ფუძემდებელი ნიკოლაი უსტრიალოვი, იყო მცდელობა ამ თეორიის პოლიტიზებისა - იგი შეეცადა რუსული ემიგრაცია შეერიგებინა ბოლშევიკებთან. მან, ასე ვთქვათ, ხელი გაუწოდა ბოლშევიკებს, მაგრამ იმ პერიოდში ეს ალიანსი წარმოუდგენელი იყო და ევრაზიულობა მაინც დარჩა სუფთა ინტელექტუალურ მარგინალურ თეორიად. სხვანაირად ემიგრაციის პირობებში არც შეიძლება მომხდარიყო: საფრანგეთში მათ მცირე აუდიტორია ჰყავდათ, თვითონ მოძრაობის წარმომადგენლების ინტელექტუალური რესურსი შეზღუდული იყო, ხოლო ბოლშევიკურ რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ ევრაზიულობა ბოლშევიზმის პარტნიორად მოიაზრებოდა, ეს მოძრაობა არავის აინტერესებდა.

საბჭოთა კავშირში ევრაზიულობამ მეორე სუნთქვა შეიძინა ლევ გუმილიოვის სახით. გუმილიოვის ევრაზიულობა დაფუძნებულია 20-იანი წლების ფრანგული ემიგრაციის ნაწერებზე, მაგრამ გუმილიოვისეული ვერსია გაჟღენთილია მისტიკით, ეზოტერიზმით. უცნაურია, რომ საბჭოთა კავშირში და შემდეგ რუსეთში მის ამ თეორიას სერიოზულად უყურებენ, რადგან დასავლეთში თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ მკვლევარს, რომელიც სერიოზულად აღიქვამს ლევ გუმილიოვის ნაწერებს.

მაგრამ ეს ზემოთ ჩამოთვლილი ავტორები ჩემი კვლევის ინტერესს ნაკლებად წარმოადგენდნენ. მე დავინტერესდი ნეოევრაზიანიზმით და მისი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინით.

ალექსანდრ დუგინი
ალექსანდრ დუგინი

დუგინი, რომელსაც დღეს თავი ევრაზიელად მოჰყავს, მიიღო განათლება 80-იან წლებში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მარგინალურ ანდერგრაუნდის წრეში. ეს იყო უცნაური პერიოდი საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როცა ეზოტერული თეორიები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როცა კაშპიროვსკის და ჩუმაკის ტიპის ადამიანები მილიონიან აუდიტორიებს აგროვებდნენ ტელეეკრანებთან. ეს იყო პერიოდი, როდესაც ოფიციალური იდეოლოგია მოკვდა ერთ დღეში და ნებისმიერ მარგინალურ მოძრაობას მიეცა შანსი არსებობისა. დუგინთან მრავალი შეხვედრის შემდეგ მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაშინ მას და მის თანამოაზრეებს გაუქრათ ყველანაირი ორიენტირი - თუ რა არის სწორი, რის გაკეთება შეიძლება და ა.შ. დუგინი ამ პერიოდში თვითგანათლებით იყო დაკავებული, კითხულობდა ყველაფერს რაც ხელში ხვდებოდა.

რა ზეგავლენა მოახდინა დუგინზე უსტრიალოვის ნაციონალ-ბოლშევიზმმა?

დუგინი თავის თეორიაში ნაკლებად ეფუძნება უსტრიალოვს ან სხვა ე.წ. კლასიკოს ევრაზიელებს. მისი შთაგონების წყაროს წარმოადგენენ უფრო ის მოაზროვნეები, რომლებსაც ის ტრადიციონალისტებად მიიჩნევს და რომლებსაც ჩვენთვის ხშირ შემთხვევაში ფაშისტური ელფერი დაჰკრავს. ესენია ჰელფორდ მაკინდერი, კარლ შმიტი, ჯულიუს ევოლა და კარლ ჰაუსჰოფერი. ამ ავტორებმა შეადგინეს ის საფუძველი, რომელზეც აშენდა დუგინის „ევრაზიული სამყარო“, თუ შეიძლება ასე ითქვას. მან შექმნა სინთეზი, გააკეთა კომპილაცია ამ სხვადასხვა თეორიებიდან და ამ „აჯაფსანდალს“ ნეოევრაზიულობა უწოდა.

რაში მდგომარეობს დუგინის ნეოევრაზიულობა?

ორი სიტყვით ესაა დაპირისპირება რუსულ ე.ი. ევრაზიულ ტრადიციასა და ლიბერალურ ფასეულობებს შორის, რომელსაც სურს რუსული ტრადიციების განადგურება. თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილი აბდაუბდაა, რადგან დუგინი აცხადებს, რომ თვითონაა ამ ტრადიციების შემქმნელი. და გამაგებინეთ, როგორ არის ტრადიცია ტრადიცია, თუ ის ახლა შეიქმნა?

რატომაც არა? ამაზე ხომ ერიკ ჰობსბაუმს მშვენიერი წიგნი აქვს დაწერილი... რამდენი მიმდევარი ჰყავს დუგინს?

2005 წელს მან განაცხადა, რომ მას ძალუძს 25 000 „ოპრიჩნიკის“ მობილიზება და რომ მისი პოლიტიკური პროგრამის მიზანია ახალი რუსული იმპერიის შექმნა. 25 000 მიმდევარი - ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ბლეფია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დუგინი აბსოლუტურად შეგნებულად ავრცელებს მითებს საკუთარ ორგანიზაციაზე. იგი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე სამყაროში წარმოსახვა რეალობაზე უფრო მნიშვნელოვანია. დუგინი თვლის, რომ მეორეხარისხოვანია ის, თუ რა არის მართალი ან ტყუილი და რომ მთავარია, შეიქმნას შთაბეჭდილება. ინფორმაციული ომი დუგინის ორგანიზაციის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილია. დუგინის მიზანია, რომ საკუთარი იდეები ჩანერგოს ყველა სფეროში: პოლიტიკაში, კულტურაში, ხელოვნებაში, მედიაში. ასე რომ, ყველა განცხადება იმის შესახებ, რომ ამდენი ათასი არიან, რომ ასეულობით ორგანიზაცია აქვთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ თვით დუგინი პრეზიდენტის მრჩეველია, მისი გურუა - ეს ყველაფერი მითია.

მე ჩემი კვლევების დროს ერთი წელი გავატარე მის მიმდევრებთან ერთად. მოსკოვში ის ბირთვი, რომელიც რეგულარულად იკრიბება, არ აღემატება 30 ადამიანს. ეს არის ძალზედ მობილიზებული ჯგუფი, რომელიც ახორციელებს პროვოკაციულ აქციებს, რომლებსაც შემდეგ დიდი გამოძახილი აქვს მედაში: ესენია მოსკოვში ჰოლოდომორის გამოფენის დარბევა, უკრაინის გერბის გადახერხვა და ა.შ.

რატომ უწოდებს დუგინი თავის მიმდევრებს „ოპრიჩნიკებს“?

დუგინის აზრით, ოპრიჩნიკების საშუალებით ივანე მრისხანემ შეძლო შეექმნა ახალ ელიტაზე დაფუძნებული ახალი სახელმწიფო სისტემა. ასე რომ, დუგინისათვის ივანე მრისხანე, სტალინთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა რუსეთის ისტორიაში.

ივანე მრისხანის ნაცვლად რატომ არ აირჩია დუგინმა სხვა კონსერვატორი და ამავდროულად უფრო მისაღები ფიგურა რუსეთის ისტორიიდან? მაგალითად, ნიკოლოზ პირველი ან ალექსანდრ მესამე?

პეტრე პირველის შემდგომი რუსეთი მისთვის მიუღებელია - ნიკოლოზ პირველი და ალექსანდრ მესამე ცხოვრობდნენ პეტერბურგში და ამ მეფეების კარზე მხოლოდ ფრანგულად ლაპარაკობდნენ. დუგინისათვის ეს არის ევროპული კულტურის ის ნაწილი, რომელიც მისთვის მიუღებელია. დუგინისათვის რუსეთი ესაა გრძელწვერა, რუსულ ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ბოიარები და ოპრიჩნიკები. დუგინი თვლის, რომ ივანე მრისხანემ რუსულ სახელმწიფოს მისცა თვითმყოფადობის, ტრადიციულობის იმპულსი.

კრემლი მათ აფინანსებს?

საერთოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დუგინის მოძრაობამ პოლიტიკურ ველზე თავი ამოყო 2005 წელს, საქართველოსა და უკრაინის „ხავერდოვანი რევოლუციების“ ფონზე. მაშინ მთავრობის მხრიდან იყო მოთხოვნილება, რომ შეექმნათ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც გასაჭირის შემთხვევაში ქუჩაში გამოიყვანდნენ ბევრ ხალხს. ეს საჭირო იყო, რათა ანტისამთავრობო დემონსტრაციებისთვის დაეპირისპირებინათ არა მარტო „ომონი“, პოლიცია და ა.შ., არამედ ასეთი ახალგაზრდული ორგანიზაციებიც. სავარაუდოდ ამ ყველაფრის უკან იდგა ვლადისლავ სურკოვი, თუმცა მე არ ვარ ამ საქმეში ჩახედული და ზუსტად ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ერთი რამ ცხადია: უკრაინაში და საქართველოში განვითარებულმა „ხავერდოვანმა რევოლუციებმა“ გახადა დუგინის ფენომენის შექმნა შესაძლებელი. ამ პოლიტიკური კონტექსტის გარეშე დუგინი ვერ იარსებებდა.

ვერა ნიკოლსკის წიგნი „ნაციონალ-ბოლშევიზმი და ნეოევრაზიულობა თანამედროვე რუსეთში“.
ვერა ნიკოლსკის წიგნი „ნაციონალ-ბოლშევიზმი და ნეოევრაზიულობა თანამედროვე რუსეთში“.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას: დუგინი აცხადებს, რომ მას სახელმწიფო პირდაპირ არასდროს აძლევდა ფულს და რომ შემოწირულებები ჰქონდა კერძო ფილანთროპებისგან. არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო რამდენად პირდაპირ თუ არაპირდაპირ აფინანსებდა დუგინს. მნიშვნელოვანია, და ამას მე თვითონ ვხედავდი, რომ მათი დაფინანსება ძალიან მწირი გახლდათ. თუ თქვენ შეადარებთ იმ პერიოდში მთავრობის მიერ შექმნილ სხვა ორგანიზაციებს - „ნაში“, „მოლოდაია გვარდია“ - ისინი ბევრად უფრო დიდ ფინანსებს ღებულობდნენ. რატომ? იმიტომ, რომ დუგინის ორგანიზაცია ბევრად უფრო იდეოლოგიზებული არის, ვიდრე „ნაში“ ან „მოლოდაია გვარდია“. თვით დუგინიც თავისი ორგანიზაციის როლს უფრო ხედავს ავანგარდში, ე.წ. მსტოვარში, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, რუსულ ტანკებს გზას უკვლევს. დუგინი სულ იმეორებდა ჩემთან საუბარში: ჩვენ ვაჩვენებთ გზას და რუსული სახელმწიფო ჩვენს გზაზე წამოვა. დუგინს აქვს პრეტენზია, რომ ის აჩვენებს იმ გზას, სახელმწიფოს იმ მოდელს, რომლისკენაც უნდა მიდიოდეს ქვეყნის განვითარება.

რა ურთიერთობა აქვს მას მოსკოვის საპატრიარქოსთან?

ძალიან სპეციფიკური ურთიერთობა. მისი აზრით, ყველა რელიგია მისაღებია, მთავარია, რომ ისინი იყვნენ ტრადიციულები. მისთვის მთავარია, რომ რელიგია ეწინააღმდეგებოდეს რაციონალიზმს, ლიბერალიზმს, ინდივიდუალიზმს. რელიგიაში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კოლექტივის უზენაესობა; ის, რომ კოლექტივი ინდივიდზე ბევრად მაღლა დგას. დუგინი არ ანიჭებს არანაირ უპირატესობას რომელიმე რელიგიას. სხვათა შორის, როდესაც დუგინმა აღმიწერა, თუ როგორ მივიდა იგი ქრისტიანულ რელიგიამდე - ეს იყო ძალზედ რაციონალურ ტერმინებში აღწერილი ტრანსფორმაცია. მან მითხრა შემდეგი: ვინაიდან ის ტრადიციონალისტი იყო, ის იძულებული გახდა აერჩია რელიგია. დუგინი ფიქრობდა ისლამზეც, მაგრამ ბოლოს მისი არჩევანი მართლმადიდებელლ ეკლესიაზე გაჩერდა, ვინაიდან იგი რუსეთისთვის ყველაზე ტრადიციული იყო. მაგრამ თანამედროვე მართლმადიდებლობა მისთვის არასაკმარისად ტრადიციულია. მე ვიყავი, სხვათა შორის, ერთ ეკლესიაში, სადაც ისინი იკრიბებიან და უნდა გითხრათ, რომ იქ ძალიან მარგინალური ხალხი ვიხილე: ქალები ცალკე არიან, კაცები - ცალკე. ყველა კაცს დიდი წვერი აქვს მოშვებული, როგორც დუგინს, და როგორც დუგინი არავინ არ ატარებს ჰალსტუხს, რადგან იგი სახრჩობელად ითვლება...

ვიმეორებ, დუგინი მოსკოვის როგორც რელიგიურ ისე პოლიტიკურ ველზე ძალიან მარგინალურ პიროვნებად ითვლება. ასე რომ, მისი კავშირი ეკლესიასთან, მოსკოვის საპატრიარქოსთან, ძალზე ზედაპირულია.

რა განსხვავებაა პუტინისა და დუგინის ევრაზიულ პროექტებს შორის?

იმ ევრაზიულ პროექტს, რომლის შემქმნელიც პუტინია, ძალზე ცოტა აქვს საერთო დუგინის ევრაზიულობასთან. პრინციპში, მათ მხოლოდ სახელი აერთიანებს. პუტინის ევრაზიული კონცეფცია ძალზე პრაგმატულია, რასაც ვერ ვიტყვი დუგინის კონცეფციაზე. რა თქმა უნდა, პუტინსაც აქვს იდეოლოგიური ბაზა, მაგრამ პუტინის რწმენა ძალიან ცოტა რამეზეა აგებული, მაშინ როცა დუგინი დოგმატიკოსია. დუგინის თეორია აბსოლუტურად ტოტალიტარულია, რადგან, მისი აზრით, ეს თეორია უნდა განსაზღვრავდეს ადამიანის ყოფის ყველა სფეროს: კულტურულს, რელიგიურს, პირადს, პოლიტიკურს და ა.შ.

ანუ დუგინს არანაირი ზეგავლენა არ აქვს რუსეთის პრეზიდენტზე?

პუტინის მოსვლა ქვეყნის სათავეში, პუტინის „ევოლუცია“, დუგინის აზრით, მესიანური პროექტის ნაწილი გახლავთ. დუგინი დიდ იმედებს

იმ ევრაზიულ პროექტს, რომლის შემქმნელიც პუტინია, ძალზე ცოტა აქვს საერთო დუგინის ევრაზიულობასთან.
ვერა ნიკოლსკი

ამყარებდა პუტინზე და ძალიან ცდილობდა, რომ მის ვიწრო წრეში მოხვედრილიყო, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. მე არ მჯერა, რომ საერთოდ როდისმე შეხვედროდა დუგინი პუტინს. ამის საფუძველს მაძლევს თვით დუგინის მონაყოლი. დუგინი რომ პუტინს შეხვედროდა, იგი დეტალურად მომიყვებოდა, სად და როგორ მოხდა ეს, რა ეცვა მას, რა ეცვა რუსეთის პრეზიდენტს და ა.შ. ჩემთან საუბარში დუგინი ყოველთვის შემოიფარგლებოდა ზოგადი ფრაზებით, რომ პუტინი მას უსმენს, მის აზრს ითვალისწინებს, რომ პუტინის სიტყვა 2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე წელს ლამის მისი დაწერილია. თუ გახსოვთ, პუტინის ეს სიტყვა გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიულობით დასავლეთის მიმართ.

არ ვიცი, ახლაც თუ არის ევრაზიელების პორტალზე დუგინის ვიდეორგოლი, სადაც ის ამტკიცებს, რომ პუტინი დუგინია და რაც დრო გადის, პუტინი უფრო და უფრო ემსგავსება დუგინს, ვინაიდან ის უფრო და უფრო ემსგავსება რუს ხალხს. მოკლედ, ასეთი ძალიან სასაცილო რგოლი იდო მათ საიტზე. მე ვერ გეტყვით, ეს დუგინის მხრიდან თვითშთაგონების რიტუალი უფრო იყო თუ საკუთარ თავს უკეთებდა რეკლამას. ერთი რამ ცხადია - დუგინის მოძრაობის საწინდარია, შექმნას ილუზია, რომ იგი კრემლში დიდი ზეგავლენით სარგებლობს.

თქვენ გინდათ თქვათ, რომ დუგინმა სრული ფიასკო განიცადა რუსულ პოლიტიკურ ველზე?

დუგინის ბიოგრაფია ესაა წარუმატებლობის ისტორია, რადგან დუგინს ბევრად უფრო დიდი ამბიცია ჰქონდა, ვიდრე ის, რასაც მან სინამდვილეში მიაღწია. რა თქმა უნდა, დუგინმა გავლენა მოახდინა რუსეთის პოლიტიკურ ველზე. დუგინი ამ ველის რადიკალურ ფრთას წარმოადგენს. მაგრამ მისი რადიკალურობა მის მარგინალურობასაც იწვევს. მაგალითად, დუგინმა მე გამაცნო „ედინაია როსიას“ სამი წევრი როგორც მისი მთავარი ლობისტები პუტინის გარემოცვიდან: ესენი იყვნენ სერგეი მარკოვი, ჟურნალისტი მიხაილ ლეონტიევი და ივან დემიდოვი, „ედინაია როსიას“ ერთ-ერთი იდეოლოგი. ეს სამივე ადამიანი დუგინმა მე წარმომიდგინა როგორც ჭეშმარიტი ევრაზიელები. მე მათ ვესაუბრე და სამივემ დაახლოებით ერთი და იგივე პასუხი გამცა: მათი აზრით, დუგინი არის დიდი ინტელექტუალი, მისი თეორია ძალიან საინტერესოა, ისინი აღფრთოვანებული არიან ფაქტით, რომ დუგინი მათ გვერდზე დგას, მაგრამ... პოლიტიკისთვის ის არ გამოდგება - მას წვერი აქვს ძალიან მოშვებული, ჰალსტუხი არ უკეთია, დუგინელები სულ შავებში არიან ჩაცმული და რომ ამ ყველაფერს ცოტა რადიკალური ელფერი დაჰკრავს... მაშინ, როცა პოლიტიკას სჭირდება პრაგმატული ხალხი... ვიმეორებ, სამივემ ხაზი გაუსვა, რომ ბედნიერია დუგინის თეორიული კვლევებით და მისი ამპლუა ამით უნდა შემოიფარგლებოდეს...

სწორედ ამიტომაც გაუხსნეს მას სოციოლოგიის ფაკულტეტი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სასაცილოა, არა? ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში სოციოლოგია არ უსწავლია, სოციოლოგიის ფაკულტეტს უხსნიან და პროფესორად ნიშნავენ ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში.

რა განათლება აქვს მიღებული დუგინს?

დუგინს საერთოდ არაფერი არ აქვს დამთავრებული: სამი წელი სწავლობდა ავიაციის ინსტიტუტში, საიდანაც მერე გამოაგდეს. შემდეგ

რუსეთ-საქართველოს ომის დროს ის ძალიან აღტკინებული და გახარებული იყო.
ვერა ნიკოლსკი

იგი თვითგანათლებით იყო დაკავებული. შემდეგ 90-იან წლებში მან დაიცვა ჯერ საკანდიდატო, შემდეგ სადოქტორო დისერტაცია როსტოვის რაღაც ინსტიტუტში, რომლის შესახებაც არავის არაფერი გაუგია. ერთი დისერტაცია დაიცვა ეკონომიკის დარგში და მეორე ფილოსოფიის დარგში...

თუმცა უნდა ითქვას, რომ იგი ძალიან ნიჭიერი და ძალიან ქარიზმატული პიროვნებაა. ფლობს რამდენიმე ენას. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჩემთვის მეორე მშობლიური ენაა, მე მასთან ფრანგულად ვსაუბრობდი. მან კარგად იცის ფრანგული. და, რაც მთავარია, მას აქვს უნარი საკუთარი აზრები ძალიან ნათლად გადმოგცეს. მეორე საქმეა, რომ ეს იდეები ძალიან უცნაურია, რადგან მათ დაჰკრავს ეზოტერული და მისტიკური ელფერი.

ასე რომ, რა თქმა უნდა, პუტინის და მისი გარემოცვის მსოფლმხედველობაში მან ალბათ წვლილი შეიტანა, ისევე როგორც ზოგადად რუსეთის მოსახლეობისაში - მისი წიგნები კარგად იყიდება და თვით იგი პოპულარული ავტორია.

სად მთავრდება დუგინის ევრაზიული იმპერია?

დუგინის იდეაა, ააშენოს იმპერია გიბრალტარიდან დაწყებული და ვლადივოსტოკით დამთავრებული. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ის ძალიან აღტკინებული და გახარებული იყო. მახსოვს, იმეილი მომწერა: „ნახეთ ისტორიის ახალი ციკლი, მესამე მსოფლიო ომი იწყება. რუსეთი ფეხზე დადგა და ექსპანსია დაიწყო“. როდესაც პუტინმა უკრაინაში დაიწყო ომი, მას კიდევ უფრო მეტად მიეცა იმედი - მისი აზრით, არა მარტო ყირიმი ან დონბასი უნდა ყოფილიყო რუსეთის, არამედ თვით კიევიც რუსეთის საკუთრება იყო... საერთოდ მთელი უკრაინა რუსების იყო. როცა პუტინმა ყირიმში სამხედრო შენაერთები შეიყვანა, დუგინმა და ევრაზიელებმა ჩათვალეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საბოლოოდ შეასხა ხორცი იმ იდეას, რომლისკენაც ისინი ამდენი ხანი ისწრაფვოდნენ. ამ პერიოდში დუგინის პოლიტიკური რეფრენი გახდა ლოზუნგი - „პუტინო, შეიყვანე ჯარი მთელ უკრაინაში“.

მაგრამ აქ მას აუხსნეს, რომ მისი განცხადებები არაადეკვატური იყო და დუგინს დაატოვებინეს უნივერსიტეტის კათედრაც. და მაშინ დუგინმა დაიწყო განცხადებების გაკეთება, რომ ეს არის ლიბერალური ფრთის ხრიკები, რომელსაც უნდა, პუტინი მოაშოროს ჭეშმარიტ გზას და ა.შ.

თქვენ გინდათ თქვათ, რომ კრემლი დუგინს იყენებს პერიოდულად, ქვეყნის საშინაო და საგარეო სიტუაციის შესაბამისად?

აბსოლუტურად! თუ 2000-იანი წლების დასაწყისში, გამოსვლების და პროტესტების ფონზე, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ასეთი რადიკალური მოძრაობა საჭირო და სასარგებლო იყო, ათი წლის შემდეგ დუგინი უკვე უვარგისი გახდა კრემლისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ უვარგისი გახდა საბოლოოდ. საჭიროების შემთხვევაში პუტინი ისევ გაააქტიურებს დუგინის მოძრაობას.

ჰო, როდესაც ტრამპი აირჩიეს პრეზიდენტად, დუგინს ისევ მიეცა დიდი იმედები: მან განაცხადა, რომ ეს მიანიშნებს ამერიკის ევრაზიისკენ მობრუნებას... იცით რა, ერთის მხრივ ადამიანს გიკვირს, როგორ შეიძლება ასეთი სულელური აზრები მოგდიოდეს თავში, არა? მაგრამ დუგინი სულელი არ არის. როცა თქვენ რაღაც იდეას, რაღაც თეორიას გამოიმუშავებთ, მერე ხშირად თქვენ თვითონ ხდებით ამ თეორიის მონა. ასე რომ, დღეს დუგინს ალბათ სერიოზულად სჯერა იმის, რასაც ამბობს.

რამდენად ექსკლუზიურია დუგინის ნაციონალიზმი?

დუგინს ბევრი რადიკალური აზრი აქვს, თუმცა მისი ნაციონალიზმი არაა ეთნიკური, არაა ექსკლუზიური. მისი ნაციონალიზმი იმპერიულია: ანუ რუსეთი არის სხვადასხვა ერების ერთიანობა და ეს ყველა ერი ერთად - არაჩვეულებრივია. რაც უფრო თვითმყოფადია და არაცივილიზებულია ეს ერები, მით უფრო კარგია მისთვის. კავკასიიდან დაწყებული, ჩუკოტკით დამთავრებული, ყველა ეს ერი მოსკოვის ქვეშ უნდა გაერთიანდეს. ასევე ჩინეთი და შუა აზია უნდა იყოს ამ იმპერიის ნაწილი. რა თქმა უნდა, მის მიმდევრებში თქვენ ნახავთ ბევრ რასისტს. ხოლო თუ თვით დუგინის თეორიაში თუ ნახავთ რაიმეს რასისტულს, მე ვიტყოდი, რომ ეს იქნება სპირიტუალური რასიზმი à la ჯულიუს ევოლასი - ანუ ლამაზის, ძლიერის, ჭკვიანის, პასიონარულობის უპირატესობა სამყაროში. მე ვიტყოდი, რომ ეს ესთეტური ფაშიზმი უფროა ალბათ.

ვინ არის დუგინის შეთქმულების თეორიის მთავარი ლუციფერი? ებრაელობა, ფინანსური ლობი?

თუ არ ჩავთვლით მის ახალგაზრდობის წლებს, როცა მისივე მონაყოლის მიხედვით, იგი გატაცებული იყო ჰიმლერით და SS-ის სიმღერებით, მე არა მგონია, რომ იგი დღეს ანტისემიტი იყოს. არა, პირიქით, იგი თვლის, რომ „ტრადიციული ფასეულობების“ მიმდევარი ისრაელელი, ანუ ორთოდოქსი ებრაელი, ნამდვილი ევრაზიელია, რადგან მისი მსოფლმხედველობა რელიგიაზე და ტრადიციაზეა დამყარებული. საერთოდ, ისრაელის სახელმწიფო მისთვის არის იმის კარგი მაგალითი, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს ადამიანი ტრადიციულ ფასეულობებს. რაც შეეხება მისი შეთქმულების თეორიის მთავარ ლუციფერს - ეს ფინანსებია, დასავლული ფინანსები, უოლ სტრიტი და აშ. დუგინის აზრით, ბანკების და დასავლური ფინანსური სისტემის მიზანია, რუსეთში ლიბერალური ფასეულობები დანერგოს და იგი თავის თავს და საკუთარ ორგანიზაციას მიიჩნევს მთავარ ბარიკადად, რომელიც იცავს რუსულ ტრადიციას.

რა პერსპექტივა აქვს დუგინის მოძრაობას?

ჩემის აზრით, პუტინის არსენალში დუგინი წარმოადგენს რეზერვს მძიმე დღეებისათვის. აი, ბევრი წინასწარმეტყველებდა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა, ნავთობზე ფასის დაწევის ფონზე. მაგრამ ჩვენ დღეს ამას ვერ ვხედავთ. აქედან გამომდინარე, დუგინიც რჩება მარგინალურ პოზიციაში... თუმცა ისიც ელოდება რუსეთის „შავ დღეებს“, პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, რათა კრემლმა მას დახმარება სთხოვოს...

XS
SM
MD
LG